მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი დაგმო და მას „უკიდურესად სახიფათო“ უწოდა. 

ბოლო 25 წლის განმავლობაში, აღნიშნული ვიზიტი კუნძულზე ამერიკელი პოლიტიკოსის ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტია.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი სეპარატისტული პროვინციაა, რომელიც საბოლოოდ კვლავ პეკინის კონტროლის ქვეშ მოექცევა, თუმცა, ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა არაერთხელ თქვა, რომ ტაივანი ჩინეთს შეუერთდება და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენება არ გამორიცხა.

სად არის ტაივანი?

ტაივანი არის კუნძული, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კილომეტრით არის დაშორებული.

თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ იგი უფრო თავისუფლად იმოქმედებს წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ძალაუფლების მოპოვებისთვის და შესაძლოა, გუამსა და ჰავაიში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაემუქროს, მაგრამ ჩინეთი ამტკიცებს, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია.

იყო თუ არა ტაივანი ჩინეთისგან ყოველთვის განცალკევებული?

ტაივანი პირველად ჩინეთის სრული კონტროლის ქვეშ მე-17 საუკუნეში მოექცა, როდესაც ქინგის დინასტიამ დაიწყო მისი ადმინისტრირება. მოგვიანებით, 1895 წელს, პირველი ჩინურ-იაპონური ომის წაგების შემდეგ, მათ კუნძული იაპონიას დაუთმეს.

ჩინეთმა კუნძული კვლავ აიღო 1945 წელს, მას შემდეგ, რაც იაპონიამ მეორე მსოფლიო ომი წააგო, მაგრამ მალევე ჩინეთში ნაციონალისტურ სამთავრობო ძალებსა და კომუნისტებს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, რის შედეგადაც კომუნისტებმა გაიმარჯვეს და 1949 წელს ქვეყანაზე კონტროლი აიღეს.

👉 ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

ნაციონალისტური პარტიის წევრები ტაივანში გაიქცნენ, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი კუნძულს მართავდნენ.

ჩინეთი ისტორიულ ფაქტებს იშველიებს და ამბობს, რომ ტაივანი თავდაპირველად ჩინეთის პროვინცია იყო. თავის მხრივ, ტაივანელები ამტკიცებენ, რომ ისინი არც თანამედროვე ჩინეთის ნაწილი, რომელიც პირველად 1911 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი, რომელიც მაო ძედუნის დროს შეიქმნა, არ იყვნენ. 

ამჟამად ტაივანს სუვერენულ ქვეყნად მხოლოდ 13 ქვეყანა (პლუს ვატიკანი) აღიარებს.

ჩინეთი სხვა ქვეყნებზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ ტაივანი არ აღიარონ. 

შეუძლია თუ არა ტაივანს ჩინეთისგან თავის დაცვა?

ნებისმიერ სამხედრო დაპირისპირებაში ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ტაივანთან დიდი უპირატესობა ექნება. 

აშშ-ის შემდეგ, ჩინეთი თავდაცვაზე მსოფლიოში ყველაზე მეტს ხარჯავს და თითქმის ყველა სამხედრო სფეროში უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. 

ღია კონფლიქტის დროს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ტაივანს საუკეთესო შემთხვევაში შეუძლია შეანელოს ჩინეთის თავდასხმა, შეეცადოს ხელი შეუშალოს ჩინური დესანტის კუნძულზე გადასვლას და საგარეო დახმარების მოლოდინში პარტიზანული ბრძოლები წამოიწყოს, ეს დახმარება კი შეიძლება მოვიდეს აშშ-დან, რომელიც იარაღს ტაივანში ყიდის.

დიპლომატიური თვალსაზრისით, აშშ ამჟამად მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, რომელიც აღიარებს ჩინეთის მხოლოდ ერთ მთავრობას - პეკინში. გარდა ამისა, აშშ-ს აქვს ოფიციალური კავშირები ჩინეთთან და არა ტაივანთან, მაგრამ მაისში, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონის პოზიცია შეცვალა.

კითხვაზე, დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს სამხედრო გზით, ბაიდენმა უპასუხა: დიახ.

თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონს პოზიცია არ შეუცვლია.

უარესდება თუ არა ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობები?

2021 წელს ჩინეთმა ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნით ზეწოლა გააძლიერა. ეს არის ტაივანის მიერ თვითგამოცხადებული საიდენტიფიკაციო ზონა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოური თვითმფრინავების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კონტროლი ხორციელდება. 

ტაივანმა 2020 წელს თვითმფრინავების ამ ზონაში შეჭრის მონაცემები საჯარო გახადა.

თვითმფრინავების რაოდენობამ პიკს მიაღწია 2021 წლის ოქტომბერში, როდესაც ერთ დღეში აღნიშნულ ზონაში 56 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა.

რატომ არის ტაივანი მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის?

ტაივანის ეკონომიკა მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ყოველდღიური ელექტრონული აღჭურვილობის დიდ ნაწილში - ტელეფონებში, ლეპტოპებში, საათებში, სათამაშო კონსოლებში, ტაივანში დამზადებული კომპიუტერული ჩიპები არის ინტეგრირებული. 

მხოლოდ ერთ ტაივანურ კომპანიას, TSMC-ს, მსოფლიო ბაზრის ნახევარზე მეტზე აქვს კონტროლი.

👉 „ის ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე ჩაიფერფლება მასში, ის ვინც ჩინეთს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად დაისჯება“ - ჩინეთის მორიგი მუქარა ამერიკას

ჩიპების ბიზნესი არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომლის ღირებულება თითქმის 100 მილიარდი დოლარია. ჩინეთის მიერ ტაივანზე კონტროლის აღებას შეუძლია, რომ პეკინს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე გავლენის მოხდენის საშუალება მისცეს. 

ღელავს თუ არა ტაივანში მცხოვრები ხალხი? 

მიუხედავად ბოლოდროინდელი დაძაბულობისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ტაივანელი ადამიანი არ ფიქრობს, რომ მალე შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყება.

2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტაივანის მოსახლეობის 64.3% ფიქრობს, რომ ომი არ იქნება. 

გარდა ამისა, კიდევ ერთი ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტაივანში ადამიანების უმეტესობა თავს ტაივანელად მიიჩნევს და არა ჩინელად. 

 მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

ცნობისთვის, ტაივანის გამო აშშ-ჩინეთს შორის ვითარება დაიძაბა.

სიტუაციის გართულება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებაზე უარს არ ვიტყვით“ - ჩინეთი

🔴 „ის ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე ჩაიფერფლება მასში, ის ვინც ჩინეთს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად დაისჯება“ - ჩინეთის მორიგი მუქარა ამერიკას

🔴 „ჩინეთს რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი ბერკეტები აქვს“ - ზელენსკი

🔴 „აშშ-მა პელოსის ტაივანში ვიზიტით უკრაინიდან ყურადღების გადატანა სცადა“ - ზახაროვა

🔴 ჩინეთის პასუხი იქნება ძალიან მტკიცე და ძლიერი - ჩინეთის ელჩი აშშ-ში