მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენტონი ბლინკენი: ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები და მათი მხრიდან გასროლილი რაკეტები მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

„ჩინეთმა გადაჭარბებული რეაგირება მოახდინა ნენსი პელოსის ვიზიტზე, ის ცდილობს პელოსის ვიზიტი გამოიყენოს როგორც საბაბი იმისთვის, რომ ტაივანსა და მის გარშემო გაზარდოს პროვოკაციული სამხედრო აქტივობა“, - განაცხადა ბლინკენმა კამბოჯას დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ამასთან, ბლინკენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ მტკიცედ არის სოლიდარული ტაივანის და იაპონიის მიმართ. 

ცნობისთვის, ტაივანის გამო აშშ-ჩინეთს შორის ვითარება დაიძაბა.

სიტუაციის გართულება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა. 2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. 

ამავე თემაზე: 

✔️ ტაივანი ფრენებს აჩერებს, რადგან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს - Abcnews

✔️ ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე რაკეტა ისროლეს

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?