მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის წარმატებები ელიტური ძალების მეშვეობით იყო მიღწეული 2008 წლის შემდგომ, ამ ტაქტიკამ მისცა მას გავლენის ბერკეტები საქართველოში, მაგრამ ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს - სამხედრო ექსპერტი

ვლადიმერ პუტინი

„პუტინს და კრემლს 9 მაისის აღლუმისთვის უკრაინაზე გამარჯვების სტატუსის მინიჭება სურს, მაგრამ ეს შეუძლებელია“, - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი წერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ექსპერტის აზრით, 2008 წლის შემდეგ ომებში რუსეთის წარმატებები ელიტური ძალების, დაქირავებულების და ავიაციის მეშვეობით იყო მიღწეული, მაგრამ ამ ომს რუსეთი ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოიგებს.

სწორედ ზემოთ ხსენებულმა ტაქტიკამ მისცა რუსეთს გავლენის ბერკეტები საქართველოში, სირიაში, ლიბიაში, მალიში და უკრაინაში 2014 წელს სამხედრო ინტერვენციების დროს. უკრაინაში 2014 წელს აგრესია ორჯერ განხორციელდა. პირველად ეს იყო ყირიმის ანექსია, ხოლო შემდეგ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების შექმნის დროს. 

ყოველ ჯერზე რუსეთი სწრაფად და უმოწყალოდ იქცეოდა, ხოლო დასავლეთი სანქციების გარდა ამას ვერაფერს უპირისპირებდა.

და ახლაც, 2022წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციამ იგივე სცადა ახლა უკვე მთელი უკრაინის წინააღმდეგ  - მას 72 საათში მთელ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდა. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 45 მლნ-ს შეადგენს, ხოლო ტერიტორია სიდიდით მეორეა ევროპაში. ეს საოცარი და გაუაზრებელი ავანტიურა იყო და ეს გეგმა პირველივე კვირას ჩავარდა.

ახლა პუტინს სხვა გზა არა აქვს და იძულებულია წინ იმოძრაოს, რათა ომი კიდევ უფრო მეტად გააღვივოს, ან უკრაინაში, ან გასცდეს მის ფარგლებს. ესკალაცია გარდაუვალია და ევროპა თავის ისტორიაში მეტად სახიფათო მომენტს მიუახლოვდა.

როდესაც კიევის აღების გეგმა „ა“ ჩავარდა, მოსკოვმა გეგმა „ბ“ დაიწყო. კიევის ალყაში მოქცევა და სხვა ქალაქებზე - ჩერნიგოვზე, სუმზე, ხარკოვზე, მარიუპოლზე და ნიკოლაევზე შეტევის განხორციელება, რათა უკრაინის ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადოს.

კრემლს ესეც არ გამოუვიდა, ერთადერთი დიდი ქალაქი, რომლის აღებაც მათ მოახერხეს, ხერსონია, და იქაც ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი წინააღმდეგობა გრძელდება.

საქმე ისაა, რომ რუსებს არ ჰქონდათ სათანადო ძალები, რომ ასეთი დიდი ქვეყანა აეღოთ, ისინი ძალზე ცუდად მოქმედებდნენ - შეიარაღებულ ძალებს ცუდად მართავდნენ, მოქმედებდნენ ოთხ ცალკე აღებულ ფრონტზე - კიევიდან ნიკოლაევამდე და არც ჰყავდათ ერთიანი სარდლობა. 

რუსულ ძალებს დაუპირისპირდა ძალზე კარგად მომზადებული უკრაინული ჯარი, რომელიც „დინამიური დაცვის“ პრინციპით მოქმედებდა, როდესაც ჯარი ფრონტის ხაზს კი არ იცავდა, არამედ დარტყმებს მაქსიმალურად სუსტ წერტილებზე ახორციელებდა.

მეორე გეგმის წარუმატებლობის შემდეგ სასოწარკვეთილი რუსეთის სარდლობა გეგმა „გ“-ზე გადავიდა. ამ გეგმაში კიევის აღება აღარ შედიოდა, არამედ მათ ძალები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში გადაისროლეს, რათა ე.წ. დონეცკის და ლუგანკსის „რესპუბლიკების“ საზღვრამდე გასულიყვნენ, ოდესის აღებას შეეცადონ და უკრაინას ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტონ.

სწორედ ამ გეგმის განხორციელების მცდელობას ვადევნებთ თვალს იზიუმთან, პოპასნაიას, კურულკის და ბრაჟკოვკის მიდამოებში. რუსული ძალები უკრაინის დაჯგუფების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამისთვის მათ კრამატორსკი და სლავიანსკი უნდა აიღონ, რაც ჯერ არ გამოსდით. 

ომი ახლა სხვა ფაზაში გადავიდა. საბრძოლო მოქმედებები გაშლილ ველზე მიმდინარეობს, ამინდი გაუმჯობესდა, საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობენ ტანკები, მექანიზებული ქვეითები, არტილერია, რომელიც მოწინააღმდეგის დამცავი ზღუდის განადგურებას ცდილობენ. მაგრამ ამის გაკეთებაც მარტივი არ არის.

რუსეთის ბოლო შეტევა არათანაბრად დაიწყო. უკრაინელებმა რუსული ძალები იმ ზღუდეებიდან საკმაოდ შორს გააჩერეს, რომლამდე მიღწევასაც რუსული სარდლობა გეგმავდა. უკრაინელებმა მათთვის ასე ძვირფასი დროის მოგება შეძლეს.

ახლა მიმდინარე ბრძოლები ალბათ ყველაზე გააფთრებულია მთელი სამხედრო კამპანიის დროს, მას „ჰევი მეტალის“ ომსაც უწოდებენ, როდესაც მძიმე შეიარაღება აქტიურად გამოიყენება. მაგრამ პუტინს ცუდი არჩევანი აქვს - მას მხოლოდ სხვადასხვა ტიპის დამარცხების აღიარება შეუძლია.

თუ შემოდგომამდე რუსეთის სამხედრო ოპერაცია ჩიხში შევა, ის საკუთარ მოსახლეობას ვერანაირ წარმატებას ვერ აჩვენებს, დანაკარგი კი ძალზე დიდია. პუტინმა მთელი დონბასის და სამხრეთ უკრაინის აღებაც რომ მოახერხოს, მას მილიონობით უკრაინელის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს. ტერიტორიის აღების შემთხვევაში იქ პარტიზანული მოძრაობა დაიწყება.

როდესაც პუტინმა თებერვალში გეგმა „ა“ გამოაცხადა, ის ვა-ბანკზე წავიდა. გეგმა „ბ“ ან „გ“ მაინც ნიშნავს, რომ რუსეთს კვლავ ვა-ბანკზე წასვლა მოუწევს, რომელიც სხვადასხვა ფორმით უკრაინის განადგურებას ნიშნავს.  ასეა თუ ისე, რუსეთს უკრაინაში ან ადგილობრივი მოსახლეობის, ან უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ან, რაც კიდევ უფრო რეალურია, ორივეს წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს. 

ამ დროს კი დასავლეთი უკრაინას ფინანსებს და იარაღს აწვდის, ხოლო რუსეთს ახალ-ახალ სანქციებს უწესებს, რომელთა მოხსნას ახლო მომავალში არ გეგმავს. მას შემდეგ, რაც რუსეთზე დასავლეთის ენერგოდამოკიდებულება შემცირდება, აშშ და ევროპა ამ დამანგრეველი სანქციების შენარჩუნებას შეძლებენ საკუთარი ეკონომიკისთვის მინიმალური ზარალით.

პუტინს უკან დასახევი გზა არა აქვს, ის შეიძლება გაასამართლონ, როგორც სამხედრო დამნაშავე. მისი პოლიტიკური სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი სხვა რამეში გადაიზარდოს - ეს იყოს რუსეთის ბრძოლა დასავლელი ნაცისტების და იმპერიალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთის განადგურება სურთ.

ცნობისთვის, მაიკლ კლარკი ლონდონის სამეფო კოლეჯში თავდაცვითი კვლევების მიწვეული პროფესორია. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 რუსეთის აღორძინების შემთხვევაში, უკრაინას კიდევ ერთი რუსეთ-უკრაინის ომი ელის - ნევზოროვი

📣 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 7 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

📣 „შეიძლება უმართავი გახდეს“ - ჩინეთის ლიდერი უკრაინა-რუსეთის ომზე

📣 „პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ - შოლცი უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებაზე

📣 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)