მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

ტანკი „ლეოპარდ-2“

გერმანია უკრაინას „ლეოპარდ-2“-ის ტანკებს გადასცემს. რა შეუძლიათ ამ ტანკებს რუსეთ-უკრაინის ომში და რას მისცემს ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს? ამის შესახებ BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მოუწოდა გერმანიას, რომ მან უკრაინას „ლეოპარდ-2“ მიაწოდოს. ამის შესახებ სალივანმა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის კანცლერის მრჩეველმა იენს პლეტნერმა ტელეფონით ისაუბრეს.

ის, რომ ასეთი შესაძლებლობა მართლაც განიხილება, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა დაადასტურა.

„ეს დამიდასტურეს ვაშინგტონში ვიზიტის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში ყველა შეხვედრაზე. ჩვენი პარტნიორები ელიან გერმანიის მიერ ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ უკრაინა, რომელსაც ტანკები სჭირდება“, - წერს გერმანელი დეპუტატი ტვიტერზე.

თანამედროვე დასავლური ტანკები უკრაინის არმიას ძალზე დიდ დახმარებას გაუწევდა. მათ გარეშე, როგორც ექსპერტები ამბობენ, რთულია აქტიური საბრძოლო ოპერაციების ჩატარება, მათ შორის შეტევითი ხასიათის მოქმედებების.

ტანკები დღესაც რჩება საბრძოლო ჯგუფების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ძალზე საჭირო შეიარაღების ტიპს წარმოადგენენ.

გარდა იმისა, რომ შეერთებულ შტატებში საუბარი დაიწყო უკრაინაში არასაბჭოთა ტანკების გადაცემის შესაძლებლობაზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საუბარია კონკრეტულად „ლეოპარდ 2“-ზე - ეს ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ტანკია იმ ტანკებთან შედარებით, რისი გადაცემაც უკრაინისთვის აქამდე განიხილებოდა.

ვაშინგტონის მოწოდება კიევისთვის გერმანული „ლეოპარდ 2“-ის ტანკების გადაცემის შესახებ საკმაოდ მოულოდნელია. საუბარია შეტევით იარაღზე. ამასთანავე „ლეოპარდების“ მიწოდების კონკრეტულ თარიღზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის.

გადადგი პირველი ნაბიჯი

ჯერ კიდევ აპრილში, გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მა თავის მთავრობას მიმართა წინადადებით, რომ 88 ერთეული ​„ლეოპარდ-1A5“ ტანკი უკრაინისთვის გადაეცა, ასევე, საუბარი იყო 100-მდე ერთეული Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის გადაცემაზეც.

მაშინ საუბარი იყო პირველი თაობის „ლეოპარდებზე“ - თუმცა მათ ბოლო მოდიფიკაციაზე - „ლეოპარდ-1A5“-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტანკებს 1980-იან წლებში მოდერნიზაცია ჩაუტარდა, ეს მაინც არის საბრძოლო მანქანები, რომლებიც 1960-იან წლებში შეიქმნა.

Rheinmetall-ის წარმომადგენლების სურვილის მიუხედავად, რომ საცავებიდან ამ მანქანების ამოღება და უკრაინაში გაგზავნა მოხდეს, გერმანიის მთავრობა ამის წინააღმდეგი იყო. უკრაინის დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, გერმანიამ მაშინ „ლეოპარდების“ მიწოდებაზე უარი განაცხადა. უკრაინის ყოფილმა ელჩმა ანდრეი მელნიკმა, რომელიც აკრიტიკებს ბერლინის ამ პოზიციას, ტვიტერზე გამოაქვეყნა ნახატი, სადაც გამოსახულია ლოკოკინა, რომელსაც ერთი ვაზნა გადააქვს („უკრაინისთვის გერმანული იარაღი უკვე გზაშია“).

თუმცა ძნელია გერმანიის დადანაშაულება უკრაინისთვის არასაკმარის სამხედრო დახმარებაში.

სამთავრობო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია უკრაინისთვის ათობით ერთეული სხვადასხვა ჯავშანმანქანის, 14 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის (შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო თავის კლასში), ასევე Gepard-ის ტიპის 30 თვითმავალი საზენიტო დანადგარის გადაცემაზე, რომლის მეშვეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით ებრძვიან „შაჰედის“ ტიპის ირანულ დრონებს. უკრაინას, ასევე, გადაეცა IRIS T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემები და ათასობით სხვა ნივთი, მათ შორის საბრძოლო მასალები, სატვირთო მანქანები, კარვები, სამედიცინო კომპლექტები.

გერმანიამ წამოიწყო Circular Exchange (Ringtausch) პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ტანკებს აწვდიან, უფრო თანამედროვე გერმანული ტანკების მიღებას ელიან. ამ პროგრამის ფარგლებში ჩეხეთმა და სლოვენიამ უკრაინას ძველი საბჭოთა „T-72“ გაუგზავნეს. სლოვაკეთმა და საბერძნეთმა იმავე სქემის მიხედვით უკრაინაში ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები გააგზავნეს.

Breaking Defense-ის ცნობით, მთლიანობაში, Ringtausch-ის პროგრამის ფარგლებში, გერმანიამ უკრაინის დონორ ქვეყნებს 109 საბრძოლო მანქანა გადასცა უკრაინისთვის 138 ტანკისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანის მიწოდების სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას აკრიტიკებენ - გერმანიის მხრიდან არასაკმარისი კომპენსაციისთვის, მაგალითად, 40  T-72 ტანკის სანაცვლოდ ჩეხეთმა „ლეოპარდ 2A4“-ის 14 ერთეული და ერთი Büffel-ის ტიპის სარემონტო მანქანა მიიღო. სამაგიეროდ, უკრაინამ მიიღო ჯავშანტექნიკა, რომელიც მას სასწრაფოდ სჭირდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ტანკების მიწოდებას, გერმანია, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, ამჯობინებს თავი შეიკავოს. რატომ? ოქტომბრის ბოლოს, The Atlantic-ის ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მიდიოდა მსჯელობა გერმანიის არგუმენტებზე.

როგორც წესი, მიზეზები, რომლებიც უკრაინისთვის მძიმე შეტევითი იარაღის მიწოდებას აფერხებს, ტექნიკური პრობლემები და რუსეთთან ურთიერთობის გართულების საფრთხე არის. ასე მაგალითად, Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცების სარემონტო პუნქტები პოლონეთშია განლაგებული. შესაბამისად, ეს სისტემები რემონტისა და აღდგენისთვის ყოველ ჯერზე პოლონეთში უნდა გადაიყვანო.

ტანკებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე საბრძოლველად მიდის, რემონტი კიდევ უფრო ხშირად დასჭირდებათ, ხოლო საველე პირობებში ტექნიკურ მომსახურებას სათადარიგო ნაწილები მაინც დასჭირდება. ასეთ სიტუაციაში ლოჯისტიკა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული  და ძალზე რთულია.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, The Atlantic-ის სტატიის ავტორის, ენ ეპლბაუმის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფაქტი მათზე აისახოს - ბოლოს და ბოლოს, უკრაინას უკვე მიეწოდება ჯავშანტექნიკა, ხოლო ტანკებზე უკრაინული სიმბოლიკა, და არა გერმანული ჯვრები იქნება გამოსახული.

თუმცა, მისი თქმით, ამგვარი მიწოდების წინააღმდეგ გადამწყვეტი არგუმენტი მაინც პოლიტიკურია.

გერმანელი პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკრაინას დასავლური წარმოების ტანკებს ჯერჯერობით არავინ აწვდის – არც ფრანგები, არც იტალიელები და არც ამერიკელები. გერმანელები კი რომელიმე ამ ქვეყნის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმას ელიან.

რისთვის არის საჭირო ტანკები

19 სექტემბერს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ტანკების საკითხი უკრაინელებთან მოლაპარაკებაზე განიხილებოდა, მაგრამ მას შემდეგ შეიარაღებულ ძალებს მძიმე დასავლური ჯავშანტექნიკა არ მიუღიათ.

შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ის მიწოდების ამჟამინდელი პოზიცია ადრე გამოთქმულ განცხადებებს შეესაბამება, მაგრამ ახლა ვაშინგტონი მაინც უფრო აქტიურად მოქმედებს  და უფრო აქტიურად მოუწოდებს  ბერლინს, რომ მან კიევისთვის  მძიმე იარაღის მიწოდება დაიწყოს.

ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე თითქმის ყოველი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საუბარი იყო იამზე, რომ ტანკები წარსულს ჩაბარდა.

ახალი და უაღრესად ეფექტური ქვეითი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წარმოების შემდეგ, როგორიცაა ამერიკული FGM-148 Javelin ყუმბარმტყორცნი ან ბრიტანული NLAW, ასევე საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის დრონების აქტიური გამოყენების შემდეგ და ზუსტი მართვადი ჭურვების გამოყენების შედეგად, როგორც ჩანს, ძვირი და ტექნიკურად რთული ტანკი უფრო მობილური სამიზნე გახდა ვიდრე ეფექტიანი იარაღი.

ყუმბარმტყორცნის ნებისმიერ ჭურვთან და ყველაზე რთულ მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებთან შედარებით, ტანკის ღირებულება შეუდარებლად მაღალია და მისი განადგურება ხშირად მხოლოდ ერთი გასროლით არის შესაძლებელი.

უკრაინის ომი, რომელშიც ორივე მხარე სოციალურ მედიაში ტანკების განადგურების ვიდეოებს აქვეყნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების კარგი რეკლამა გახდა, რაც კიდევ უფრო აზიანებს ტანკების რეპუტაციას.

თუმცა, მწარმოებლებმა არ დაკარგეს ინტერესი ტანკების მიმართ და უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯერ გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მა, შემდეგ კი ამერიკულმა General Dynamics-მა ახალი მოდელები წარმოადგინა.

General Dynamics-მა წარმოადგინა ახალი თაობის Abrams-ის ტანკი - ავტომატური კოშკითა და ხელოვნური ინტელექტით.

ფაქტია, რომ ბრძოლის ველზე ტანკს ალტერნატივა ჯერ კიდევ არ აქვს. ის არის ქვეითი შეტევითი ჯგუფის ცენტრი ოპერაციების ნებისმიერ ადგილას: მინდორში, ქალაქში, მთებში.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უფრო იაფი საბრძოლო მანქანა ვიწრო ამოცანების გადასაჭრელად - ქვეითების მხარდაჭერა შეტევაში,  სიმაგრის შტურმი, ხაზის დაცვა. თუმცა, ტანკი არის ერთადერთი უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გადაჭრას ყველა ეს და მრავალი სხვა ამოცანა.

რუსეთის არმია, რომელიც ომის დროს ჯავშანტექნიკის დიდ დანაკარგს განიცდის, ფულს ხარჯავს 1960-იან წლებში გამოშვებული და 1980-იან წლებში მოდერნიზებული T-62M ტანკების აღსადგენად. იმისდა მიუხედავად, რომ მათი მახასიათებლები T-72-ისა და T-80-ის საბრძოლო  მონაცემებზე დაბალია, რუსი სამხედროები არ არიან მზად, რომ უარი თქვან  ბრძოლის ველზე ტანკების გამოყენებაზე.

დიდი ხარჯები

მხოლოდ „ლეოპარდ 2“-ის ტანკების გამოჩენა ბრძოლის ველზე უკრაინის არმიას ერთ დღეში ვერ გააძლიერებს.

როგორც BBC-სთან საუბარში უკრაინელმა ექსპერტმა ჯავშანტექნიკის დარგში ანდრეი ტარასენკომ განაცხადა, ახალი ტექნიკის გამოყენებისას მთავარი ამოცანა ბრძოლის სწორი ორგანიზებაა.

„ტანკი არის საერთო სისტემის ნაწილი, რომლის ცალკეული კომპონენტის გაუმჯობესება არ იწვევს  მთლიანობაში სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. საჰაერო თავდაცვა, არტილერია, დაზვერვა, ტანკები. და თუ გავაუმჯობესებთ მხოლოდ ერთ კომპონენტს, მაშინ ყველა დანარჩენის პროპორციული გაძლიერება არ მოხდება“, - განაცხადა მან.

ტანკებს ნამდვილად სჭირდებათ ქვეითთა მხარდაჭერა, დაზვერვა, მათ შორის თვითმფრინავების დახმარებით. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტანკისტების, ასევე, მათთან ერთად მოქმედებაში მყოფი ქვეითების სათანადო მომზადება.

თუ „ლეოპარდების“ გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყდა, მაშინ სამხედროებმა ხანგრძლივი მომზადების კურსი უნდა გაიარონ  - მინიმუმ ექვსი თვე, მიიჩნევს ექსპერტი. ეს ტრენინგი უნდა ჩატარდეს საზღვარგარეთ - სატანკო სასწავლო ცენტრები იყენებენ ტრენაჟორებს, რომლებზეც როგორც თავად საბრძოლო მანქანის მართვას უნარებს, ასევე ტაქტიკასაც ასწავლიან.

უნდა გაიარონ წვრთნა არა მხოლოდ მათ, ვინც ტანკებში იბრძვის, არამედ უნდა გაიწვრთნას მექანიკოსები და სხვა პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტანკების გამართვაზე, შეკეთებაზე და ბრძოლის ველამდე მიყვანაზე. უკრაინა დიდ თანხებს ხარჯავს საკუთარი ჯარის მომზადებაში, ის სამხედროებს საზღვარგარეთ სასწავლო ცენტრებში აგზავნის.

რა არის „ლეოპარდ 2“

„ლეოპარდ-2“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ტანკების წარმოების ისტორიაში. მისი ძირითადი იარაღი, Rheinmetall Rh-120 გლუვლულიანი ქვემეხი, ასევე, გამოიყენება ამერიკულ M1 Abrams-ში, იაპონურ Type 90-ში და სამხრეთ კორეულ K1A1 ტანკებში.

ტანკის წარმოება 1979 წლიდან დაიწყო და მას რამდენჯერმე მოდერნიზაცია ჩაუტარდა. უახლესი ვერსიაა „ლეოპარდ  2A7“ - ბუნდესვერმა ის 2014 წელს მიიღო.

„ლეოპარდ-2“ არის კლასიკური ტიპის ტანკი, რომელსაც აქვს საბრძოლო განყოფილება ცენტრში, ძრავ-ტრანსმისიის განყოფილება უკანა ნაწილში და მართვის განყოფილება წინა ნაწილში. საბჭოთა ტანკებისგან განსხვავებით (T-64, T-72 და T-80, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან), გერმანულ ტანკში ქვემეხის ხელით გადატენვაა საჭირო და ამისთვის ეკიპაჟის ერთი წევრი არსებობს.

ტანკის ჭურვები ინახება კოშკურის სპეციალურ ნიშაში, რომელიც საბრძოლო განყოფილებისგან გამოყოფილია ფოლადის კარებით. საბრძოლო მასალის აფეთქების შემთხვევაში, აფეთქების ტალღა გარეთ წავა და ეკიპაჟი არ დაშავდება.

„ლეოპრად 2“-ის უახლესი მოდიფიკაციები აღჭურვილია ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემით, რომელიც ეხმარება მსროლელს რამდენიმე სამიზნის არჩევაში. ტანკები აღჭურვილია მანძილის გაზომვის ლაზერული და სტერეოსკოპიული ხელსაწყოთი, ასევე, ღამის ხედვის მოწყობილობებით.

ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, ესპანურმა გაზეთმა El Pais-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს უკრაინისთვის „ლეოპარდ  2A4“ ტანკების პარტიის გადაცემის  შესაძლებლობას. საერთო ჯამში, 1995 წელს ესპანეთმა გერმანიიდან 108 „ლეოპარდი 2A4“ მიიღო, რის შემდეგაც თავადაც დაიწყო უფრო თანამედროვე „ლეოპარდ 2A6E“-ების ლიცენზირებული წარმოება.

ეს ჯერჯერობით ერთადერთი წინადადებაა, რომელშიც შედარებით ზუსტად იყო მითითებული ტანკის კონკრეტული მოდელი, რომელიც შეიძლება უკრაინას გადაეცეს. თუ მართლა ვსაუბრობთ „ლეოპარდ 2A4“-ზე, მაშინ ეს საკმაოდ ლოგიკურად ჩანს, ვინაიდან ეს მოდელი ყველაზე გავრცელებულია „ლეოპარდ 2“-ის ოჯახში. მისი წარმოება 1985 წლიდან ხდება.

ამ მოდელში უკვე გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, გაძლიერდა ჯავშნის დაცვა. ვინაიდან  2A4 სხვადასხვა ქვეყნებს მიეწოდება, არსებობს საკმაოდ ბევრი ადგილობრივი მოდერნიზაციის პროგრამა. ეს მართლაც თანამედროვე ტანკია, თუმცა, როგორც უკრაინელი ექსპერტი ანდრეი ტარასენკო მიიჩნევს, ნებისმიერ შემთხვევაში, ტანკების მიწოდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ეფექტი, თუ უკრაინას „არა 10-20 ერთეულს, არამედ რამდენიმე ასეულ ერთეულს გადასცემენ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვინ დახოცა სომეხი ტყვეები და როგორ იმოქმედებს ეს ბაქო-ერევნის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - „ბიბისის“ გამოძიება

👉 [გამოკითხვა] 2022 წლის საუკეთესო პოლიტიკური თოქ-შოუა...

👉 იბრაჰიმოვიჩი: ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა

👉 „მიხეილ სააკაშვილს 2021 წლის სექტემბერში ოპერაციები არ ჩაუტარებია“ - ლიზა იასკო

👉 თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია, მიდის იმ „გირჩში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „მეგონა, ბიძინას ტროლ-ბოტები გამოირჩეოდნენ წერა-კითხვის უცოდინარობით, მგონი ნიკა მელიას ბოტებმა გადაუსწრეს“ - თაკო ჩარკვიანი