მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და კიდევ 2 ქართველ მოსამართლეს აშშ-ში შესვლა აუკრძალეს - სახელმწიფო დეპარტამენტი

მოსამართლე ლევან მურუსიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის  სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა

მისი თქმით, აშშ-ში შესვლას აუკრძალეს და სანქციები დაუწესეს:

✔️ მიხეილ ჩინჩალაძეს

✔️ ლევან მურუსიძეს

✔️ ირაკლი შენგელიას

✔️ ვალერიან ცერცვაძეს

„ამ პირებმა ბოროტად გამოიყენეს სასამართლოს თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობა“, - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქართველების გვერდით დგომას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად.

„დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328 (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.