მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტაივანისთვის აშშ-ის სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას - ავტოკრატია თუ დემოკრატია“ - ნენსი პელოსი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ ერთგულებას ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ, – ამის შესახებ აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი  ნენსი პელოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტაივანში ჩავიდა.

როგორც აღინიშნა, პელოსის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.

„ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში - მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.

ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

🔴 „ეს ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“ - დმიტრი პესკოვი

🔴 „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს აფრთხილებს

🔴 პელოსის ტაივანში ვიზიტის წინ, ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა - ჩინური მედია

🔴 „ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს“ - ზახაროვა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე