4 წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას, რომელიც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ალასკაზე გაიმართა, ორივე მხარემ კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა, მაგრამ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. Deutche Welle ამ შეხვედრის ძირითად მომენტებზე მოგვითხრობს.
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ქალაქ ანკორიჯში მოსკოვის დროით 21.20-ზე დაფრინდა. დაახლოებით 40 წუთში იქ ვლადიმერ პუტინის ჩაფრინდა. ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს წითელ ხალიჩაზე შეხვდნენ, რის შემდეგ ტრამპის ავტომობილში ჩასხდნენ და შეხვედრის ადგილისკენ წავიდნენ.
მოსკოვის დროით 22.40-ზე მოლაპარაკების დახურული ნაწილი დაიწყო „სამი სამზე“ ფორმატში, აშშ-ის მხრიდან მასში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ, ხოლო რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.
მოლაპარაკება დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, რის შემდეგ ტრამპი და პუტინი ჟურნალისტებთან გამოვიდნენ და პრესკონფერენცია ჩაატარეს. პირველმა განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. მან აშშ-ს „ახლო მეზობელი“ უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამ კონტექსტში, პუტინის თქმით, ტრამპთან მისი შეხვედრა „რეალურად მომწიფდა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დროს უკრაინაში ომი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო. ის დაეთანხმა ტრამპის პოზიციას, რომ აუცილებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, მაგრამ კვლავ აღნიშნა, რომ უკრაინაში მოვლენები რუსეთს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეებს უკავშირდება და კონფლქტის დარეგულირებისთვის კრიზისის გამომწვევი მიზეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი.
პუტინი დაახლოებით 8 წუთს საუბრობდა, ტრამპის გამოსვლა 4 წუთს გაგრძელდა. მან განაცხადა, რომ დელეგაციებმა ურთიერთგაგება ვერ შეძლეს და შეთანხმება, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე სერიოზული პროგრესი იყო მიღწეული და უკრაინაში სამშვიდობო შეთახმების მიღწევის ალბათობა საკმაოდ კარგია. ტრამპმა პირობა დადო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს მოკავშირეებს დაურეკავს, რათა პუტინთან მოლაპარაკების დეტალები გააცნოს, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პუტინს კიდევ შეხვდება, რუსეთის პრეზიდენტმა მას მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ტრამპმა თქვა: „სავსებით შესაძლებელია“.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ტრამპმა და პუტინმა ალასკა დატოვეს. თავდაპირველად სამუშაო სადილი იყო დაგეგმილი, რომელშიც აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების წევრებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა,
სამიტის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ს ნახევარსაათიანი ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, პრესკონფერენციის შემდეგ ის რუსეთის ლიდერს მარტო ძალზე გულწრფელად ესაუბრა. ტრამპი ამბობს, რომ ახლა შეთანხმების გაფორმება ვოლოდიმირ ზელენსკიზე არის დამოკიდებული. მან ურჩია ზელენსკის, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწიოს. ასევე ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე 2-3 კვირის განმავლობაში ფიქრი არ ღირს.