მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს

პოლიტიკოსი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლ ქალებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს. აღნიშნულის შესახებ იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი. 

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანამდევ მოვლენებს, რაც ამ გახმაურებას მოყვა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედია გაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.

ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - წულუკიანი სააკაშვილზე

✔️ ბათუმის პირველი სკოლიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე გადაიყვანეს

✔️ რამდენიმე ჯგუფი არსებობს, რომლებსაც პუტინის რუსეთის კონცეფციიდან ჩამოშორება და სხვა ტიპის რუსეთში გადასვლა სურთ - პოდოლიაკი

✔️ რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა

✔️ არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალზე