„ვხედავთ, რომ კანდიდატები, რომლებიც „ლელო“-გახარიამ წარმოგვიდგინეს, რიგითი პარტიული წევრები და აქტივისტები არიან, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იკითხება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ მიერ დასახელებული კანდიდატებს გამარჯვების პოტენციალი არ აქვთ.
„ვხედავთ, რომ კანდიდატები, რომლებიც ლელო-გახარიამ წარმოგვიდგინეს, რიგითი პარტიული წევრები და აქტივისტები არიან. რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნების შემდგომ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური თუ მენეჯმენტის კუთხით პოტენციალი არ იკითხება, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დასაწყისში მათი მხრიდან მუდმივად საუბარი იყო, რომ მათ მიერ შერჩეული მერობის კანდიდატი და სხვა წამყვანი პირები, რომლებიც დედაქალაქის მესვეურები უნდა გამხდარიყვნენ, მათი გაგებით, იქნებოდნენ უპარტიო, საზოგადოებრივი, სამოქალაქო სახეები.
ჩვენ დავინახეთ, რომ აქაც მათი ეს დაპირება ფუჭი აღმოჩნდა. გვაქვს ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონირების მიერ დაკომპლექტებული თვიანთი ლიდერშიფი. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან შედეგს, სიახლეს ან პოტენციალს ამ ჯგუფის გამარჯვების ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, ირაკლი კუპრაძისა და კახა კალაძის კანდიდატურების შედარება არარელევანტურია.
„კალაძეზე როდესაც საუბარია, უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი და ძლიერი ბექგრაუნდი და გზა აქვს გამოვლილი. ის მთელი ქვეყნისთვის ფართოდ ცნობილია ჯერ კიდევ მისი სპორტულ ასპარეზზე მოღვაწეობიდან გამომდინარე.
შემდგომში ის გახლდათ აქტიური მოქალაქე და 2011 წლიდან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, რომელმაც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და გუნდთან ერთად უზრუნველყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამის შემდეგ კახა კალაძე უკვე ორი ვადით მერი გახლავთ და მისი მერობის პირობებში დედაქალაქმა რეალურად იცვალა სახე უკეთესობისკენ.
ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტული საქმეებით ხელდამშვენებულ ადამიანთან და პოლიტიკოსთან, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული, ერთგვარად დამოუკიდებელი სახეც გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამ ორი კანდიდატის შედარება აბსოლუტურად არარელევანტურია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.