მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არესტოვიჩის ფენომენი - რატომ გადადგა ზელენსკის მრჩეველი - BBC

ალექსეი არესტოვიჩი

17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა. „მინდა ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო. დავუშვი პრინციპული შეცდომა, ამიტომ უნდა გადავდგე“ - განაცხადა არესტოვიჩმა. 

ვინ არის ალექსეი არესტოვიჩი? მას ერთდროულად წინასწარმეტყველად და თაღლითად მიიჩნევენ. ბევრი მასზე გიჟდება, ბევრს კი სძულს. მის მოსაზრებებს ყურს უგდებენ და მის სახელს ხშირად საგინებელ კონტექსტში მოიხსენიებენ. ამაზე BBC სტატიას აქვეყნებს.

„წინა ჯერზე, როდესაც მივდიოდი, თვე-ნახევარში ომი დაიწყო. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად“, - ამბობს არესტოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის აპარატის ხელმძღვანელმა მარია ვიტუშოკმა არესტოვიჩის გადადგომის განცხადებას ხელი მოაწერა. ალექსეი არესტოვიჩის გადადგომა მის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მან გადაუმოწმებლად დნეპრში საცხოვრებელ სახლში რაკეტის მოხვედრაზე გააკეთა.

სკანდალი

14 იანვარს საღამოს, ალექსეი არესტოვიჩმა, გადაცემა Feigin Live-ში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ჩამოაგდეს და  შემდეგ ის მრავალსართულიან შენობას დაეცა.

ეს ინფორმაცია რუსულმა მედიამ მაშინვე აიტაცა. როგორც უკრაინაში ბევრს მიაჩნია, არესტოვიჩის ამ  განცხადებამ რუსული პროპაგანდის საქმე შეასრულა.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც ახსენა არესტოვიჩის სიტყვები დნეპრში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მაშინვე უარყო არესტოვიჩის სიტყვები და განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს არ გააჩნიათ საშუალებები, რომლითაც Х-22 -ის ტიპის რაკეტების ჩამოგდებაა შესაძლებელი. ეს განცხადება სამხედრო ექსპერტებმაც დაადასტურეს.

ამიტომ, არესტოვიჩის განცხადებას სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება მოჰყვა და გაისმა მოწოდებები თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

15 იანვარს არესტოვიჩმა თავისი სიტყვები ძილის ნაკლებობითა და დროის სიმწირის გამო ინფორმაციის გადამოწმების შეუძლებლობით ახსნა.

ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა. თავდაპირველად არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ შემდეგ სიტყვები უკან წაიღო.

„ხალხო, უბრალოდ დავიღალე. საღამოს პირდაპირ ეთერში 320 დღე, სხვა სამუშაოს გარდა, მუდმივი ძილის ნაკლებობა, მუდმივად ინფორმაციის მიღება, უამრავი მივლინება. დღეში მილიონობით კონტაქტი და ყველაფერი ... „ულტრა სასწრაფო და სუპერ - მნიშვნელოვანი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, მას მუდმივად უწევს მიღებული ინფორმაციის გაანალიზება, ამისთვის კი მას არ ჰყავს თანამშრომლები და საკუთარ თავზე მთელი რიგი „ინფორმაციული და პრაქტიკული“ პროცესები აიღო.

16 იანვარს კი Feigin Live-ის ეთერში, მან მომხდარის დამატებითი ვერსიის შესახებ ისაუბრა.

არესტოვიჩის თქმით, მისი სიტყვები „მედვედჩუკის ბოტ ფერმამ“ და უკრაინულმა ოპოზიციამ აიტაცა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისთვის გამოიყენა.

არესტოვიჩი ამბობს, რომ მისი თანამდებობა ძალზე მოკრძალებული და უმნიშვნელოა, რომ მის სიტყვებს ასეთი დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. მან დნეპრში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს  საკუთარი სიტყვებისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

ბოლო ინფორმაციით, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დნეპრში 44 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ალექსეი არესტოვიჩის ფენომენი

ძნელია ფრონტის ორივე მხარეს იპოვოთ ადამიანი, რომელიც გამოიწვევდა ასეთ ძლიერ და სრულიად საპირისპირო ემოციებს. მას ერთდროულად წინასწარმეტყველად და თაღლითად მიიჩნევენ, აღმერთებენ და სძულთ, პატივისცემით უსმენენ, ხოლო ხშირად მის სახელს საგინებელ კონტექსტში მოიხსენიებენ.

ან იქნებ სიმართლეა, რომ არესტოვიჩი არის ეს ყველაფერი ერთდროულად?

ის პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს მივიდა. ოფისში იმ დროს განწყობა, რბილად რომ ვთქვათ, ნერვიული იყო. ოფისის გარეთ კი - პანიკასთან ახლოს. სირენები ქუჩებში, საცობები დიდი ქალაქების გასასვლელებთან, დიდი რიგები სუპერმარკეტებში. მეორეს მხრივ, ომის პირველივე საათებში გაირკვა, რომ უკრაინელები რუსეთის არმიას ყვავილებით არ შეხვდნენ და რიგები იდგა არა მხოლოდ ბანკომატებთან, არამედ სამხედრო კომისარიატებთან.

ამ სიტუაციაში პრეზიდენტის გუნდს სჭირდებოდა ხმა, რომელიც ხელისუფლების სახელით პრეზიდენტის აპარატის შენობიდან მილიონობით უკრაინელს გადასცემდა მარტივ გზავნილებს.

„ჩვენ პანიკაში არ ვართ. ხელისუფლება ადგილზეა. რუსები იტყუებიან ფენომენალური წარმატებების შესახებ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ. ალბათ ძალიან მალე. ასე რომ, ჩვენ არაფერს დავთმობთ. და ჩვენ  პანიკაში არ ვვარდებით“.

მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში არესტოვიჩმა აღიარა, რომ დიდი ომის პირველ დღეებში მას თავად ბოლომდე არ სჯეროდა იმის, რაზედაც სატელევიზიო ეკრანებიდან საუბრობდა. მაგრამ უკრაინულ საზოგადოებას, რომელიც არ იყო მზად ამ მასშტაბის ომისთვის, დამამშვიდებელი საშუალება სჭირდებოდა. და არესტოვიჩმა ოსტატურად შეასრულა ეს ფუნქცია, რის წყალობითაც მან უკრაინის ომის მითოლოგიაში ადგილი დაიკავა: ომის პირველ თვეებში არესტოვიჩის პორტრეტი გამოჩნდა ლუდის ქილებზე, მისი სახელი ჟღერდა სამხედრო სიმღერებში, მასზე ასობით და ათასობით „მიმი“ გაკეთდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ არესტოვიჩი უკრაინაში საზოგადოების ნდობის რეიტინგში ერთ-ერთი ლიდერი გახდა და მისმა დიდებამ კულმინაციას მიაღწია.

მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სულ უფრო ნაკლებ უკრაინელებს სჭირდებოდათ დამამშვიდებელი - ომი ძალზე მჭიდროდ დამკვიდრდა მათ ცხოვრებაში. ხელისუფლების საკომუნიკაციო საჭიროებებიც შეიცვალა - ფრონტზე არსებულ ვითარებაზე კომენტარებს ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებდნენ.

არესტოვიჩი არსად გამქრალა. უბრალოდ უფრო „თავისუფალ ცურვაში“ წავიდა. მარკ ფეიგინის არხზე მისი ეთერები დღესაც ნახევარ მილიონამდე მაყურებელს აგროვებენ.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც მზად არის ფრონტიდან მხოლოდ კარგი ამბები გაიგოს, ის ნარკოტიკის მსგავსი გახდა.

არესტოვიჩმა, ასევე, კიევის ხელში საინფორმაციო იარაღის როლი შეასრულა, რომელიც მიმართული იყო მტრისკენ: ის ეთერების უმეტეს ნაწილს რუსულ ენაზე ატარებს და ძნელად მოიძებნება ისეთი კონტენტი, რომელიც რუსი სამხედროების დემოტივაციას მეტად ახდენს, ვიდრე არესტოვიჩის ცნობები ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.

მაგრამ ნელ-ნელა არესტოვიჩის ეთერების მიმართ პრეტენზიები სულ უფრო ხშირად ისმოდა. მას ბრალს სდებდნენ, რომ არ ჰქონდა ექსკლუზიური წვდომა ფრონტზე არსებულ ინფორმაციაზე, ის უბრალოდ შემოქმედებითად აფასებდა მონაცემებს ღია წყაროებიდან. არესტოვიჩის არაკომპეტენტურობის სიმბოლო გახდა ფრაზა „ორი, მაქსიმუმ სამი კვირა“ - მისი პასუხი კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, რაზედაც ის 2022 წლის გაზაფხულზე საუბრობდა.

მას არასაკმარისი პატრიოტიზმში სდებდნენ ბრალს - ის „კარგ რუსებს“ იცავდა და მომავალ უკრაინაში რუსული ენის დაცვაზე საუბრობდა. ის დაადანაშაულეს აჟიოტაჟის განზრახ ინსპირირებაში Youtube-ზე მაუწყებლობის მონეტიზაციისთვის და არასათანადო პოლიტიკურ ამბიციებში: დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში არესტოვიჩმა არ გამორიცხა, რომ გარკვეულ პირობებში მას შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

შემდეგ კი დნეპრი მოხდა. ფრაზა, რომ დნეპრში მრავალსართულიან სახლს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტა მოხვდა, რაც არესტოვიჩმა განაცხადა და რუსულმა პროპაგანდამ აიტაცა, როდესაც ტრაგედიის ადგილზე ნანგრევებიდან მსხვერპლთა ცხედრების ამოყვანა გრძელდებოდა, უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია მისი გუშინდელი თაყვანისმცემლების მხრიდანაც კი.

არესტოვიჩის ბოდიშის მოხდის მცდელობა: ანუ ეთერებით დავიღალე, ამიტომაც შევცდი -  „არ გამოვიდა“.

„თუ ვინმე დაიღალა, ეს უკრაინელი ჯარისკაცები არიან ბახმუტში - შენ კი სჯობია ენა გააკონტროლო“, - საყვედურობდნენ არესტოვიჩს.

არესტოვიჩის თავს ისე ხმამაღლა ითხოვდნენ, რომ ზელენსკის გუნდისთვის პრეზიდენტის ოფისში მისი შენარჩუნება საკმაოდ ტოქსიკური გახდა. არესტოვიჩი ზელენსკის ახლო გარემოცვაში ისედაც არ შედიოდა. სწორედ ამით აიხსნება ალექსეი არესტოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ.

მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლისთვის მისი გადადგომა პრაქტიკულად არაფერს შეცვლის. ის გააგრძელებს გადაცემებში მონაწილეობას და საკუთარი პროექტების პოპულარიზაციას. ვიღაცისთვის არის კერპი და სხვისთვის ავანტიურისტი - ეს მისი გადადგომის პოსტის ქვეშ კომენტარებიდანაც ჩანს.

საინტერესოა არესტოვიჩის მინიშნება, რომელშიც მან მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის სპიკერის თანამდებობიდან გასულ წელს საკუთარი გადადგომა გაიხსენა, ასევე, სკანდალების სერიის შემდეგ:

„ბოლოს, როდესაც თანამდებობიდან წავედი, ომი დაიწყო. ვნახოთ რა იქნება თვე-ნახევრის შემდეგ ამჯერად“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „დენისი, ევგენი, იურა ჩვენთან აღარ არიან... უბრალოდ არ მჯერა, პატიოსანი, პასუხისმგებელი, წესიერი ხალხი“ - დავით არახამია ბროვარის ტრაგედიაზე

👉 ტექნიკური გაუმართაობა ან ვერტმფრენის განზრახ დაზიანება - უკრაინის უშიშროების სამსახური რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

👉 პუტინი: უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის განადგურებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით

👉 ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები ააწყონ - ლავროვი