მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს, არავის არ უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი პრორუსული ძალების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და მისი დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. 

კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს. არავის არ უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება.

„რატომ დგას პარლამენტის წინ ევროკავშირის/ევროსაბჭოს დროშა?
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო დროშის გვერდით, როგორც წესი სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებზე ევროკავშირის დროშაც ფრიალებს.

ეს კი იმის ნიშანია, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის დროშას უთანაბრებენ სახელმწიფო დროშას და, შესაბამისად, პატივით ეპყრობიან მას.

დროშა შენი ქვეყნის ან ქვეყნების გაერთიანების ერთიანობის, დამოუკიდებლობის, ღირსების და ღირებულებებისადმი ერთგულების გამომხატველი ატრიბუტია. დროშა აერთიანებს წარსულის, აწმყოს და მომავლის თაობებს. ასე იყო ისტორიულად, მოყოლებული ხეთების თუ შუმერების დროიდან.

ასეა ეს ამბები აღწერილი ძველ ბერძნულ თუ სანსკრიტულ ტექსტებში, ასე იყო დავითის და თამარის, თუ გნებავთ პირველი რესპუბლიკის დროს და ასეა ყველგან და ყოველთვის. თუ მეომარს ხელში დროშა ეპყრა, მას ის უნდა დაეცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ასე იყო და არის ეს იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ღირსებას ფასი გააჩნია. ის ხალხი, რომელიც საკუთარ დროშას ვერ იცავს, ვერც სამშობლოს დაიცავს და ვერც საკუთარ ოჯახს.

რატომ ავღმართეთ პარლამენტის წინ ევროპის დროშა? იმიტომ, რომ ჩვენ თავს არა მარტო ქართველებად ვთვლით, არამედ ევროპელებადაც. და ჩვენ სახელმწიფოს ვხედავთ გაერთიანებულ ევროპაში. მაგრამ მზად ვართ კი რომ დავიცვათ ეს არჩევანი?

დროშის აღმართვა დიდი პასუხისმგებლობაც არის. თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს. არავის უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება. ეს ჭეშმარიტებაა, რომლის გააზრების გარეშეც ხალხი ვერ ქმნის სახელმწიფოს. თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შეძლებ დაიცვა შენი დროშა და ესე იგი, შენი სახელმწიფოს იდეა, საერთოდ არ უნდა აღმართო იგი და არც სახელმწიფოს შექმნის ამბიცია უნდა გქონდეს.

თუმცა სულიერი და მორალური დაკნინების ეპოქაში ეს ყველაფერი ფორმალობა და თამაში გვგონია და, შეიძლება, ბევრს სასაცილოდაც მოეჩვენოს. მე კი მგონია, რომ ეს დამაფიქრებელია“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი. 

ცნობისთვის, 14 მარტს  პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და ფეხით გათელვის შემდეგ, მას ცეცხლი წაუკიდეს.

„ალტინფოს“ წევრები  საპროტესტო აქციას სააკაძის მოედანზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მართავდნენ, ხოლო შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. 

საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და მისი დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გაზრდილია ალბათობა იმისა, რომ ფინეთი ნატოში ჩვენზე ადრე გაწევრიანდეს“ - შვედეთის პრემიერი