მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ უჭერს გერმანია მხარს უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების იდეას?

ტანკი „ლეოპარდი-2“

გასულმა 12 თვემ ევროპელი ლიდერები აიძულა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიდგომაზე სერიოზულად გადაეხედათ.

👉 „ლეოპარდ-2“-ის ტიპის ტანკი - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას? - BBC

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ერთი რამ დაადასტურა - ეს არის ის, რომ მშვიდობა კონტინენტზე არ შეიძლება მუდმივ მდგომარეობად ჩაითვალოს და რომ ათწლეულების განმავლობაში თავდაცვისთვის გამოყოფილი დაბალი ხარჯები ეროვნულ უსაფრთხოებაზე დადებითად არ აისახება. 

ეს განსაკუთრებით ეხება გერმანიას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თავდაცვისთვის ბევრად ნაკლებ ხარჯავდა, ვიდრე მისი მრავალი დასავლელი მოკავშირე. 

გასული წლის თებერვალში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარლამენტში სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მან გერმანიის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის 100 მილიარდი ევროს დახარჯვის პირობა დადო.

მან ასევე პირობა დადო, რომ გერმანია გაზრდის თავის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე და დაასრულებს თავის დიდ დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით გაზზე, თუმცა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ შოლცის პირობა რეალობად ვერ იქცა, გერმანიას კი ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი უკრაინაში უფრო ძლიერი იარაღისა და ტექნიკის გაგზავნას აჭიანურებს.

კრიტიკა გაიზარდა ბოლო დღეებში, როდესაც ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა ზეწოლა მოახდინეს ბერლინზე, რათა მას უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკები გაეგზავნა ან ამის უფლება სხვა ქვეყნებისთვის მიეცა.

ექსპერტების შეფასებით, ევროპის 13 ქვეყანა ამჟამად დაახლოებით 2 000 „ლეოპარდის“ ტიპის ტანკს ფლობს. აღნიშნული ტანკი კი უკრაინის მიერ კონტრშეტევის წამოსაწყებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ტანკების გადაცემის ნებისმიერი ასეთი გეგმა სრულად უნდა იყოს კოორდინირებული დასავლურ ალიანსთან, გერმანელი ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ ისინი არ დაამტკიცებენ „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გადაცემას, თუ აშშ კიევში ზოგიერთი თავისი ტანკის გაგზავნას არ დაეთანხმება.

20 იანვარს გერმანიაში დასავლელი მოკავშირეების შეხვედრა უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ უფრო ფართო შეთანხმების გარეშე დაიშალა მას შემდეგ, რაც ქვეყნის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მის მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„არსებობს კარგი მიზეზები მიწოდებისთვის და არსებობს კარგი მიზეზები მის წინააღმდეგ. ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა იყოს ძალიან ფრთხილად შეფასებული“, - განაცხადა პისტორიუსმა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განხეთქილება ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა. სულ ახლახან პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკებს გერმანიის თანხმობის გარეშე გააგზავნის.

რატომ არ უჭერს გერმანია მხარს უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების იდეას და რა მიზეზით მოქმედებს ბერლინი ფრთხილად?

დამაბალანსებელი აქტი

ტანკებთან დაკავშირებით გერმანიის ყოყმანის კრიტიკის მიუხედავად, ბერლინმა გასული წლის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. კიელის ინსტიტუტის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ უკრაინას გერმანიაზე მეტი დახმარება მხოლოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდეს. 

გერმანიამ თავდაპირველად უარი თქვა კონფლიქტის ზონებში ლეტალური იარაღის მიწოდების გრძელვადიან პოლიტიკაზე, თუმცა ახლახან გააძლიერა უკრაინაში მძიმე აღჭურვილობის მიწოდება, მათ შორის ჯავშანტექნიკისა და „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

მიუხედავად ამისა, გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ გერმანული ტანკების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევას მოსკოვი მნიშვნელოვან ესკალაციად ჩათვლის. 

ექსპერტები ამბობენ, რომ თავშეკავება ნაწილობრივ გამოწვეულია ბერლინის პრაგმატული მიდგომით ზოგადად კონფლიქტისადმი და შედარებით მოკრძალებული სამხედრო პოზიციით.

რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, გერმანიას მოუწევს საკუთარ თავს დაუსვას რამდენიმე დიდი კითხვა უსაფრთხოების შესახებ უახლოეს წლებში.

ომის დაწყების შემდეგ გერმანიის შეიარაღებული ძალების გაუმჯობესების სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ კვირას გერმანული ჯარის მოდერნიზაციის მცდელობის კრიტიკის ფონზე ქრისტინ ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ლამბრეხტს უჭირდა რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინა 100 მილიარდი ევროთი, რომელიც შოლცმა არმიის განვითარების მიზნით გასულ წელს გამოყო. 

რა სურს გერმანიას?

ის, ვინც ახლა ამ ფულის დახარჯვას შეძლებს, არის პისტორიუსი. კითხვა, რომელსაც მან და შოლცმა უნდა უპასუხონ, არის ის, თუ რამდენად სურს გერმანიას, რომ ევროპაში სერიოზული სამხედრო მოთამაშე გახდეს.

„დიახ, ჩვენ ვალდებული ვართ, მეტი დავხარჯოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ვართ ყოველგვარი მკაფიო წარმოდგენის გარეშე, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა“, - განაცხადა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორის მოადგილე კრისტიან მოლინგმა. 

მოლინგი, ასევე, მიიჩნევს, რომ გერმანიის თავდაცვის ამბიციები შეიძლება პოლიტიკური ნების გამო შეფერხდეს.

„მთავრობის შეხედულებები აგებულია ნარატივიზე, რომ გერმანია მშვიდობისმოყვარე ერია. საზოგადოების განწყობა იცვლება და შესაძლოა გარდამტეხ წერტილშია, მაგრამ ევროპის უსაფრთხოებაში გერმანიის წამყვან მოთამაშედ ქცევა ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა მოლინგმა. 

ევროპელი ოფიციალური პირები და დიპლომატები პესიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ გერმანიის პოლიტიკის რეალობა ნიშნავს, რომ ის თავდაცვის სერიოზულ რეფორმას რეალურად ვერ განახორციელებს.

გადამწყვეტი მომენტი

დიპლომატიურ წრეებში ხშირად ამბობენ, რომ გერმანიის წარმატების 21-ე საუკუნის მოდელი სამ საყრდენზეა აგებული: იაფი ჩინელი მუშახელი, იაფი რუსული ენერგორესურსები და უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები.

ბევრი თვლის, რომ დიპლომატიური პრაგმატიზმის ეს ცნობილი უპირატესობა და მხარეების არჩევის შემდგომი თავშეკავება ნიშნავს, რომ ნებისმიერი თავდაცვის რეფორმა სასტიკად შეიზღუდება.

ერთ-ერთმა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ წამყვან პოლიტიკოსებს გაუჭირდებათ ძველი ჩვევებისგან თავის დაღწევა.

„მათ აქვთ თანდაყოლილი სკეპტიციზმი აშშ-ის ღიად მხარდაჭერის წინააღმდეგ და დიდი იმედი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება გამოსწორდეს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. 

ბერლინმა უკრაინას მხარი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმითაც დაუჭირა და ბევრ ევროპულ ქვეყანას მაგალითი მისცა. 

ევროპის უსაფრთხოების რუკა ხელახლა მუშავდება, ისევე როგორც გამყოფი ხაზები საერთაშორისო დიპლომატიაში და გერმანიამ ზუსტად ახლა უნდა გადაწყვიტოს, რა სახის ხმა სურს ჰქონდეს გლობალურ უსაფრთხოებაზე მიმდინარე საუბარში. გადაწყვეტილებებმა, რომლებსაც ის მიიღებს მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების განსაზღვრაში. 

მასალა მომზადებულია CNN-ის მიხედვით. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 რა არის რუსული ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“, რომელიც პუტინმა ატლანტის ოკეანეში გაუშვა? - ვიდეო

🔴 უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა

🔴 თურქული მინი-დრონი - მფრინავი ტყვიამფრქვევი Songar (ვიდეო)

🔴 ვინ დახოცა სომეხი ტყვეები და როგორ იმოქმედებს ეს ბაქო-ერევნის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - „ბიბისის“ გამოძიება