მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: მტკიცება, რომ მესამე ტალღა დაწყებულია, არ შეიძლება

იაშვილის კლინიკის დირექტორი
1617617623
COVID-19

„ალბათობა იმისა, რომ მივიღებთ ინფექციის მატების მაღალ მაჩვენებელს და გვექნება მესამე ტალღა, არის რეალობა და თუ ჩვენ ამას თვალს არ გავუსწორებთ, გვექნება იგივე ვითარება, რაც გვქონდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში“,- ასე აღწერს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას.

როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, მართებული არ არის, თუმცა, ქვეყანა რეალურად დგას ამ საფრთხის წინაშე - გაზრდილია აქტიური შემთხვევების მაჩვენებელი, თუმცა, არ შეინიშნება მკვეთრი მატება.

„არა, ასე მტკიცება, რომ მესამე ტალღა დაწყებულია არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ, 1-ელ მარტთან შედარებით, მაჩვენებელი გაზრდილია აქტიური შემთხვევების, მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ მკვეთრი მატება არ გვაქვს. მესამე ტალღის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გვქონდეს მკვეთრი მატება არა 500 არამედ 1000, 1500 ისეთივე მაჩვენებელი, როგორიც გვქონდა ნოემბრის მეორე ნახევარში.

დღევანდელი მდგომარეობა ქვეყანაში ვერანაირად ვერ შეფასდება, როგორც მესამე ტალღა, მაგრამ თუ ეს ტემპი შენარჩუნდა და არ იქნა მკაცრად დაცული წესები, მაშინ მივიღებთ უფრო მეტ მატებას“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მან განმარტა, რომ, ბოლოს 6 თვის განმავლობაში, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1 მარტს დაფიქსირდა. დღეს არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით კი, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება მოსალოდნელია. მისივე თქმით, გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მხოლოდ იმუნიზაციის დღიური მაჩვენებლის გაზრდაში.

„ბოლოს 6 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქტიური შემთხვევების გვქონდა 1 მარტს - 1854 ინფიცირებული - ეს არის საუკეთესო შედეგი, რაც გვქონია. დღევანდელი მონაცემებით, ეს არის 5000-ზე მეტი შემთხვევა, ამ რეალობიდან და ამ ტემპიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ მივიღებთ ინფექციის მატების მაღალ მაჩვენებელს და გვექნება მესამე ტალღა, არის რეალობა.

იმისათვის, რომ ვაქცინაციის გეგმა შესრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა დღეში 5000-6000-მდე ადამიანის ვაქცინაცია. იმუნიცაზიის ტემპი არის დაბალი, თუ ეს მაჩვენებელი არ გაიზრდება და არ მივუახლოვდებით 5000 ვაქცინირებულს მაინც დღეში, მაშინ ჩვენ ისევ გვექნება გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, გადატვირთული სტაციონარები, კრიტიკული მედიცინის განყოფილებები და 2022 წელი პანდემიის ქვეშ - ეს არის სამწუხარო რეალობა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, აუცილებელია მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინაციის ეფექტურობაში. მათ შორის კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც მოიაზრებიან, რადგან, ჩხაიძის განმარტებით, მათ შორისაც ბევრი ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი ვაქცინაციის პროცესის მიმართ.

„იმისათვის რომ გეგმა შესრულდეს, საჭიროა მოსახლეობის და მათ შორის, სამედიცინო საზოგადოების დარწმუნება და დაჯერება იმაში, რომ პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. არანაირი ალტერნატივა ჩვენ არა გვაქვს, არა გვაქვს მედიკამენტი, ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია. მსურველების რაოდენობა არის ძალიან ცოტა, დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან ასევე არც სამედიცინო დარგის წარმომადგენლები“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 758 ადამიანი აიცრა

📌„სინოფარმით“ აცრას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია“ - ლი იენი

📌იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება - ტიკარაძის განცხადება