მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი ევროკომისარი ჩინეთს მოუწოდებენ, არ შეცვალოს სტატუს-კვო და ტაივანის სრუტეში არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბოლოდროინდელი, გამოცხადებული მუქარის შემცველი ქმედებებით. კერძოდ, სწავლებით, რეალური ცეცხლის გამოყენებით და ეკონომიკური იძულებით, რაც რისკია არასაჭირო ესკალაციისთვის. გამართლება არ აქვს ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედებებისთვის საბაბად ვიზიტის გამოყენებას. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ნორმალური და რუტინულია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ესკალაციური პასუხი საფრთხეა დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ძალისმიერი გზით, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო რეგიონში და სრუტის ორივე მხარეს არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ჩვენს საერთო და მტკიცე ვალდებულებას, ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიბეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

🔴 ჩინეთის პასუხი იქნება ძალიან მტკიცე და ძლიერი - ჩინეთის ელჩი აშშ-ში

🔴 ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს - ჯონ კირბი

🔴 ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა - ჩინეთის საგარეო უწყება