პოლიტიკა

სიბრიყვეა იმის განცხადება, რომ 2012 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, ახლა 2022 წელია და სხვა მოცემულობა გვაქვს - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი
1659699952
დაკოპირებულია

ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი „ფორმულას“ ეთერში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ საუბრობს და სიბრიყვეს უწოდებს განცხადებას, რომლის თანახმადაც „2012 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ  უვიზო დააწესა“.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ახლა 2022 წელია და ქვეყანა სხვა მოცემულობაშია. 

ამასთან, ოპოზიციონერი ქსენოფობიასთან დაკავშირებით ბრიყვულს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. 

„პირველი - ეს განცხადება არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დიდი გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანა და რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საკუთარ დოქტრინაში უწერია, რომ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, მისთვის არის დაკანონებული და ამ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობს ქსენოფობიური დამოკიდებულება ეთნიკური რუსების მიმართ, სწორედ მსგავსი განცხადებები ქმნის საფრთხეს. 

შეიძლება პროვოკაცია მოხდეს და რუსეთმა შემდეგ ირაკლი კობახიძის სიტყვები დაიმოწმოს, რომელმაც განაცხადა რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური დამოკიდებულება ეთნიკური რუსების წინააღმდეგ და რუსებმა იმოქმედოს შესაბამისად. 

ამის მოსაწვევი გააგზავნა კობახიძემ მეორეჯერ, მარტის შემდეგ. პირველი - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, მეორე - ეს არის ბრიყვული განცხადება. სავიზო რეჟიმი უნდა გქონდეს თუ არა რომელიმე ქვეყანასთან დაწესებული ან მოხსნილი, ამ გადაწყვეტილებას იღებს ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. 

მაგალითად, 200-ზე მეტი სახელმწიფო არსებობს მსოფლიოში, აქედან 50-თან გვაქვს გახსნილი უვიზო შემოსვლის შესაძლებლობა, მსოფლიოს სამი მეოთხედის მიმართ დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია ჩვენი დამოკიდებულება? ხომ აბსურდია? ეს არის ბრიყვული და უმეცარი განცხადება საუკეთესო შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში ეს არის მოწვევის გაგზავნა რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ  რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. კობახიძის შეფასებით, ტყუილია, რომ ეს საფრთხეა.

აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობის შემოსვლა ოპოზიციის მიერ მოგონილი ტყუილია.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უკრაინაში ომის დაწყებიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკაც გააცნო და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის  მონაცემებს ჩამორჩება.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევებითაც დასტურდება, რომ საქართველოში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან და დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის მიზანია საქართველო ომში ჩაერთოს.

ამავე თემაზე:

✔️  მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია

✔️  თქვენი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიტინგი იყო რუსთაველზე, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ჰქონია

✔️ თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არც კულტურაზე - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტს