მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ მიანიჭეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? - ევრონიუსი

ხალხი ქუჩაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშით

რატომ არ მიანიჭეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი. ამის შესახებ პუბლიკაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ოფიციალურად მიიღო „ევროპული პერსპექტივა, მაგრამ კანდიდატის სტატუსამდე მას ცოტა დააკლდა. უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირმა ოფიციალურად მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ევროპული საბჭო მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაშია აღნიშნული.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველო, რომლის მოსახლეობა 4 მილიონს აღწევს, დიდი ხანია ევროპულ პროცესებშია ჩართული და იდენტიფიცირებულია, როგორც ევროპული ქვეყანა. ამასთანავე, საქართველო გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, საზღვარი აქვს რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან, რაც მისი კონტინენტური კუთვნილების მიმართ გარკვეულ კითხვებს აჩენს. 

ტელეკომპანია იუწყება, რომ საქართველომ, საპარლამენტო რესპუბლიკამ საბჭოთა წარსულის დაძლევის საკითხში დიდ წარმატებას მიაღწია და მასში მუდმივად ტარდება არჩევნები.

მაგრამ საარჩევნო სისტემა ბოლომდე გამართული არ არის, არის ბრალდებები ხმების გაყალბების, დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ნეპოტიზმის და პოლიციის მხრიდან ზეწოლის მხრივ.

ორგანიზაცია Freedom House-ის ინფორმაციით, ოლიგარქებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მედიაგარემოზე ზედმეტ გავლენაში ადანაშაულებენ, ხოლო სამოქალაქო თავისუფლება თანმიმდევრულად დაცული არ არის.

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოხდა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ფალსიფიცირებული იყო და მათ დამარცხების აღიარებაზე უარი განაცხადეს, რასაც პოლარიზაცია და აქტივისტების დაკავება მოჰყვა.

ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე დააკომპლექტა. 

შემდეგ გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩაერთო, რათა შემდგარიყო შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის და პროცესების საკანონმდებლო სივრცეში დაბრუნებულიყო. შეთანხმების მიხედვით, დაგეგმილი იყო საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირება.

სწორედ ეს გაჭიანურებული არასტაბილურობა გახდა ევროკომისიის დასკვნის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.

კომისიამ მთელი რიგი მოთხოვნები გამოაქვეყნა, რომელთა შესრულება მოუწევს საქართველოს. მათ შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და დეოლიგარქიზაციის აუცილებლობა. საქართველოსთვის შეთავაზებული რეფორმების სია ბევრად დიდია, ვიდრე ის, რაც ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას წარუდგინეს.

ევროკომისიის ამ დასკვნის შემდეგ რამდენიმე დღეში საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში 60 000 მომიტინგე გამოვიდა, რომლებმაც ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი მოითხოვეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დემონსტრაცია გადაწყვეტილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„საქართველო ერთი ნაბიჯით ჩამორჩება“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

გარკვეული წარუმატებლობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება დიდი ისტორიული ნაბიჯია“.

„ახლა, მომდევნო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვიმუშავებთ რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ევროპულ ლიდერებს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია წინ წავიდეს რეფორმების განხორციელების მხრივ და რომ ის საბოლოოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს უწყებებთან ამ საკითხებზე“, - განაცხადა მიშელმა.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ისაუბრეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს „ქუჩაში გამოსული ხალხის ნება“.

იგეგმება, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროკომისია ევროპულ საბჭოს ინფორმაციის მიწვდის იმ ღონისძიებების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ამის შემდეგ ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საკითხს ხელახლა დაუბრუნდება. 

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?