მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტიტანების ბრძოლაში არ მოვყვეთ, თორემ აუცილებლად გავისრისებით - მამუკა არეშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

კონფლიქტოლოგის კომენტარი აფხაზეთისა და  ოსეთის კონფლიქტზე

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მე-16 დღეს და არამხოლოდ... რუსული არმიის შესახებ უძლეველობის მითი უკრაინულმა არმიამ არაერთხელ დაამსხვრია.

უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრიდან მე-16 დღეს, დიდი მცდელობის მიუხედავად ოკუპანტმა ძალამ მაინც ვერ შეძლო კიევისთვის ალყის შემორტყმა, ყავლგასული საბჭოური სამხედრო ტექნიკა და არასაკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი... ეს ის მცირე საკითხია, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ უკრაინულ არმიას გამკლავებოდა. 

სავარაუდოდ, როგორც კონფლიქტოლოგები ამბობენ, პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილებას ამას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი საუბარია კონფლიქტში მოხალისეების ჩართვაზე. 

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე, უკრაინის ნეიტრალიტეტზე, ბირთვული თუ ქიმიური იარაღის გამოყენებასა და ამ კუთხით საქართველოზე შესაძლო გავლენის მოხდენის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

ბატონო მამუკა, ვლადიმერ პუტინის მორიგ გადაწყვეტილებაზე საუბრით დავიწყოთ. უკრაინაში როგორც თავად აღნიშნავს „სამხედრო ოპერაციაში“ ჩასართავად 16 ათას მოხალისეს გზავნის, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები არა მოხალისეები, არამედ წვევამდელები არიან და ამას კრემლი საგულდაგულოდ მალავს... 

- რასაკვირველია, ძალიან ბევრი მოხალისე მონაწილეობს კონფლიქტში, უკრაინის მხრიდან დაახლოებით 52 ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული, ზოგი მოხალისეა, ზოგი ინსტრუქტორი. ვის რა ტიპის ანაზღაურება აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ამას უკრაინელები არ მალავენ, პირიქით მოუწოდებენ სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებს, რომ ჩამოვიდნენ და იომონ დემოკრატიის დასაცავად. არსებული ინფორმაციით, მათი რიცხვი 20 ათასამდეა.

რუსეთმა ახლა გადაწყვიტა ამას დაუპირისპიროს შესაბამისი ფორმატი და მანაც გადაწყვიტა მოხალისეების მოწვევა. ობიექტურად რომ გითხრათ, დიდი ხანია კიევის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მონაწილეობენ კერძო სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები, ისეთი როგორიც არის მაგალითად „ვაგნერი“. რაც შეეხება სხვა ტიპის მოხალისეებს, ვინც ომის დაწყების შემდეგ მოაწერა ხელი კონტაქტს, ის ავტომატურად არის მოხალისე. მოსკოვის ოფიციალური პროპაგანდა რას იტყვის, ისინი უფასოდ მონაწილეობენ თუ თანხას იხდიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მნიშვნელოვანია საპასუხო დემარშის შექმნა. 

ახლა მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან, მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, რომ მოხალისეებად იყენებენ მოხალისეების ახალ ტალღას, რომლებიც ნამყოფი არიან სირიაში და არიან სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებებში. რასაკვირველია, ისინი არავითარი მოხალისეები არ იქნებიან, ისინი ანაზღაურების გამო იბრძვიან, მაგრამ მოსკოვი ცდილობს ასეთი პოზიციონირება მოახდინოს, რომ ისინი მოხალისეები არიან. 

ჩემთვის უცნობია მონაწილეობენ თუ არა პრორუსული ისლამისტური დაჯგუფებები, როგორიც არის „ჰამასი“ და ასე შემდეგ, მაგრამ უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზუსტად ამ ტიპის მოხალისეები ჰყავს რუსეთს და რუსულ მედიაში პირიქით იწერება. 

- რაც შეეხება ნეიტრალიტეტის საკითხს... თუ უკრაინის ხელისუფლება წავიდა ამაზე, საუბარია იმაზე, რომ ერთგვარად დანებდა უკრაინა... 

- ეს არ იქნება დანებება, გააჩნია უკრაინა რას დებს სასწორზე. უკრაინა თუ დებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ეს არ არის დანებება. გავითვალისწინოთ რას ითხოვს უკრაინა ნეიტრალიტეტის მიღების შემთხვევაში, გააჩნია რა მომენტში დაიწყებს ამაზე ლაპარაკს. 

აშკარად თუ გამოიკვეთა რუსეთის მარცხი, მაშინ ზელენსკი ამაზე არ წავა. თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთს მძიმე მდგომარეობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით გარდატეხა არ მომხდარა, მაგრამ უკრაინის მსხვერპლი მაღალია, შეიძლება ამაზე წავიდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ესე იგი ზელენსკი იწყებს ვაჭრობას და პოლიტიკაში ვაჭრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. 

შეამჩნიეთ ალბათ, რომ ლავროვის და პუტინის რიტორიკაში სიტყვა დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია გაქრა. იმიტომ რომ იმათაც ვაჭრობის სეზონი გახსნეს თუ შეიძლება ასე ითქვას. 

- თუმცა რადიკალები ახსენა სერგეი ლავროვმა... 

დიახ, აზოვის ბატალიონზე თქვა რადიკალებიო... ლავროვისგან არავის ესწავლება, რომ იქ მართლა არის აზოვის შემადგენლობაში რადიკალი, თუმცა იქ რადიკალებიც იბრძვიან და არარადიკალებიც. ისე კი არ იყო, როგორც თავიდანვე დააყენა პუტინმა საკითხი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში რადიკალები და ნაციონალისტები არიან. როგორ არ უნდა სცემდე საკუთარ ხალხს პატივს, რომ კარგად იცოდე პრეზიდენტი ებრაელია და ეძახდე ნაცისტს. როგორი ნონსენსია ხომ? მაგრამ თეთრზე ამტკიცებენ, რომ შავია. 

- ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში როგორ გესახებათ მოვლენების გაგრძელება და ამ დროს სად ვართ ჩვენ? ამ ქვეყნების დაპირისპირება რამდენად მოახდენს პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას საქართველოზე? 

- პირველი ვარიანტი არის მასობრივი იარაღის გამოყენება. მხოლოდ ბირთვულზე არ არის საუბარი, ქიმიურიც შეიძლება იყოს და ბიოლოგიურიც. როდესაც გამოიყენება ასეთი ტიპის იარაღი, განსაკუთრებით ბირთვული და ბიოლოგიური, პროცესი შემდეგ მართვადი არ არის. ქიმიური კი და ესენი არა. 

რადგან მართვადი არ არის, ყველანაირი შედეგი შეიძლება დადგეს. ეს უკვე კატასტროფაა. აუცილებლად პირდაპირ შეგვეხება. ბირთვულის შემთხვევაში ჩერნობილის ამბავი ხომ შეგვეხო? ჩერნობილზე ბევრად ძლიერი იარაღის გამოყენებაზეა საუბარი, მაგრამ არ მგონია საქმე აქამდე მივიდეს, იმიტომ რომ პუტინი მარტო არ არის რუსეთში და კომფორტის ზონა, რომელიც შექმნილი აქვს იქაურ ჩინოვნიკებს და ოლიგარქებს, ამ კომფორტის ზონიდან მათმა გამოყვანამ, საკმაოდ გამაღიზიანებლად იმოქმედა. 

უშიშროების საბჭოზე ნარიშკინის აბურდული ლაპარაკი გვახსოვს... საქმეში ჩახედული ადამიანი მიხვდებოდა, რომ ნარიშკინი წინააღმდეგი იყო იმის, რაც ხდებოდა და ნარიშკინი არ არის დაბალ თანამდებობაზე. გარკვეული დასავლური საშუალებები თავის დროზე ნარიშკინის პერსპექტივას პუტინის შემცველად ხედავდნენ. 

- დასავლეთის სანქციები არ არის საკმარისი? 

- არა, სანქციები საკმარისია, მაგრამ ხისტია ზედმეტად. მე ვამბობ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეუძლია პოლიტიკა შექმნან. თუ ყველაფერი წაართვი, მაგალითად რომან აბრამოვიჩის შემთხვევაში რაც ხდება... შემდეგ ხელებს უბორკავ. ვფიქრობ გარკვეული პრინციპით შეიძლებოდა მუშაობა. „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით. 8 გენერლის გადაყენება ძალიან საინტერესო ეპიზოდია ამ თვალსაზრისით. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, აქტიური ლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეკონომიკური სანქციები საბოლოო ჯამში ყველანაირი პროგნოზით დეფოლტს გამოიწვევს რუსეთში. ეს ნიშნავს რუსული ეკონომიკის დანგრევას, ეს ნიშნავს რუსეთის 90-იან წლებში დაბრუნებას. 

ამიტომ ძალიან სერიოზული შანსები ჩნდება იმისთვის, რომ პოლიტიკური რეალობები შეიცვალოს, სხვათა შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტიტანების ბრძოლაში ამ მოვყვეთ, თორემ აუცილებლად გავისრისებით. 

- და ბოლოს... საქართველოში რუსების მასიურ შემოსვლასთან დაკავშირებით ვნახეთ და მოვისმინეთ ჩვენი თანამოქალაქეების განწყობები... უმრავლესობას ცალსახად არ მოსწონს საქართველოში რუსების შემოდინება... ეს საკითხი რამდენად შეიცავს რისკებს? 

- ჩვენ ისეთი სუსტი სახელმწიფო ვართ, ჩვენთვის ყველაფერი საფრთხის შემცველია თუ ამ პრინციპით მივუდგებით. იმიტომ რომ არავის მოუნდომებია განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, პირველივე დღეებში როცა ამხელა ნაკადი დაიძრა, გაერკვიათ, რა კატეგორიის ხალხია. პირდაპირ დაიწყეს შეფასება. ოპოზიცია ფილტრაციას ვერ მოახდენდა, გარკვევა შეეძლო. ამ 25 000 კაციდან ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. 

გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც საქართველო არის ერთგვარი პლატფორმა იმისთვის, რომ აქედან ევროპაში წავიდნენ. სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აქ ვიღაც ტერორისტულ აქტს მოაწყობს, ასეთი ხალხი ისედაც არის. რასაკვირველია, საფრთხე არსებობს, მაგრამ ცივი გონებით უნდა შევხედოთ და ყველაფრის მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოყენება კონტრპროდუქტიულია. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტიტანების ბრძოლაში არ მოვყვეთ, თორემ აუცილებლად გავისრისებით - მამუკა არეშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

✔️ რამდენი დრო დარჩა პუტინს? - შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში

✔️ საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო - რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს

✔️ „საბჭოთა კავშირის მოყვარულებო, გილოცავთ, თქვენი ოცნებები ახდა... საკვების სრული დეფიციტი გელოდებათ“ - უკრაინელი ექსპერტი

✔️ „ჩვენ არ ვიცით, სად მთავრდება პუტინის მადა“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი