მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტიკტოკის მეომრები“: რას აკეთებენ ჩეჩენი მეომრები უკრაინაში? - „ევრონიუსი“

ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში

ჩეჩნები იმ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვინც უკრაინაში ფრონტის ორივე მხარეს იბრძვის. ამის თაობაზე სტატიას „ევრონიუსი“ აქვეყნებს. 

მათ შორის, ვინც უკრაინულ ძალებთან ერთად იბრძვის, არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსისხლე მტრები, მოსკოვის მიერ ძებნილი სეპარატისტები, რომლებიც 2014 წლიდან კიევის მხარეს არიან.

ამავდროულად, რუსეთი იყენებს კრემლის ერთგულ ჩეჩნებს სადამსჯელო ოპერაციებისთვის, იმ სამხედროების სიკვდილით დასასჯელად, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, ასევე, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად.

და რას აკეთებენ ჩეჩნები უკრაინაში? რატომ არიან ისინი იქ? და რა გავლენა აქვთ მათ ბრძოლის ველზე და მის ფარგლებს გარეთ?

რატომ იბრძვიან ჩეჩენი ჯარისკაცები როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის მხარეს?

ჩეჩნეთი რუსეთის სამხრეთში მდებარე საკმაოდ რთული რეგიონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მისი მოსახლეობა, რომელიც, ძირითადად, მუსლიმებისგან შედგება, ცდილობდა გამოყოფას და საკუთარი სახელმწიფოს შექმნას. ამან გამოიწვია ორი სისხლისმღვრელი ომი 1990-იან წლებში, რომელიც დასრულდა მოსკოვის მიერ ჩეჩნეთზე სრული კონტროლის დამყარებით.

ექსპერტების თქმით, ჩეჩნები, რომლებიც ახლა რუსეთის მხარეს იბრძვიან უკრაინაში, არიან ისინი, ვინც 1999 წლიდან 2009 წლამდე ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საკუთარი ხალხის აჯანყების ჩახშობაში მოსკოვის მხარეს მონაწილეობდნენ.

მას შემდეგ ისინი მოქმედებენ, როგორც ნახევრად ავტონომიური ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალები, ავიწროებენ მოსახლეობას და ახშობენ ამბოხებულებსა და ისლამისტებს, რომლებმაც, შესაძლოა, კვლავ გადაწყვიტონ მოსკოვთან ბრძოლა.

„მათ სახელმწიფომ იარაღი, სამუშაო და მილიარდობით დოლარი მისცა“, ამბობს ოტავას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ჟან-ფრანსუა რატელი, რომელიც სპეციალიზებულია ჩეჩნეთის კონფლიქტზე.

ჩეჩნები, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ იბრძვიან, ცნობილები არიან, როგორც კადიროველები, რადგანაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ემორჩილებიან, კადიროვს ხშირად მოიხსენიებენ როგორც პუტინის ერთ-ერთ „ცოფიან ძაღლს“.

„ეს ადამიანები მის პირად არმიას ქმნიან“, - განუცხადა „ევრონიუსს“ ჩრდილოეთ კავკასიის ანალიტიკოსმა ჰაროლდ ჩემბერსმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომში მონაწილეობით კადიროვს სურს, თავი მოაწონოს რუსეთის პრეზიდენტს.

ოქტომბერში კადიროვმა თქვა, რომ მან თავისი სამი ვაჟი, 14, 15 და 16 წლის, უკრაინაში საომრად გააგზავნა.

რა გავლენა იქონიეს ჩეჩნებმა ბრძოლის ველზე?

ათასობით ჩეჩენი ქვეითი ჯარისკაცი შეიჭრა უკრაინაში ომის პირველივე დღეებში, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

სხვადასხვა შეფასებით, რუსეთის მხარეს ომში 9000-იდან 21000-მდე ჩეჩენი მონაწილეობდა.

მაგრამ რატელი სკეპტიკურად აფასებს მათ მნიშვნელობას ბრძოლის ველზე და მათ „ერთჯერად კერძო არმიას“ უწოდებს.

„ეს არ არის ელიტარული ჯარები,” - თქვა მან. „სავარაუდოდ, ისინი გამოიყენეს როგორც „საზარბაზნე ხორცი“... ჩეჩენისთვის ყოველთვის უფრო ადვილია ომში სიკვდილი, ვიდრე ეთნიკური რუსისთვის“, - ამბობს ექსპერტი.

პუტინის „ნაწილობრივი მობილიზაცია“, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა, არაპროპორციულად იყო მიზანმიმართული ეთნიკურ უმცირესობებზე ან ცენტრალურ აზიელ მიგრანტებზე.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის უპირატესად მუსულმანური რეგიონებიდან, როგორიცაა მაგ. დაღესტანი, ჯარისკაცები 10-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე მოსკოვიდან.

ომში დაღუპულთა ჩეჩნების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ისევე როგორც კონფლიქტის ორივე მხარეს მათი ზუსტი რაოდენობა, ცნობილია, რომ „დანაკარგები ძალზე დიდია".

თუმცა, ჩეჩენი მებრძოლები ომში სხვა მნიშვნელოვან როლსაც ასრულებენ, მათ ხშირად ბინძური საქმისთვის იყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნებს უკმაყოფილო ჯარისკაცების წინააღმდეგ იყენებდნენ, დეზერტირებსა და უკრაინის მხარეს გადასვლის მცდელობისთვის ისინი სამხედროებს სიკვდილით სჯიდნენ.

„მათ აძლევენ ისეთ დავალებებს, სადაც შეუძლიათ ომის კანონების დარღვევა“, განუცხადა რატელმა „ევრონიუსს“. „ისინი ჯარისკაცებივით კი არა, უფრო კრიმინალებივით იქცევიან“.

მან აღნიშნა, რომ ჩეჩენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ წამებაში, ძარცვაში და ზოგჯერ შეიარაღებული დაპირისპირებაც კი ჰქონდათ რუსეთის არმიის სხვა ქვედანაყოფებთან.

უკრაინაში სასტიკი და ბრძოლაში გამოცდილი ჩეჩნების განთავსება, ასევე, ფსიქოლოგიური ომის ნაწილი, უკრაინის მოსახლეობაში შიშის ჩანერგვის მცდელობა იყო.

ისინი კიევის ოლქში ომის პირველ დღეებში შეიყვანეს, როდესაც რუსეთი ცდილობდა დედაქალაქის აღებას.

„იყო ბევრი პროპაგანდა“, - თქვა რატელმა. „რუსეთი ცდილობდა გაევრცელებინა აზრი, რომ ესენი არიან ელიტარული მებრძოლები, რომლებიც უკრაინის გასანადგურებლად მოვიდნენ“.

მაგრამ ეს „პროპაგანდისტული ეფექტი“ ძირითადად ცარიელი აღმოჩნდა, მისი ეფექტი კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ შენელდა, ხოლო გაზაფხულზე კი საერთოდ გაქრა.

„ისინი უფრო ცნობილები არიან, როგორც ინსტაგრამის მებრძოლები, ვიდრე უძლიერესი  სპეცრაზმელები. ისინი გამოირჩევიან სოციალურ მედიაში, და არა რეალურ ბრძოლაში“, - ამბობს ექსპერტი ჰაროლდ ჩემბერსი.

„იმის გამო, რომ ისინი ბევრ ინფორმაციას აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში, შეიქმნა ბევრი პრობლემა  უსაფრთხოების საკითხები“. უკრაინული ძალები ხშირად ამ ინფორმაციას მიხედვით იგებდნენ მოწინააღმდეგის პოზიციებს და მათ ზუსტად ბომბავდნენ.

ჩემბერსის თქმით, რამზან კადიროვის ერთ-ერთი შვილის მიერ ტელეგრამში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ძალებმა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე ზუსტი სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

მაგრამ რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მხარეს ჩეჩნები ომში მონაწილეობენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი გაცილებით მცირეა (დაახლოებით 200 მებრძოლია), ჩეჩნები შეუერთდნენ უკრაინულ ძალებს და იბრძვიან უკრაინაში, ზოგჯერ მათ და რუსეთის მხარეს მებრძოლ ჩეჩნებს შორის შეტაკებები ხდება.

ბევრი მათგანი უკრაინაში გადავიდა რუსეთთან საბრძოლველად 2014 წელს, როდესაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რამაც საბრძოლო მოქმედებები გამოიწვია.

„მათთვის რუსეთთან ბრძოლა ტრანსნაციონალური საკითხია. მათ მიაჩნიათ, რომ იმპერიალისტური რუსეთი უკრაინაში დღეს ისევე იქცევა, როგორც ჩეჩნეთში 1990-იან წლებში“, - ამბობს რატელი.

რუსეთის სამხედრო კამპანიას ჩეჩნეთში 1990-იან წლებში წარმოუდგენელი რაოდენობის სიკვდილი და ნგრევა მოჰყვა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და ომის დროს ჩადენილი სისასტიკე, რომლებიც, ექსპერტების თქმით, ძალიან ჰგავს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

რუსეთზე გამარჯვებას ჩეჩენი მებრძოლებისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი სამშობლოს ბედთან.

„პირველი ნაბიჯი, მათი აზრით, არის რუსეთზე გამარჯვება და ჩეჩნეთის დაბრუნება. მათ სურთ გაათავისუფლონ ჩეჩნეთი რუსული მმართველობისგან“, - განმარტა ჩემბერსმა.

რადიკალი ისლამისტები

უკრაინის მხარეს  მებრძოლთა მცირე ნაწილი რადიკალური ჯიჰადისტური ჯგუფებიდან მივიდა, რომლებიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდნენ.

„ჩვენ ვსაუბრობთ მაქსიმუმ რამდენიმე ათეულ ადამიანზე“, - თქვა რატელმა.

„ევრონიუსის“ შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რადიკალური ჯიჰადისტური ჯგუფების ხელში აღმოჩნდეს, ორივე ექსპერტმა თქვა, რომ არ გამორიცხავენ ასეთ შესაძლებლობას, თუმცა მაინც ფიქრობენ, რომ რისკი დაბალია.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს იარაღი უკრაინის ფარგლებს გარეთ გადის და დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობები ამას მკაცრად აკონტროლებენ“, - თქვა რატელმა.

ომის დაწყებიდან დასავლეთმა უკრაინას მილიარდობით ევროს ღირებულების თანამედროვე საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასევე, ტანკები და ავტომატური იარაღი მიაწოდა. იარაღის უდიდესი ნაწილი ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ ის გადასაგდებია.

„რუსეთმა არაერთხელ განაცხადა სოციალურ მედიაში, რომ უკრაინა და დასავლეთი მომავალში მხარს დაუჭერენ სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციას და სხვა დაჯგუფებებს. მაგრამ ეს განცხადებები დეზინფორმაციის სფეროს მიეკუთვნება“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 2 წელი რუსეთში ნავალნის დაბრუნების შემდეგ, რა მოუვიდა რუსეთის ოპოზიციას - BBC

✔️ არესტოვიჩის ფენომენი - რატომ გადადგა ზელენსკის მრჩეველი - BBC

✔️ იქნება თუ არა ახალი გლობალური კრიზისი 2023 წელს? - BBC

✔️ საბჭოთა მიზნები საბჭოთა რესურსების გარეშე - რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო რეფორმა უკრაინაში ომის დროს? - BBC