მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს.

„მილიონ-ნახევარი ვაქცინა ადგილზეა, მილიონ-ნახევარი გზაშია და შემოვა სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების, მეგობრების, ახლობლების, მშობლების და შვილების.

მეორეს მხრივ, ეკონომიკის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მინდა, რომ წინასწარ პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს.

ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად მოქალაქეებს, ქვეყანას და ზოგადად, ძალიან გართულდება სიტუაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.

საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.