მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“

ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ქმედებები, წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევაა. 

მისი თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და საქართველოს ინტერესებში შედის.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ახლა ვიმყოფებით თბილისის საარჩევნო შტაბში და თავად ატყობთ, თუ როგორი მუშაობა მიდის. მუშაობა მიდის 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი გაცხადებული მიზანი რაც არის, აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ ეს არჩევნები - აუცილებლად ასე მოხდება ამ მუშაობის პირობებში.

„ქართული ოცნება“ ყველანაირად ხელს უწყობს, წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად იყოს მშვიდი, რა თქმა უნდა, ოპონენტებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. თუმცა ჩვენ ვატყობთ, ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ ე.წ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინ ვნახეთ როგორ მოვიდნენ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო სამუშაოები მიმდინარეობდა, ასევე, ხდებოდა მოქალაქეების მიღება, ჩვეულებრივი წინა საარჩევნო სამუშაო და როგორ გვიშლიდნენ ხელს. ყვიროდნენ, ნივთებს ესროდნენ შენობას, ეს არის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევა.

მისასალმებელია შსს-ის ის განცხადება, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაც არის დაწყებული, ვინაიდან არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს პირველ რიგში, შედის „ქართული ოცნების“ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში იქიდან გამომდინარე, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნების დღემდე, ვინაიდან ლუსტრირება მოხდება მათი რეიტინგის და კიდევ ერთხელ ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“ მათ. მე-10 საიუბილეო გამარჯვებას ვიზეიმებთ უზარმაზარი სხვაობით“, - აცხადებს მაჭავარიანი. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

ამასთან, დეპუტატმა მხარდამჭერებს მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

„რთული არ არის იმის პროგნოზირება თუ რას გეგმავენ  გუშინდელი მაგალითიდან გამომდინარე. არა მხოლოდ მე, ჩემი თანაგუნდელებიც სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს. თუმცა ძალიან რთულია ისეთი შეურაცხყოფის ატანა, როგორიც გუშინ ვიხილეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ და ვეცდებით, პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული არის - იმ რადიკალურ ჯგუფზე, იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებზე საქართველოში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოიქცევიან ისინი.

შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, ყველას მოვუწოდეთ, არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენი რადიკალი ოპოზიციონერების. ქართველები ვართ, ღირსება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, რაღაცა საზღვარი და ზღვარი არსებობს. მინდა ყველას ვთხოვო, თავშეკავებულები ვიყოთ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.