მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელჩის მჯერა, არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად ხდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო“ - სანდრო რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საუბრობს. მისი თქმით, მათ შორის შეხვედრა რომ შემდგარიყო, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ის, რომ ელჩი ივანიშვილის ომში ჩართვას სთხოვდა, ამის რაქვიაშვილს არ სჯერა.

„მე რაღაცნაირად ელჩის მჯერა, რადგან არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად კეთდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო. ასეთ პროცესს ბევრი სხვა თანმხლები პროცესი უნდა ჰქონდეს, მათ შორის საჯარო განცხადებები და დისკუსიები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს მოამზადებდა. ივანიშვილს რაც არ უნდა გაეკეთებინა, ასე მარტივად საქართველო ომში არ ჩაერთვებოდა. ამას მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან არაფერი არ იყო გაკეთებული. არ მჯერა, რომ მართლა ელჩი მივიდა ივანიშვილთან და სთხოვდა ომის დაწყებას.

მეორე მხრივ, ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს, ფაქტობრივად ამ ქვეყანას მართავს და მას, რომ ელჩი ხვდება და უამრავი საკითხია განსახილველი ამას მარტივად დავიჯერებ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რაღაც ეკონომიკური, ქველმოქმედების საკითხები და რაღაც ურთიერთობების, რომელიც შეიძლება, მათ აქვთ. არანორმალური იმაში, რომ ელჩი შეხვდა ივანიშვილს, ჩემთვის არ არის. საინტერესოა, ივანიშვილს რატომ დასჭირდა ამაზე საუბარი და იმ სამ დეპუტატს რატომ დასჭირდა ამ თემის წამოწევა. ძალიან არადამაჯერებლად გამოვიდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ნამდვილად შედგა.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსთან“ ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს „ომში ჩართვაზე“ ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, პოლიტიკოსები აფერხებენ. როგორც დეგნანმა აღნიშნა, მან რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრის დროს გაიგო, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან პოლარიზების გამო.

მისივე თქმით, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. პოლარიზების შემცირება ერთ-ერთია იმ 12 პუნქტს შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან რეკომენდაციების სახით მიიღო იმისთვის, რომ მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „შეხვედრის თემა რა იქნებოდა - არაფერი, რა ომის დაწყება, ხალხნო“ - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

👉 „არ მგონია, საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, მსოფლიოში მთავარი გამოწვევა არის ომი“ - ირაკლი ზარქუა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე

👉 „ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართავს

👉 „ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში მომავლისთვის გაუგებარია“ - ედუარდ სააკაშვილი

👉 „საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე, პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს“ - თეა წულუკიანი