მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ 1 მლნ დოზა სიზმარი აღარ არის“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
1619617127
COVID-19

„გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები უწყვეტად მიიღებენ 350 000 „სინოფარმის“ ვაქცინას, 1 მლნ დოზას „ფაიზერს“ და ასევე „ასტრაზენეკას“ 100 ათასამდე დოზას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში.

„შეიძლება საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ვთვლი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი ყველა თანამშრომლით ინტენსიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პირველი დღიდან მოლაპარაკებების წარმოებაში.

ამ კომპონენტში ჩვენი პირველი პარტნიორი იყო „კოვაქს პლატფორმა“, განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით და ეს იყო მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეცვა და გვეწარმოებინა ბილატერალური მოლაპარაკებები, რაც ნეგატიურად აისახებოდა ქვეყნის იმიჯზე.

„კოვაქსთან“ მიღწეული მოლაპარაკების შედეგად და ასევე იმ ვაქცინაციის კალენდრით, რომლის წარდგენაც მოხდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის და „კოვაქს“ პლატფორმისთვის, უფლება მოგვეცა გამოგვეყენებინა არამხოლოდ „ასტრაზენეკა“, არამედ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი „ფაიზერის“ ვაქცინა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ დამატებითი დოზების მისაღებად მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება.

„მხოლოდ სამი ქვეყანა მონაწილეობს ამ ვაქცინით ვაქცინაციაში, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ რთულია იმ ცივი ჯაჭვის და იმ პირობების დაცვა, რომელიც ამ ვაქცინას ესაჭიროება და მწარმოებლის მხრიდან არის დათქმული.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართა ყველა კომპონენტში, საშუალება მოგვეცა დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა მწარმოებელთან. დღეს ვართ იმ შედეგების მოლოდინში და გაჟღერებული მილიონი დოზა „ფაიზერი“ აღარ არის სიზმარი.

მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება. გარდა „ასტრაზენეკასი“ და „ფაიზერის“ ვაქცინისა, ჩვენ ჩინურ მხარესთან ვაწარმოეთ არაერთი მოლაპარაკება, რომლის შედეგი ასევე სახეზეა.

დღეს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა საქართველოში უკვე რეგისტრირდება და მისი გამოყენება მოქალაქეებს აქტიურად სურთ. ასევე არის „სინოვაკზე“ ხელმისაწვდომობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მჭიდრო პარტნიორები, აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს.

თითოეული ვაქცინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება მას შემდეგ, რაც მათთან ნაწარმოები სწორი კომუნიკაციების შემდეგ, უსაფრთხოებაზე გარკვეული გარანტიები გვაქვს მიღებული. გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები უწყვეტად მიიღებენ 350 ათას „სინოფარმის“ ვაქცინას, 1 მლნ დოზას „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე „ასტრაზენეკას“ 100 ათასამდე დოზას“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ამავე თემაზე:

🔴 ეკატერინე ტიკარაძე: „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი მზად არის, რომ ჩვენთან მოლაპარაკებაში ჩაერთოს

🔴 პაატა იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქციის რისკი, ყველაზე ნაკლებად „სინოფარმს“ აქვს