მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1636136951
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად აუცილებლად სხვა ტიპის ვირუსები იქნება.

ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, რაც სერიოზულ რისკს წარმოადგენს ეპიდვითარების კუთხით.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება მძიმე. ტენდენცია შემცირებისკენ ჯერჯერობით არ ჩანს და არც უახლოესი დღეების განმავლობაში ჩანს რაიმე დამაიმედებელი. ის რაც ხელის შემწყობია ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, ახალი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ან არსებულის შენარჩუნება, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ათწლეულების სტატისტიკის მიხედვით, ახლა ჩვენ იმ პერიოდში ვართ, როდესაც ქვეყანაში ამინდის ცვლილებების გამო, სხვადასხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მოიმატებს. სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად აუცილებლად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია.

გრიპი არ გახლავთ მსუბუქი დაავადება. როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, გრიპით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს სტაციონარიზაცია სჭირდება. შესაბამისად, თუ დღეს საწოლების რაოდენობა მიმართულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, გრიპის დაწყების შემდეგ საწოლების მცირე რაოდენობა დასჭირდება გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს. ესეც სერიოზული რისკია. ჩვენ ვამბობთ, რომ დეკემბერ-იანვარი იქნება კრიტიკული, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ის იქნება ყველაზე მძიმე ორი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს. ძალიან დიდი და სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი ნებისმიერი დადებითი პროგნოზის გაკეთებისთვის გახლავთ ვაქცინირებული ადამიანის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა. ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით. ორი მძიმე ვირუსის საწინააღმდეგოდ ერთადერთი გამოსავალია გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ გრიპის ვაქცინა შედეგს მოგვცემს ვაქცინიდან 2 კვირის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევაში ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. ყველაზე ხანმოკლე ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის კორონავირუსის იმ ვაქცინას აქვს, რომელიც „სინოვაკის“ სახელით არის ცნობილი, საბოლოოდ 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას იდეალურ შემთხვევაში. თუ დღეს ვინმე გაიკეთებს კორონავირუსის ვაქცინას, მინიმუმ 4 კვირა სჭირდება მას, სანამ ექნება საკმარისი დამცველობითი ძალა ვირუსის წინააღმდეგ. მომდევნო 4-5 კვირა იქნება ყველაზე მძიმე მაშინაც კი თუ ჩვენ გადავწყვეტთ ვაქცინის გაკეთებას.

გრიპის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. კორონავირუსი გრიპთან შედარებით უფრო მძიმეა. კორონავირუსი უფრო მეტად სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაჩვენებელიც მაღალია. განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპის ვირუსი აუცილებლად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას გართულების ადა სხვა მძიმე მიმდინარეობის რისკის გათვალსწინებით. ქვეყანას შეიძლება დასჭირდეს საველე ჰოსპიტლების გახსნა“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე, მწვანე პასპორტები შემოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება იმისათვის, რომ ვაქცინაციის კაბინეტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს.

ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში ვაქცინაციის სტიმულირებისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული, ე.წ. მწვანე პასპორტებია. ეს არის ციფრული პასპორტი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც ქვეყანაშია. ეს იქნება სტიმული, განსაკუთრებით, 16-დან 29 წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, სწორედ ახალგაზრდები არიან ყველაზე ნაკლებად აქტიურები. ამ მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება იმისათვის, რომ ვაქცინაციის კაბინეტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს. ეს აპრობირებული მეთოდია, ბევრმა ქვეყანამ ე.წ. მწვანე პასპორტების მექანიზმის ჩართვის შემდეგ შესანიშნავი შედეგი მიიღო“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

👉 როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი