მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მტერი უნდა გძულდეს, გძულდეს, გძულდეს!“ - რას ნიშნავს გამარჯვების კულტი აზერბაიჯანში და რას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში? - BBC

ილჰამ ალიევი

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანში მსხვერპლის კულტი გამარჯვების კულტით შეიცვალა. „ემსახურე სამშობლოს, იყავი ხალხის ერთგული, მტერი კი - უნდა გძულდეს, გძულდეს, გძულდეს!“ - ეს არის ერთ-ერთი ლოზუნგი, რომლითაც ბავშვებს ზოგიერთ აზერბაიჯანულ სკოლაში ასწავლიან. ამას „პატრიოტულ ღონისძიებებს“ უწოდებენ და ის აჩვენებს, რომ საბრძოლო მოქმედებების ფორმალური შეწყვეტის მიუხედავად, მეზობელი ხალხი ჯერ კიდევ შორსაა ზავისგან. რას ნიშნავს გამარჯვების კულტი აზერბაიჯანში და რას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში? - ამაზე BBC სტატიას ავრცელებს. 

„ძირითადი რამ, რაზედაც ომის შემდეგ ვფიქრობდი, ის იყო, რომ ბავშვების წინაშე სახე შემენარჩუნებინა“, - ამბობს აზერბაიჯანელი სკოლის მასწავლებელი ფიკრეტი (სახელი მისი თხოვნით შეცვლილია). დიდი ხნის განმავლობაში ის ბავშვებს ისტორიას ასწავლის. ცდილობდა თავიდან აეცილებინა კონფლიქტური სიტუაციები: არ ციტირებდა განსაკუთრებით აგრესიულ ნაწყვეტებს სასკოლო სახელმძღვანელოებიდან და მოუწოდებდა მოსწავლეებს, რომ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები მოეძებნათ.

ფიქრეტის სახლის ოფისი სავსეა ისტორიული ნაწარმოებებით: ძველი საბჭოთა „კედელი“ სამ რიგად წიგნებითაა გაჭედილი. მას უყვარს თავისი პროფესია და შვილები - მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ბოროტება არ ასწავლოს და ამასთანავე, სამსახური არ დაკარგოს, მაგრამ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ამ ბალანსის დაცვა სულ უფრო და უფრო რთული  გახდა.

„ყველაფერს არ შეიძლება ეწოდოს თავისი სახელი და ეს საკმაოდ რთულია“, - ამბობს ის.

თითქმის 30 წლის წინ აზერბაიჯანი სომხეთთან ომში დამარცხდა და მთიანი ყარაბაღი, რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში შედიოდა, დაკარგა. ბაქომ დაკარგა კონტროლი არა მხოლოდ ყარაბაღზე, არამედ მის გარშემო არსებულ რამდენიმე რაიონზეც, რის გამოც იქ მცხოვრები ასობით ათასი აზერბაიჯანელი ლტოლვილად იქცა.

2020 წლის შემოდგომის ომში აზერბაიჯანმა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიების უმეტესობა და თითოეული ქალაქის დაბრუნებამ - ფიზულის, ზანგელანის, ჯებრაილის - ბაქოში ზეიმი გამოიწვია. შუშას, ყარაბაღის ისტორიული დედაქალაქის აღების შემდეგ, აზერბაიჯანი ეიფორიამ შეიპყრო: ქუჩებში ეროვნული დროშები გამოიფინა, მაღაზიების ვიტრინებზე, სახლების კედლებზე და სამთავრობო უწყებების დერეფნებში ამ ომში დაღუპულთა ფოტოები გამოჩნდა.

ზოგიერთ სკოლასა და საბავშვო ბაღში ამ ეიფორიამ ქსენოფობიური ხასიათი მიიღო.

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა პატრიოტული შეკრებების  დროს ბავშვების ვიდეოები. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ყვირიან „ვაშას“, როდესაც მასწავლებლები ასახელებენ ომში დაღუპული ყოფილი მოსწავლეების სახელებს. მეორე ვიდეოზე ჩანს საბავშვო ბაღი, სადაც კამუფლაჟში გამოწყობილი ბიჭები ყავარჯნებით და შეხვეული ფეხებითა და ხელებით შედიან საკლასო ოთახში.

ადგილობრივი არხის სატელევიზიო რეპორტაჟში, ეზოში სკოლის კრებაზე ბავშვები გუნდურად ყვირიან:

„სამშობლოს სამსახური, ხალხის ერთგულება, მტერი უნდა გძულდეს, გძულდეს, გძულდეს!“ „ეს ბავშვები ხვალინდელი ჯარისკაცები, ექიმები, მასწავლებლები არიან, ჩვენი შვილები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ფრონტის ხაზზე დაიცავენ“, - ამბობს  ჟურნალისტი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანში ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ რომელ მტერზეა საუბარი ამ გამოსვლებში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, რომელსაც სხვადასხვა დროს ეგზისტენციალურს უწოდებდნენ როგორც სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები, ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სიტყვა „პრო-სომეხი“ აზერბაიჯანში, ფაქტობრივად, გინების სიტყვაა, ხოლო სომხური ფესვები სერიოზული კომპრომატია. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ადგილობრივი სატელევიზიო არხის წამყვანმა კიდევ ერთ ვიდეოში „პრო-სომეხი“ უწოდა - მის სახელს „ბურატინოს“ ცნობილ სიმღერაში დამცინავად ახსენებდნენ.

თუ ადრე მოსწავლეები  ხატავდნენ ყარაბაღში სომხების ხელით მოკლულ ბავშვებს, ახლა ისინი ხატავენ მამაც ჯარისკაცებს და „ბაირაქტარებს“ - თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ომში. ფიქრეტი ამბობს, რომ ის „სასოწარკვეთილია“, როდესაც ამას ხედავს: „მთლიანობაში, მათ, ბავშვებს, ეს, რა თქმა უნდა, მოსწონთ. ეს არის თამაში, რომელშიც ისინი აქტიურად მონაწილეობენ."

პატრიოტიზმის გაკვეთილები აზერბაიჯანის სკოლებში  2013 წელს დაიწყო - შემდეგ სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი მიეძღვნა „მშობლიური ქვეყნის, მშობლიური სოფლის, მშობლიური ქალაქის თემებს“. 2021 წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ პატრიოტული განათლება პრიორიტეტად უნდა იქცეს და მის ნაწილად უნდა იქცეს ყარაბაღის ომის შესწავლა.

ფიკრეტი ამბობს, რომ პატრიოტიზმის გაკვეთილები მის სკოლაში მხოლოდ გასულ წელს გამოჩნდა - და რომ წარსულმა ომმა უკვე იმოქმედა სკოლის სასწავლო გეგმაზე - მაგალითად, ესეების კონკურსის სახით გამარჯვების თემაზე.

„ჩვენ დაგვავალეს, რომ მასწავლებლებმა ბავშვებს უნდა უთხრან, რომ გამარჯვების შესახებ ესეებში ხაზი უნდა გაესვას პრეზიდენტის როლს და მის ირგვლივ ხალხის გაერთიანებას“, - ამბობს ფიქრეტი.

ინსტრუქციები, მისი თქმით, ან ზეპირად მოდის დირექტორისგან, ან წერია მასწავლებლის ჩატში.

წელს, სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა, რასაც ორივე მხრიდან ათობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. ფიქრეტის სკოლაში წუთიერი დუმილი იყო, ზოგი ბავშვი გაკვეთილებზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მივიდა.

პატრიოტული ღონისძიებები სკოლებში, ასევე, იმართება ისტორიულ თარიღებზე: მაგალითად, 1990 წლის იანვარში საბჭოთა ჯარების ბაქოში შესვლის წლისთავზე, რამაც ქალაქის ასზე მეტი მკვიდრის სიცოცხლე შეიწირა; 1992 წლის თებერვალში სომხური ძალების მიერ ხოჯალის აზერბაიჯანული მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღეს და, რა თქმა უნდა, მეორე ყარაბაღის ომში გამარჯვების დღეს.

ზოგჯერ სკოლები აწყობენ შეხვედრებს რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების (ადმინისტრაციის) წარმომადგენლებთან, ვეტერანებთან და დაღუპულთა მშობლებთან. მაგალითად, 8-9 მაისს მოვიდნენ როგორც მეორე მსოფლიო ომის, ისე ყარაბაღის ომის ვეტერანები.

„ეს არ არის გლოვის ცერემონიაა... ეს არის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა [სამშობლოსათვის] და ამის ცოცხალი განსახიერება მკვდრების მშობლები არიან”, - ამბობს ფიქრეტი.

„ერთმა დედამ თქვა, რომ უხარია, რომ მისი შვილი სამშობლოსთვის დაიღუპა  და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთო“, - დასძენს ის.

ფიქრეტი ამბობს, რომ ის მსგავსი ღონისძიებების საბოტაჟს ეწევა.

„ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ მეორე მხარესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ნათესავები, დედები. ისინი არ არიან დამნაშავეები - მათაც შესაბამისად ასწავლიდნენ, როგორც ჩვენ ახლა სომხებზე ვსაუბრობთ, მათაც შეუძლიათ სომხურ სკოლაში იგივე აზერბაიჯანელებზე ისაუბრონ“.

ზოგიერთი მშობელი. ასევე. მოქმედებს საკუთარი შეხედულებისამებრ - და უბრალოდ არ უშვებს შვილებს სკოლაში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ თარიღებზე.

„მოვისმინე სხვადასხვა ისტორიები, სულელური მოწოდებები, ვნახე ფორმაში ჩაცმული ბავშვების სურათები, ამიტომ გადავწყვიტე არ გამეშვა ბავშვი - არც კი ვიცი რა ხდება ჩვენს კლასში“, - ამბობს ცხრა წლის ბავშვის დედა.

„რაღაც წლისთავისთვის მასწავლებელმა მშობლებს სთხოვა, რომ სამხედრო ფორმა ჩაგვეცვა ბავშვებისთვის“, - იხსენებს  პირველკლასელის დედა, - „იმ დღეს ბავშვი უბრალოდ სკოლაში არ გავუშვი“.

კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, ხუთი წლის ბიჭის მამა ამბობს, რომ მათი შვილები ყოველ დილით საუზმის წინ ეროვნულ ჰიმნს მღერიან.

„ყარაბაღის ომში გამარჯვების დღეს ჩემს შვილს პატრიოტული სიმღერა მიართვეს სასწავლად. „დრესკოდი იყო თეთრი ზედა და შავი ქვედაბოლო, მაგრამ მშობლებმა თავად ჩააცვეს ბავშვებს სამხედრო ფორმები“, - ამბობს ის. „იყო ბიჭი, რომლის მამაც შახედი იყო [ის ფრონტზე დაიღუპა], მაგრამ მას არ ეცვა სამხედრო ფორმა“.

მასწავლებელი, სახელად შაჰნაზი, რომელიც სუმგაითის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობს, პირიქით, პატრიოტული აღზრდის დავალებებს კარგად ასრულებს, მისი თქმით, განათლების სამინისტროდან მუდმივად იგზავნება შესაბამისი დირექტივები.

მათ ბაღშიც მიღებულია დღის პატრიოტული შეძახილებით დაწყება. ბავშვებმა ეს ლოზუნგები ზეპირად იციან, ამბობს შაჰნაზი:

„ჩვენი ბავშვები ორიდან ხუთ წლამდე არიან. მათ ყველაფერი ესმით. უფროსებსაც კარგად ესმით ყველაფერი“, -  შაჰნაზი ასეთ აღზრდაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

სუმგაიტის ლიცეუმის ლიტერატურის მასწავლებელი იეგიანა სამადოვა ამბობს, რომ „პატრიოტიზმის პროპაგანდასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექსტი“ შედის სავალდებულო პროგრამაში, ხოლო სხვა აქტივობებს თავად ბავშვები ირჩევენ - მაგალითად, უყურებენ ფილმებს და შემდეგ განიხილავენ მათ.

სამადოვა ამბობს, რომ მასალებში „პატრიოტიზმის აღზრდა“ არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ არის კონკრეტულად მტერი და დასძენს, რომ „მოსწავლეებს სიძულვილს უნერგავენ არა მტრის, არამედ მტრის სისასტიკის მიმართ“.

ამავდროულად, სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებული ზოგიერთი ტექსტი ეწინააღმდეგება მის სიტყვებს. მეექვსე კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოს მოთხრობაში „სისხლიანი ია“ ბავშვს ასეთი სიზმარი ესიზმრება:

„დეიდა სირანუშმა {გავრცელებული სომხური სახელი - BBC} ის სევდიანი სახით დაახრჩო. ბიძია სურენს {კიდევ ერთი გავრცელებული სომხური სახელი - BBC{, ბასრი მახვილი  ეჭირა და იქიდან სისხლი წვეთავდა. ეს სისხლი შუბლზე იყო, თავზე, მაგრამ ყველაზე მეტად თვალებში ჩასდიოდა.

ამავე მეექვსე კლასის აზერბაიჯანული ენის სახელმძღვანელოში არის მოთხრობა „პატარა მძევლები“ ​​შემდეგი სიტყვებით: „ცოფიანმა  სომხებმა ჟანგიანი ბრტყელტუჩით ენები გამოგლიჯეს ყველას, ვისაც კითხვა არ სურდა, გააშიშვლეს და აბუჩად იგდებდნენ“.

ლიტერატურის კიდევ ერთი სახელმძღვანელო - უკვე მეხუთე კლასისთვის - შეიცავს მოთხრობას „ქურდი“, რომელიც მოგვითხრობს, რომ სომხები წლების განმავლობაში იპარავდნენ აზერბაიჯანელების მუსიკას, კულინარიულ რეცეპტებს, ხალიჩებს და ბოლოს ყარაბაღს.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ფარისევლობა სომხების დამახასიათებელი თვისებაა.

ისტორიის სახელმძღვანელოებში, ფიქრეტის თქმით, ასეთი გზავნილების ფორმულირება უფრო ფრთხილად დაიწყო.

„თუ ადრე უფრო პირდაპირი სიძულვილის ენა იყო, ახლა მას წარმოგვიდგენენ სიტყვებით, რომლებსაც თითქოს სომხები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, - ამბობს ის.

რა არის სიძულვილის ენა?

გაერო სიძულვილის ენას განსაზღვრავს, როგორც „შეურაცხმყოფელ ენას, რომელიც მიმართულია ჯგუფის ან ინდივიდის წინააღმდეგ მათი თანდაყოლილი მახასიათებლების საფუძველზე (როგორიცაა რასა, რელიგია ან სქესი) და შეუძლია საფრთხე შეუქმნას სოციალურ მშვიდობას“.

BBC-მ აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს სთხოვა კომენტარი გააკეთოს სიძულვილის შემცველ მოწოდებებზე და ზემოთ მოყვანილ მაგალითებზე სკოლის სახელმძღვანელოებიდან. სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მიაჩნიათ არა ქსენოფობიად, არამედ „მხატვრულ მაგალითებად, რომლებიც ასახავს ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო საზოგადოებაში აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის სფეროში“.

სუმგაიტის საშუალო საბუნებისმეტყველო სკოლის დირექტორის მოადგილე ატრაბა თაგიევა, ამბობს, რომ „მტერი მხოლოდ ერთია და თუ მტრის მიმართ სიძულვილი არ არის, ბავშვი პატრიოტად ვერ გაიზრდება“.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხებმა ისტორიის მანძილზე დაგვამარცხეს, [...] სომხები ჩვენი მტრები არიან და ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ“.

„ბავშვებისთვის შიშის, სიძულვილის და აგრესიის შემცველი ემოციების სწავლება უკიდურესად სარისკოა ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობის თვალსაზრისით“, - ამბობს ფსიქოლოგი ბელგინ თემური.

„სკოლები და, ნაკლებად, საბავშვო ბაღები იყო და რჩება დაწესებულებებად, რომლებიც ამკვიდრებენ სახელმწიფო პატრიოტიზმს და მტრის ხატებს“, - ამბობს სერგეი რუმიანცევი, აზერბაიჯანელი სოციოლოგი, რომელიც სწავლობს კონფლიქტებს.

მისი თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ 8-12 წლის ასაკში შეძენილი ცოდნა იბეჭდება მეხსიერებაში:

„ძალიან რთულია ასეთი ცოდნის გადახედვა მოგვიანებით. მით უმეტეს, როცა ამისთვის სოციალური და კულტურული გარემო არ არსებობს“.

სოციოლოგის თქმით, ასეთი პროპაგანდა ადამიანებში ქმნის შეუწყნარებლობას, კონკრეტული ადამიანების პიროვნული თვისებების მიხედვით განსჯის უუნარობას, დიალოგში ჩართვის უუნარობას და წარმოდგენას სამყაროზე, როგორც სივრცეზე, რომელშიც ყოველთვის არის ომი და სადაც სიცოცხლის უფლება უნდა დაიცვა იარაღით ხელში.

„ამის შესაცვლელად სომხეთი და აზერბაიჯანი „ორმხრივად უნდა შეთანხმდნენ მშვიდობაზე“ და შეიტანონ პუნქტი პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაში საომარი კამპანიის დასასრულებლად“, - ამბობს შაჰინ რზაევი, პოლიტიკური კომენტატორი და ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა სამშვიდობო ინიციატივებზე.

„ზოგიერთი ჩემი კოლეგა, რომელსაც სურს გამოიყურებოდეს უკიდურესად პატრიოტულად, ვფიქრობ, მიჰყვება ინსტრუქციას, როდესაც მოვა ამის დრო“ და ხალხი შეასრულებს ამ დავალებებს“, - თქვა მან.

რაც შეეხება მეორე მხარეს?

აზერბაიჯანის სკოლებში რაც ხდება, სომხეთში ახალ ამბებში აჩვენებენ.

სომეხ ისტორიკოსს ტიგრან ზაქარიანს ისეთი საზარელი მაგალითები მოჰყავს, როგორიც აზერბაიჯანულ სახელმძღვანელოებშია, სომხეთში არ შეხვედრია და მათში სიტყვა „მტერი“ ძირითადად საომარი მოქმედებების კონტექსტში იყო გამოყენებული.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთი მზადაა აპატიოს აზერბაიჯანს მიყენებული ჭრილობები და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცოდვებზე.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, მაგალითად, სომხებსა და მუსულმანურ უმცირესობებს შორის შეტაკებები სომხეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეა აღწერილი: სომხეთის სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება აჯანყებების ჩასახშობად და ამან ხელი შეუწყო გაძლიერებას. 

ამავე სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ 1980-90-იანი წლების დასაწყისში სომხების იძულებით გაძევებას აზერბაიჯანიდან თან ახლდა ძარცვა, ხოლო  აზერბაიჯანელები მშვიდობიანად „გაასახლეს“ სომხეთიდან (აზერბაიჯანში ასეთ შეფასებას არ ეთანხმებიან). სკოლის მოსწავლეებს ასევე ეუბნებიან, რომ 1992 წელს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ხოჯალიში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები თავად აზერბაიჯანელებმა მოაწყვეს (აზერბაიჯანის სახელმძღვანელოებში წერენ, რომ 1988 წელს სუმგაითში სომეხთა მასიური დარბევები თავად სომხებმა ჩაიდინეს).

2022 წლის მაისში Caucasus Edition-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები წერენ, რომ სომხური და აზერბაიჯანული სახელმძღვანელოები მითებისა და ფაქტების შერჩევით ქმნიან ნარატივს, რომელშიც ვართ „ჩვენ“ - „დიდებული, იდეალური გმირები“ - და „სხვები“ - „მარადიული მტაცებლები და მოღალატე მტრები“.

სომხურ საზოგადოებაში აზერბაიჯანელებს ხშირად აიგივებენ თურქებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 1915 წელს სომხების ხოცვა-ჟლეტაზე (თუმცა, იმ დროს აზერბაიჯანი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და არა ოსმალეთის იმპერიის, საიდანაც სომხები გადაასახლეს).

„აქ მცხოვრები აზერბაიჯანელებს „თურქებს“ უწოდებს“, - ამბობს ჟურნალისტი მარკ გრიგორიანი.

„ამგვარად, შიშები, უნდობლობა, შფოთვა და ეჭვები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების გონებაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ მომხდარ გენოციდთან და მასობრივ განდევნასთან, აზერბაიჯანელებზეც გადადის“.

ფიკრეტი, ისევე როგორც მისი ზოგიერთი თანამემამულე, ელოდა, რომ ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანული საზოგადოებისთვის „გეშტალტი“ დაიხურებოდა და სიძულვილის ხარისხი შემცირდებოდა.

მაგრამ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი, შეტაკებები გრძელდება საზღვარზე და ყარაბაღში - მისი ის ნაწილი, რომელსაც ბაქო ჯერ არ აკონტროლებს - ბლოკადაში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის არმიას კი თურქულთან ერთიანდება - პოტენციური საფრთხეების მოსაგერიებლად არა მხოლოდ სომხეთიდან, არამედ ირანიდანაც.

ფიკრეტი ამბობს, რომ მას ახალი ომის ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი - სომხეთის სამხედრო მოკავშირე - უკრაინაში ომობს და  კონფლიქტში აშკარად სხვისი ჩათრევა სურს.

მაგიდაზე არსებულ წიგნებს შორის ფიქრეტს აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო IT ტექნოლოგიებზე და ესპანური სახელმძღვანელო. სინდისსა და სასკოლო პროგრამას შორის მანევრირებით დაღლილი, პროფესიის შეცვლასა და ემიგრაციაში წასვლას გეგმავს.

„თავს ვამშვიდებდი იმ აზრით, რომ 40-იდან ორს მაინც დავეხმარებოდი, მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ ამ ტენდენციას და მესმის, რომ ეს არის წვეთი ოკეანეში და ასეთი პარადოქსი: ერთის მხრივ, შენ ეხმარები, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ძნელი საყურებელია“, - ამბობს ფიქრეტი. 

„სომხებსაც ჰქონდათ გამარჯვებულის კომპლექსი: ისინი ამბობდნენ, რომ საქმე დასრულებულია - და არავითარი დათმობა აზერბაიჯანს, არც ერთი სანტიმეტრი მიწა, არც კომპრომისი - და 26 წლის შემდეგ უდიდესი მარცხი განიცადეს“, - განაგრძობს ის. - „და რა იძლევა ამის გარანტიას, რომ იგივე ჩვენ არ მოგვივა? ჩვენ არ ვიცით რა იქნება 20 წლის შემდეგ, ამიტომ ჩვენ და ამ ბავშვებს მშვიდობა გვჭირდება“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

რატომ სურს რუსეთს ასე დაჟინებით ბახმუტის აღება? – BBC

რა არის „პეტრიოტი“, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს

უკრაინას, შესაძლოა, „ლეოპარდ-2“-ის ტიპის ტანკები გადაეცეს, რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას? - BBC

უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა