მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი დრო დარჩა პუტინს? - შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთ-უკრაინის ომი მოსკოვისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს - 12 000-ზე მეტი დაღუპული რუსი სამხედრო, 1 500-ზე მეტი განადგურებული ტანკი და ჯავშანტექნიკა, ყველაფერი კი სულ რაღაც 15 დღეში. 

ალბათ, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ პუტინის ბლიცკრიგი პირწმინდად ჩავარდა. არავინ იცის, მოელოდა თუ არა კრემლის დიქტატორი რუბლის გაუფასურებასა და დასავლელი პარტნიორებისგან ასეთ სერიოზულ სანქციებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის მთავარსარდლის უახლოეს წრეში მყოფი ბევრი რუსი ოლიგარქი არსებული ვითარებით ძალიან უკმაყოფილოა. 

საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება რუს ხალხს, პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას ქვეყანაში არსებული ვითარებაზე. სამხედრო გადატრიალება, გაუსაძლისი სანქციებისგან გაბრაზებული ხალხი, პოლიტიკური საბოტაჟი - რა იქნება პუტინის დიქტატურის დასასრული?

შოიგუს ღალატი?

აგრესორ ქვეყანაში „მოახლოებული სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გავრცელდა. მათმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმდინარეობით კმაყოფილი არ არის. რა თქმა უნდა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი არ იქნება პასუხისმგებელი ოპერაციის წარუმატებლობაზე, თუმცა დამარცხების აღიარება პუტინისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.

როგორც ჟურნალისტი ჯეიმს პაჩილეო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, აშშ-ის ოფიციალური პირების ვარაუდზე დაყრდნობით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კრემლის ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრს გადადგომას უპირებს. მეტიც, სერგეი შოიგუ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში მოღალატედ გამოცხადდეს. 

„აშშ-ის ოფიციალური პირების ვარაუდით პუტინს ეშინია, რომ სერგეი შოიგუ მომავალ კვირას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოახდენს. ადამიანებს შორის მზარდი დისტანცია და დახურულ კარს მიღმა საუბარი იმაზე მეტყველებს, რომ მინისტრის შეცვლას ფიქრობს“, - წერს ჟურნალისტი. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შოიგუ 10 წელია თავის პოსტზეა. ამ ხნის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრმა შესაძლოა შეიძინა საკუთარი თანამოაზრეების წრეც. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შოიგუს პოლიტიკოსის ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.

ფიქრობენ, რომ პუტინი რამდენიმე წელიწადში, მზად იყო კიდეც, რომ მისთვის თავისი ძალაუფლება გადაეცა. თუ დიქტატორის შიშებს ამ გადმოსახედიდან განვიხილავთ, ცხადი ხდება, რომ ახლა კრემლში ან ურალის ბუნკერში მჯდომარე პუტინის დასამხობად ყველაზე ხელსაყრელი მომენტია. 

გაუსაძლისი სანქციები

კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი, რის გამოც პუტინის რეჟიმის დაშლა შეიძლება მოახლოვდეს, სანქციებია. ნათელია, რომ სანქციებმა დადებითად რიგითი რუსების ცხოვრებაზე არ იმოქმედა. 9 მარტის მდგომარეობით, 330 საერთაშორისო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან გასვლის შესახებ. „ბლუმბერგის“ ცნობით, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 3 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, რაც დასაქმებული მოსახლეობის 4,2%-ზე მეტია. მაგრამ ვისაც ნამდვილად გაუჭირდა, არიან ოლიგარქები, ვისზეც პუტინის პოლიტიკური ცხოვრებაა დამოკიდებული.

მაგალითად: დიდმა ბრიტანეთმა მდიდრებსა და წარმატებულ რუსებს პერსონალური სანქციები დაუწესა. სიაში მოხვდნენ ისეთი გავლენიანი ოლიგარქები, როგორებიც არიან: რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკა, იგორ სეჩინი, ანდრეი კოსტინი, ალექსეი მილერი, ნიკოლაი ტოკარევი, დიმიტრი ლებედევი. ყველა ამ ადამიანს „კრემლის ჩანთას“ უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესების მიუხედავად, რომან აბრამოვიჩმა და ოლეგ დერიპასკამ დაიწყეს საუბარი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე. ოლიგარქებში უკმაყოფილება ყოველდღე იზრდება და ეს უკმაყოფილება, პოლიტოლოგ კონსტანტინე ბატოზსკის განცხადებით, პუტინს კიდევ უფრო შეაშინებს. 

„მას მხოლოდ მაშინ შეაშინებთ, როცა მის წინააღმდეგ შიდა ოპოზიცია მისი ახლო გარემოცვის წარმომადგენლებისგან შეიქმნება. ანუ, როცა უახლოესი გარემოცვა მიხვდება, რომ გზა, რომელსაც ახლა მიჰყვებიან, დამღუპველია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

საპროტესტო აქციები

რუსეთში იზრდება უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი, რომლებიც ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პერმანენტულად აწყობენ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს შეუძლიათ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს მარტივად გაუმკლავდნენ. 

„ხალხი გამოდის ქუჩებში, თუმცა მათ აკავებენ. ვლადიმერ პუტინი არანაირად არ იღებს ამ მოძრაობას და იგი მას სერიოზულად აღიზიანებს. ბევრად უფრო მასიურიც რომ გახდეს და ათიათასობით გამოვიდეს, დათმობაზე არ წავა. ეს მისი ტრადიციული პოზიციაა“, - განმარტავს რუსი პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი. 

ამ აზრს ადასტურებს უკრაინელი პოლიტოლოგი კონსტანტინე ბატოზსკიც. მისი ღრმა რწმენით, აქციის მასშტაბები პუტინს არ შეაშინებს. 

ვინ უნდა მოვიდეს პუტინის ნაცვლად?

პუტინის დამხობა რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლების შეცვლის ამოცანის მხოლოდ ერთი კომპონენტია. სავსებით გონივრულია, რომ სისხლიანი დიქტატორის ადგილი სხვამ დაიკავოს.

„როდესაც პუტინი მოშორდება, ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი უნდა მოიძებნოს. აქამდე ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ძალაუფლების ასეთი ცენტრი“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კონსტანტინე ბატოზსკი. 

ზოგადად, პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ დღეს რუსეთის ელიტაში არიან პუტინის მოცილების მსურველები. ღალატის პრეტენდენტებს შორის არიან საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი. არაერთხელ ითქვა, რომ ვლადიმერ პუტინს ძალიან ეშინია ამ უკანასკნელის, მაგრამ ეს შიში ძალიან მკაფიოდ გამოიხატა, როცა ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საიდი იანგულბაევის სახლში სამოქალაქო ტანსაცმლითა და ნიღბებით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და გაიტაცეს. კადიროვი კვალს არ მალავდა, რუსეთის უშიშროების ძალებს კი მომხდარის შესახებ, თითქოს, არაფერი გაუგიათ. 

ძნელი სათქმელია, როდის მოხდება პუტინის დიქტატურის დამხობა, მაგრამ ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინის მოვლენებზე. 

„ერთადერთი, რაც რუსებს დაეხმარებათ გააცნობიერონ, თუ რა ხდება, არის რეჟიმის დამარცხება, მათი გამოცდილების, ისტორიის გადახედვა, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს დამარცხება, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ამისთვის რუსეთმა ეს ომი უნდა წააგოს, ამის ალტერნატივა არ არსებობს“, - აღნიშნავს კონსტანტინე ბატოზსკი. 

გადაჭრით ვერ ვიტყვით, თუ რამდენი დღე, კვირა, თვე დარჩა პუტინს, მაგრამ ნათელია, რომ სისხლიანი დიქტატორის ბედი ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია.

ამავე თემაზე:

✔️ რუსული ნავთობი და გაზი რუსულ ხომალდს უკან მიჰყვება - „უნიანი“

✔️ რუსები უკან იხევენ - დიდი დანაკარგები ოკუპანტების პერსონალში, ტექნიკასა და იარაღში

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ საქართველოში ღამურებს ბიოიარაღის მატარებლად განიხილავენ - რუსეთის თავდაცვის უწყება

✔️ „რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

✔️  საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო - რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ „ლავროვს ხელები ძალიან უკანკალებდა, ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ უკვე ძალიან თხელია“ - არესტოვიჩი

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ