აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების პოტენციური განლაგება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის „პრობლემას“ არ წარმოადგენს, - ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და როგორ უნდა მოგვარდეს ამ შემთხვევაში ალიანსის ევროპული ქვეყნების განზრახვა, განათავსონ ჯარები უკრაინაში პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„რუსეთმა თქვა, რომ არ სურდა ე.წ. მოწინააღმდეგეები, მათ არ სურდათ ისინი თავიანთ საზღვარზე და მართლები იყვნენ“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ „ყველამ იცოდა“, რომ რუსეთი არასდროს დათანხმდებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, თუმცა, სამაგიეროდ, შესაძლებლად მიიჩნევს ალიანსის სახელმწიფოების ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებას.
„ისინი (უკრაინა) ნატოს წევრები არ გახდებიან, მაგრამ ჩვენ გვყავს ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამ ტვირთის ძირითად ნაწილს აიღებენ და ზოგიერთ მათგანს, საფრანგეთსა და გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, სურს, რომ ადგილზე ჯარები ჰყავდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს“, - დასძინა ტრამპმა.