მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ იბრძვიან სოლედარისთვის? - მარილის მაღაროები და საინტერესო ფაქტები ქალაქის შესახებ - BBC

სოლედარის მაღაროები

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლა 2022 წლის მაისიდან მიმდინარეობს. როდესაც ივლისში რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი აიღეს, სოლედარის დაბომბვა უფრო ინტენსიური გახდა. ბოლო თვეებში კი აქ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. 

👉 უკრაინის ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლა - რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის სოლედარის აღებას?

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულ ძალებს სოლედარზე და დასახლება ზაიცევოზე კონტროლი იმისთვის სჭირდება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან მაგისტრალზე კონტროლი დაკარგონ, რომლითაც დონეცკის ოლქში უკრაინული ჯარი მარაგდება.

ასევე, დასავლელი ანალიტიკოსების თქმით, სოლედარის აღება რუსულ სამხედრო ხელმძღვანელობას იმისთვის სჭირდება, რომ რაიმე სახის გამარჯვება მაინც აჩვენოს რამდენიმეთვიანი დაუსრულებელი მარცხის და დასახლებული პუნქტების, მათ შორის, საოლქო ცენტრის, ხერსონის, დაკარგვის შემდეგ.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა. კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქი მისმა სამხედროებმა აიღეს. როგორც სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა, პრიგოჟინს, სავარაუდოდ, სურს კონტროლის დამყარება მარილის მაღაროებზე, რომლებიც სოლედარში მდებარეობს. სოლედარში ქვის მარილის პრაქტიკულად ამოუწურავი მარაგია.

BBC-მ სოლედარის შესახებ საინტერესო ფაქტები მოიძია - უნიკალურ ადგილზე, სადაც მარილს დიდი ხნის წინაც მოიპოვებდნენ, ხოლო ახლა ეს ქალაქი პრაქტიკულად მთლიანად არის განადგურებული.

სოლედარი - ისტორია და მარილი

სოლედარის მთელი ისტორია მარილის მოპოვებას უკავშირდება. პირველად ამ ადგილას მარილის მოპოვება მე-17 საუკუნის ბოლოს იყო ნახსენები. მარილის მაღაროების ირგვლივ გაჩნდა სოფელი ბრიანცევკა. XIX საუკუნის მიწურულს აქ მარილის 9 ფენა აღმოაჩინეს და ამ დროს დაიწყო პირველი მარილის მაღაროს მშენებლობა. ფენის სისქე, სადაც მაღარო გათხარეს, 40 მეტრს შეადგენდა.

მოგვიანებით აქ მარილის ხუთი მაღარო აშენდა  და მარილის მოპოვება უკვე სამრეწველო მასშტაბით დაიწყო. აქ ასობით ადამიანი მუშაობდა, აშენდა რკინიგზის სადგური „მარილი“ და მუშათა დასახლებები.

1926 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, სოფელ ბრაიანცევკას სახელი გადაარქვეს და კარლო-ლიბკნეხტოვსკი დაარქვეს - გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის, კარლ ლიბკნეხტის პატივსაცემად. ქალაქი ამ სახელს 1991 წლამდე ატარებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მარილის ყველა მაღარო განადგურდა, მაგრამ დროის განმავლობაში ის აღადგინეს და მაღაროები ბოლო დრომდე მუშაობდა.

სწორედ სოლედარშია განთავსებული მსოფლიოში მარილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, „არტიომსოლის“ კომბინატის ადმინისტრაცია.

2022 წლის მაისის ბოლოს, რუსების მხრიდან მუდმივი დაბომბვის გამო, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

ამოუწურავი მარაგი

„არტიომსოლის“ ინფორმაციით, რეგიონში მარილის საბადოები პრაქტიკულად ამოუწურავია: 300-ზე მეტი წლის განმავლობაში საბადოების ექსპლუატაციის შედეგად მარილის მარაგი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა.

ომამდე „არტიომსოლი“ უკრაინაში მარილის მოხმარების 96%-ს უზრუნველყოფდა. საწარმოს 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ეკავა. მის პროდუქციას 50 ათასზე მეტი კომპანია ყიდულობდა უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის რუსეთში. გარდა ამისა, მარილი მიეწოდებოდა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს.

სოლედარი - მრავალკილომეტრიანი გვირაბები

მარილის მოპოვების წლებში სოლედართან თითქმის 200 კმ გვირაბი გათხარეს. ზოგ ადგილას თაღების სიმაღლე ათეულ მეტრს აღწევს.

2014 წლიდან ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“  ლიდერები აცხადებდნენ, რომ უკრაინის არმიამ სოლედარის მაღაროებში იარაღის საწყობები მოაწყო.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ასევე, ისაუბრა კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და აღნიშნა, რომ  სოლედარის ქვეშ გვირაბებში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც კი მოძრაობენ.

ეს განცხადებები სრულ აბსურდს ჰგავს, რადგანაც უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მაღაროებში შესასვლელები ვიწროა,  ასობით მეტრის სიღრმეზე მძიმე ტექნიკის ჩაყვანა შეუძლებელია.

როგორც დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, ადრე მარილის მოსაპოვებლად აუცილებელი აღჭურვილობაც კი მაღაროებში ნაწილ-ნაწილ ჩაჰქონდათ, შემდეგ კი ხელახლა აწყობდნენ.

სოლედარი - ექსკურსიები და კონცერტები

მარილის მოპოვების შედეგად მაღაროებში გაჩენილი სივრცე ნაწილობრივ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაკეთდა.

ომამდე ტურისტები ჩადიოდნენ 300 მეტრის სიღრმეზე და შედიოდნენ დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრის სიგრძის დარბაზებში, სადაც იატაკი მარილით იყო მოფენილი.

უჩვეულო ხედი და აკუსტიკა, ისევე, როგორც მიწისქვეშა სამლოცველო, ტურისტებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა. აქ ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლებოდა, ასევე კაფეში ყავის დალევა, მარილის სკულპტურების და ადამიანის ზომის მარილის კრისტალის დათვალიერება.

აქ სიმფონიური ორკესტრები უკრავდნენ და იმართებოდა ხელოვნების გამოფენები.

აქ პირველად მოხდა მიწისქვეშ აეროსტატით ფრენა და ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

2004 წელს აქ გაიმართა კლასიკური მუსიკის ფესტივალი „მარილის სიმფონია“ უკრაინის სახალხო არტისტის, ვენის ოპერის სოლისტის ვიქტორია ლუკიანეცისა და დონბასის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. ორკესტრს ავსტრიელი დირიჟორი კურტ შმიდტი ხელმძღვანელობდა.

მიწისქვეშა დარბაზში 250 მაყურებელი იმყოფებოდა, თითოეულმა მათგანმა ბილეთში 580-იდან 2000 ევრომდე გადაიხადა.

მკურნალობა 300 მეტრის სიღრმეზე

1990-იანი წლების დასაწყისში სოლედარში 300 მეტრის სიღრმეზე გაიხსნა სანატორიუმ „დონბასის“ სამედიცინო კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით „მარილის სიმფონია“ უწოდეს.

აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტს, პნევმონიას, ალერგიას, კანისა და ნევროლოგიურ დაავადებებს.

სოლედარი - ცხელი ტბა

ტბა სოლედარის შემოგარენში დღემდე მეცნიერულ საიდუმლოდ მიიჩნევა. იქ ანომალიურად თბილი წყალია და რაც უფრო დიდია სიღრმე, მით უფრო თბილია წყალი - ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

ტბის დიამეტრი სულ რაღაც 100 მეტრს შეადგენს, ის ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთში - მტკნარი წყალია, მეორეში - მარილიანი და ის იმდენად მარილიანია, რომ ადამიანი ჩაყვინთვას ვერ ახერხებს.

გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ტბის სიღრმეში  ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ შესასწავლია და ამიტომ ტბაში ბანაობა არ არის რეკომენდებული. ტბა, სავარაუდოდ კარიერის ადგილზე გაჩნდა, სადაც მარილის მოპოვება მე-20 საუკუნის ნახევრამდე მიმდინარეობდა. 

სოლედარი - ბირთვული სამარხის იდეა

2000 წელს უკრაინელ მეცნიერს გაუჩნდა იდეა, მარილის მაღაროებში, სადაც მოპოვება უკვე შეჩერებული იყო, ბირთვული ნარჩენების საცავი გაკეთებულიყო.  ის ვარაუდობდა, რომ ქვის მარილის მიერ შექმნილი ინერტული გარემო საცავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ამ ინიციატივას დიდი რეზონანსი მოჰყვა სოლედარსა და ბახმუტში, იქ გაიმართა საჯარო განხილვები, ქალაქის მცხოვრებლები შეიკრიბნენ აქციებზე და კოლექტიური წერილები მისწერეს ხელისუფლებას. შედეგად, რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ იდეის განხორციელება არ იგეგმება.

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად სოლედარის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. თუმცა, მისი თქმით, რჩება „ის სანგრები, მაღაროები, რომლებშიც მტერი შეღწევას ცდილობს“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დღეებში სოლედარზე განაცხადა:

„ყველაფერი განადგურებულია, სიცოცხლე იქ თითქმის აღარ დარჩა. და ათასობით მათი ადამიანი დაიღუპა: სოლედარის გარშემო მიწა დამპყრობლების ცხედრებითაა მოფენილი და ეტყობა ბევრი ნაიარევი. აი, ასე გამოიყურება სრული სიგიჟე“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 როგორ შეიცვალა ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობები უკრაინაში მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ

📣  საბჭოთა მიზნები საბჭოთა რესურსების გარეშე - რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო რეფორმა უკრაინაში ომის დროს?

📣 იქნება თუ არა ახალი გლობალური კრიზისი 2023 წელს? - BBC

📣 კორონავირუსის ფარული ზამთრის ტალღა - BBC