მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო: რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება

ნატო

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს, დიპლომატიის გზა აირჩიოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო გაძლიერება და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნატო, ასევე, განათავსებს დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის ძალზე ფართომასშტაბიანი, გაუმართლებელი სამხედრო ფორმირებით უკრაინასა და ბელორუსიაში და მის გარშემო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რაც შეიძლება მკაცრად, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო გაძლიერება და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ჩვენ ვრჩებით რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შერწყმული დიალოგისადმი ღიაობასთან. 

რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე, დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას. 

ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების საფუძველში არსებული ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, მათ შორის, რომ თითოეულ ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება და მაღალი ფასი ექნება. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან“, - ვკითხულობთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

📎 აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას და რა სურს პუტინს?

📎 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის სავარაუდო დროს ასახელებს

📎 „ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“ - ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს (ვიდეო)

📎 „უკრაინაზე რუსეთის შეტევა ჯერ კიდევ შესაძლებელია“ - ჯო ბაიდენი

📎 ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს