მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ დახოცა სომეხი ტყვეები და როგორ იმოქმედებს ეს ბაქო-ერევნის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - „ბიბისის“ გამოძიება

სომხების დახვრეტა

2022 წლის სექტემბერში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რვა შეუიარაღებელი სომეხი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ერევანი იუწყება. ეს ფაქტი „ბი ბი სის“ ჟურნალისტებმა, Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა და საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა შეისწავლა. ჟურნალისტებმა კი შეისწავლეს როგორ შეიძლება მან იმოქმედოს აზერბაიჯანის და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. 

გამთენიისას მზით განათებულ მაღლობზე, შეიარაღებულმა მამაკაცებმა, რომლებმაც ახლახან დაიკავეს მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციები, იარაღის მუქარით შეკრიბეს ტყვეთა ჯგუფი ერთ ადგილზე და აიძულეს, მიწაზე დამჯდარიყვნენ და ხელები აეწიათ.

ამის შემდეგ ისმის სროლის ხმა. ერთი ადამიანი ყვირის აზერბაიჯანულად: „ვურმა! ვურმა!“ („შეწყვიეტთ სროლა“). ტყვეები ძირს ეცემიან და სროლა ცოტა ხანს კიდე გრძელდება.

მობილური ტელეფონით გადაღებული 40-წამიანი კლიპი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ტელეგრამის არხებზე. სომხეთმა აზერბაიჯანი სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და სასამართლოს გარეშე მკვლელობებში დაადანაშაულა. სომხეთის ომბუდსმენმა კრისტინა გრიგორიანმა BBC-ს განუცხადა, რომ მან ამ საქმეზე მასალები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) გაუგზავნა.

ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება და „თუ სავარაუდო პირების, სამხედრო მოსამსახურეების ბრალეულობა დადასტურდება“, მაშინ „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს“.

ვინ ისროდა და ვინ იყო მსხვერპლი

 

ვიდეოზე ჩანს, რომ სულ მცირე 15 სამხედრო მოსამსახურე 8-9 უიარაღო ადამიანის ჯგუფს ალყაში აქცევს, რომლებსაც ეცვათ ჩაფხუტები და ფორმები, რომლებიც შეესაბამება სომხეთის არმიაში გამოყენებულ ფორმას.

BBC-მ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება ვიდეოში გადაღებული ფორმა სომხეთის  შეიარაღებული ძალების ახალ ფორმებს და სომხური არმიის მიერ გამოყენებულ ჩაფხუტებს.

თავდამსხმელი ჯარისკაცების ფორმა შეესაბამება აზერბაიჯანის არმიაში გამოყენებულ ფორმას. თუმცა, კონკრეტული შენაერთის დადგენა შეუძლებელია.

Bellingcat-ის გამომძიებლებიც იმავე დასკვნამდე მივიდნენ - მათ შეადარეს უნიფორმის ფერები ვებგვერდზე camopedia.org გამოქვეყნებულ ნიმუშებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კომუფლირებული ფორმის ნიმუშებს შეიცავს.

პრო-აზერბაიჯანულ ტელეგრამში, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მასზე გადაღებული სამხედროები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმს (XTQ - xüsusi təyinat qüvvələri) ეკუთვნიან.

BBC-ის, HRW-ისა და Bellingcat-ის გამომძიებლებმა ასევე დაადასტურეს, რომ სიტყვას „ვურმა!“ („შეწყვიტეთ სროლა !“) ის პირი ყვირის, რომლის მშობლიური ენა აზერბაიჯანულია.

ტყვეების შემდგომი ბედი უცნობია, მაგრამ UC ბერკლის პროფესორი როჰინი ჰაარი ამბობს, რომ ასეთი მანძილიდან ავტომატური იარაღის სროლისას გადარჩენის შესაძლებლობა ძალიან დაბალია.

როდის და სად მოხდა სროლა?

ვარაუდობენ, რომ ვიდეო გადაღებულია 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების დროს. სომხეთის ომბუდსმენის კრისტინა გრიგორიანის განცხადებით, ინციდენტი შესაძლოა 13 ან 14 სექტემბერს მომხდარიყო.

Bellingcat-ის გამომძიებლებმა გამოიყენეს ქრონოლოკაციის ტექნიკა, მათ შორის სატელიტური გამოსახულება და მზის პოზიცია გადაღების ადგილთან მიმართებით, რათა დაედგინათ ინციდენტის დრო.

არსებული მონაცემები არასაკმარისია სროლის ზუსტი  თარიღის დასადგენად: გამომძიებლების აზრით, ინციდენტი შეიძლება მომხდარიყო აგვისტოს შუა რიცხვებში (13 სექტემბრის შემდეგ) დილის 6:00-იდან 6:30 საათამდე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრის ბრძოლები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12-13 სექტემბრის ღამით მოხდა, ყველაზე სავარაუდო დრო 13 სექტემბრის დილაა.

Peakvisor-ის სამსახურის დახმარებით გამომძიებლებმა შეძლეს დახვრეტის სავარაუდო ადგილის დადგენა.

სროლის ადგილი ემთხვევა იმას, რაც BBC-ის გუნდმა HRW-სა და Bellingcat-ის პარალელურად დაადგინა.

სომხური მხარის ინფორმაციით, ინციდენტი სომხეთის ტერიტორიაზე, იშხანასარის სიმაღლეზე, სევანის ტბის ჩრდილოეთით, „ხოვაზ-1“-ის სახელით ცნობილ სამხედრო პოზიციაზე მოხდა.

დახვრეტის ადგილის ლანდშაფტი

BBC-ის გამომძიებლებმა Bellingcat-მა შეამოწმა ლანდშაფტი Google Earth სერვისის გამოყენებით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კოორდინატებში მითითებულია მდებარეობა, რომელიც დაახლოებით კილომეტრშია იმ წერტილიდან, რომელიც BBC-ისა და Bellingcat-ის გამომძიებლებმა, ასევე, ფრანგულმა გაზეთმა Liberation-მა დაადგინა.

წითელი წერტილი იმ ადგილს აჩვენებს, რომელზედაც სომხეთის ხელისუფლება საუბრობს. ცისფერი - წერტილია, რომელიც გამომძიებლებმა გეოლოკაციის მიხედვით დაადგინეს. ისრები ხედვის მიმართულებას აჩვენებს.

გამომძიებლებმა ვერ დაადასტურეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ვერ იპოვეს შესატყვისი ვიდეოსა და იშხანასრის სიმაღლის ტერიტორიის ლანდშაფტს შორის.

BBC-ის ექსპერტების აზრით, თუ სროლის კუთხეს გავითვალისწინებთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონში ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ წერტილზე (დიაგრამაზე ლურჯად მონიშნული). სსრკ-ის დაშლის შემდეგ აქ საზღვარი არ დადგენილა, ვინაიდან 1990-იანი წლებიდან ეს რეგიონი ერევნის კონტროლის ქვეშ იყო.

სომხეთმა აზერბაიჯანი ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა და მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც განიხილავს სახელმწიფოების პრეტენზიებს ერთმანეთის მიმართ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა „საგამოძიებო მოქმედებები“ ვიდეოს ჩვენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სისხლის სამართლის 10 საქმე აღძრა.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ელჩინ მამედოვმა BBC-ის აზერბაიჯანულ სამსახურს სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განუცხადა „გამოძიების საიდუმლოების“ მოტივით, თუმცა აღნიშნა, რომ „ვიდეოში არის გაყალბების გარკვეული ელემენტები“.

ბევრ დამკვირვებელს, აზერბაიჯანის წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მცირე იმედი აქვს, რომ ბაქო ამ მხრივ რაიმე რეალურ ზომებს მიიღებს.

„როდესაც 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ სომეხი ჯარისკაცების წამების ვიდეო გავრცელდა, აზერბაიჯანელმა პროკურორებმა მაშინაც პირობა დადეს, რომ განახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს და რამდენიმე ეჭვმიტანილიც დააკავეს. თუმცა, გამოძიება შეჩერდა და არავინ გაასამართლეს. 2020-2022 წლებში დაპატიმრებული მინიმუმ ერთი სამხედრო მედლით „სამშობლოს სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს კიდეც. არც სომხეთში გაუსამართლებიათ ვინმე სამხედრო დანაშაულებისთვის“, -  წერენ ჯოშუა კუჩერა, ანი მეჯლუმიანი და ულკერ ნატიგიზი eurasia.org-ში გავრცელებულ სტატიაში.

8 ნოემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების მეორე წლისთავი აღნიშნა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 13-14 სექტემბრის მოვლენები „სომხეთისთვის გაკვეთილი უნდა იყოს“. მას არაფერი უთქვამს ბაქოსა და ერევანს შორის ნდობის აღდგენისთვის შესაძლო ნაბიჯებზე. ორი წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსიძულვილის ატმოსფერო კი არ შესუსტდა, პირიქით, ის გაძლიერდა.

„პრეზიდენტ ალიევის გამოსვლა შუშაში, სადაც ის სომხეთს „მტერს“ უწოდებს და სექტემბერში ჩატარებულ „გაკვეთილზე“ საუბრობს, დამთრგუნველ გრძნობას იწვევს“, - წერს ტვიტერზე ყარაბაღის შესახებ წიგნის ავტორი თომას დე ვაალი.

მან, ასევე, გაიხსენა, რომ ომიდან ორი წლის შემდეგ ბაქომ და ერევანმა კვლავ ვერ აღადგინეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, როგორც ეს 2020 წლის ომის დასრულების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

თითოეული მხარე ცდილობს, გაამართლოს საკუთარი ხისტი პოზიცია იმით, რომ მეორე მხარეს მშვიდობა არ სურს. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ „სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული აგრესიული ომის ფაქტებზე და ყარაბაღის მეორე ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე“ სისხლის სამართლის 87 საქმე აღძრა.

რეგულარულად ვრცელდება ცნობები შეტაკებებისა და სამხედროების დაღუპვის შესახებ, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე, ასევე მთიან ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ მყოფ ზონაში. ამავდროულად, აზერბაიჯანული მედია სომეხ მებრძოლებს ყარაბაღში არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებებს უწოდებს, სომხური მედია კი - არცახის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.

ისტორიის მძევლები

„თუ რატომ ენიჭება  უპირატესობა სამხედრო მეთოდებს, ეს საკითხი იმ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, თუ როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი თავიდანვე“, -  ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლის წარმომადგენელი ლეილა ალიევა.

„ფაქტობრივად, სამხედრო მეთოდების გამოყენება ქვეყნებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლის ცუდი ფუნქციონირების გამო ხდება. მაგალითად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას, როგორც ეს იყო ყარაბაღის პირველ ომში, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტის გამო არანაირი სანქციები  ან ზეწოლის სხვა მექანიზმები არ განხორციელებულა“, - ამბობს ლეილა ალიევა.

აზერბაიჯანი ხშირად იხსენებს გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციას, რომელიც მიღებული იყო ყარაბაღის პირველი ომის დროს, 1993 წელს, რომელიც გმობდა სომხური ძალების მიერ აზერბაიჯანის რეგიონების დაკავებას და შეიარაღებული რაზმების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. სომხეთმა არცერთი რეზოლუცია არ შეასრულა და მათ მიღებას არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლა ერევანში სხვანაირად ჩანს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირველივე დღიდან, ბაქო აქტიურად ახორციელებს სამხედრო დიპლომატიის პოლიტიკას. ის ცდილობს ისარგებლოს ძალის აშკარა ვაკუუმით სამხრეთ კავკასიაში და არსებული სამხედრო დისბალანსით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - ამბობს სომეხი პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი.

მისი აზრით, ეს არის ერთგვარი შემაკავებელი ტაქტიკა, რათა აიძულოს სომხეთი დაეთანხმოს აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებას, თუ მას შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება სურს.

ის იხსენებს, რომ „სომხეთი აზერბაიჯანის მოთხოვნებს უკვე დათანხმდა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის დროს და დათანხმდა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, ასევე წლის ბოლომდე დელიმიტაციის პროცესის დასრულებას“.

მაგრამ საზღვრებისა და სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმება რომც იყოს შესაძლებელი, ორივე ქვეყნის მოსახლეობის თვალში აუცილებლად მისი ლეგიტიმაციის საკითხი დადგება. სამუშაო შეთანხმებისთვის კომპრომისებია საჭირო, მაგრამ ამისთვის ჯერ არცერთი მხარე არ არის მზად. და რაც უფრო მეტი სისხლი დაიღვრება, მით უფრო გრძელი იქნება ნდობის აღდგენისთვის აუცილებელი მანძილი.

როგორ შეიძლება მოსახლეობაში  სამშვიდობო შეთანხმების „გაყიდვა“?

ტიგრან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა „არ შეცვლის მოლაპარაკებების პროცესში არსებულ დინამიკას. თუმცა, ის სერიოზულად გაართულებს სომხეთის მთავრობის ამოცანას, „მიყიდოს“ სამშვიდობო ხელშეკრულება ფართო საზოგადოებას“.

მისი თქმით, სომხეთში არის დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ქვეყანას უსამართლო მშვიდობაზე ხელის მოწერა უწევს.

„აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულებები მნიშვნელოვნად ამყარებს ასეთ განწყობებს“, - ამბობს ის.

„კონფლიქტების დროს ადამიანები მოწინააღმდეგე მხარის საზოგადოებას განიხილავენ, როგორც ერთგვარ მონოლითურ ერთობას, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა და სადაც ყველა იმსახურებს ერთნაირ მოპყრობას“, - ამბობს სომეხი ჟურნალისტი და მწერალი მარკ გრიგორიანი.

„და ვიდეოები, რომელზედაც იმ ადამიანების მიმართ სისასტიკე არის ნაჩვენები, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ, სომხეთში აზერბაიჯანული მხარის მიმართ უკიდურესად ნეგატიურ სტერეოტიპებს ამკვიდრებს“. 

მარკ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ სომხეთში აზერბაიჯანელებს „თურქებს“ უწოდებენ და ამით, გადმოსცემენ ყველა ემოციას, რომელიც დაკავშირებულია „ნამდვილ“ თურქებთან და  1915-1923 წლებში მომხდარ სომხების ხოცვა-ჟლეტასთან.

„თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ, თუ რამდენად ღრმაა მტრობის, მიუღებლობისა და ზიზღის უფსკრული, რომელიც ახლა კიდევ უფრო გაღრმავდა“.

აზერბაიჯანის საჯარო სივრცეში მეზობლების შესახებ დადებითად იშვიათად საუბრობენ. სოციალური ქსელები აწარმოებენ კამპანიას მათ წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება სომხეთზე სამხედრო ზეწოლას, ჰეშთეგით „იცნობდე მოღალატეს“.

BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის  დაწყებით სკოლაში ხუთი-ექვსი წლის ბავშვებს ასწავლიან შეძახილს „სიძულვილი“! „სიძულვილი მტრის მიმართ!“  ასევე ლოზუნგს: „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“.

2022 წელს აზერბაიჯანმა პატივი მიაგო ხოჯალის ტრაგედიის ასობით მსხვერპლის ხსოვნას, სომხური ძალების მიერ აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას ყარაბაღის პირველ ომში. აზერბაიჯანი დამნაშავეების გასამართლებას მოითხოვს. სომხეთში კი დღეს არსებობს  მოსაზრება, რომ ეს ტრაგედია თავად აზერბაიჯანელების ორგანიზებულია.

ყარაბაღის კონფლიქტი: შეთქმულების ორი თეორია

რუსი სამხედროები პატრულირებენ გამყოფ ხაზს თავად მთიან ყარაბაღში და ასევე, არიან განლაგებული თავად სომხეთში. თუმცა, რუსეთის გავლენა რეგიონში სუსტდება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. კონფლიქტის შუამავალ დასავლეთის ქვეყნებს დიდი ძალისხმევა უწევთ, რათა მხარეებმა მორიგი ესკალაცია თავიდან აიცილონ, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.

ზოგიერთი დამკვირვებლის პესიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, ბაქო და ერევანი მაინც მიდიან, თუმცა ნელა, შეთანხმებისკენ, რომელიც შეიძლება იყოს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისკენ 2020 წლის დოკუმენტის შემდეგ. სექტემბერში მომხდარი სისხლისღვრა ბაქოში და ერევანში განსხვავებულად ჩანს: ზოგისთვის ეს არის „მშვიდობის აღსრულება“, ზოგისთვის კი არგუმენტის დადასტურება, რომ „ძალისმიერი ზეწოლა მუშაობს“.

რაც მოხდა სექტემბერში

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის მთელ მონაკვეთზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აზერბაიჯანმა სომხეთი პროვოკაციებსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კომუნიკაციების დანაღმვის მცდელობაში დაადანაშაულა.

სომხეთმა კი აზერბაიჯანს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრაში დასდო ბრალი. ბაქო ამას უარყოფს.

აქტიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ბაქომ ხაზი გაუსვა რუსეთის შუამავლობას, ერევანი კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წვლილიც ძალზე მაღალი იყო. ორივე მხარეს ამ შეტაკებაში 280 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

ნოემბერში, ომის დამთავრების მეორე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სექტემბრის ბრძოლების მიზანი აზერბაიჯანის არმიის მიერ სტრატეგიულ სიმაღლეებზე კონტროლის დამყარება იყო.

გარდამავალი სამართალი?

რთულად წარმოსადგენია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მართლმსაჯულება საკუთარი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში გარკვეული კრიტიკა იყო ტყვეების დახვრეტის  ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ამ თემას ფართო პოლემიკა  არ მოჰყოლია.

„ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ არც პირველი და არც მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, ომის დანაშაულები არცერთმა მხარემ არ გამოიძია და საზოგადოებებმა ეს „ახალ ნორმად“,  აღიქვეს“,  - ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციის აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი ზაურ შირიევი. 

ეთნიკური კონფლიქტები არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ იქ, სადაც ისინი წარმატებით მოგვარდა, გარდამავალი მართლმსაჯულების სისტემა სამშვიდობო პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარა.

გარდამავალი მართლმსაჯულება არის სამართლებრივი და არასამართლებრივი პროცესების ჰიბრიდული გამოყენების მექანიზმი, რათა ქვეყნებს, რომლებშიც ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები მოხდა, რთული პოლიტიკური მემკვიდრეობის გადალახვაში დაეხმაროს.

გარდამავალი მართლმსაჯულება გამოიყენებოდა ბევრ კონფლიქტში, სადაც სტანდარტული პროცესის გამოყენების მცირე შანსი იყო.

კანადასა და ავსტრალიაში ძირძველი ხალხების მიმართ ისტორიული უსამართლობის მიმართ სწორედ ეს მექანიზმი გამოიყენებოდა.

სამხრეთ აფრიკის ჭეშმარიტებისა და შერიგების კომისიამ პოსტ-აპარტეიდის ქვეყანაში გარდამავალი მართლმსაჯულებისთვის პირობები შექმნა.

სამხრეთ აფრიკაში 1990-იან წლებში შეიქმნა ჭეშმარიტებისა და შერიგების კომისია, რომელსაც არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ ხელმძღვანელობდა. კომისიის სხდომებზე აპარტეიდის ძალადობის ორივე მხარე გამოდიოდა, დამნაშავეებმა კი ამნისტიის სანაცვლოდ ჩადენილი ფაქტები აღიარეს.

ბევრის აზრით, სწორედ ეს კომისია სამხრეთ აფრიკას დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი სრულყოფილისგან შორს იყო, ის  გარდამავალი მართლმსაჯულების დიდ წარმატებად ითვლება.

მისი გამოყენება, ასევე, ბალკანეთში სისხლიანი ეთნიკური ომების შემდეგ სცადეს. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც  გაეროს მიერ შეიქმნა 1993 წელს, ბრალი წაუყენა 160-ზე მეტ ადამიანს, 59-ს პატიმრობა მიესაჯა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განაჩენი, რომლის მიხედვით სრებრენიცაში ხოცვა-ჟლეტა, სადაც სერბმა სამხედროებმა 8000 მუსლიმი კაცი მოკლეს,  გენოციდად იყო აღიარებული. მაგრამ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში პროცესი შეფერხდა“, - იხსენებს BBC-ის სერბული სამსახურის უფროსი ალექსანდრა ნიკშიჩი: მოწმეების დაშინებამ, რეგიონულ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ ომის დანაშაულებზე სრული სიმართლე დადგენილი არ არის.

როგორ მოვიშუშოთ ჭრილობები?

„სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარდამავალი სამართლიანობის ელემენტების შემოტანა აუცილებელია და ეს უნდა აისახოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში“, -  განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა ზაურ შირიევმა.

ორივე მხარის უნდა გაჩნდეს იარებიც მოშუშების მექანიზმი, რადგან 30-წლიანი  კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის მიმართ ნდობა ძალზე მცირეა.

ზოგადად გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმს და კონკრეტულად მოვლენებსა და რეპარაციების შესახებ სიმართლეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ეს კი პროცესის წარმართვისთვის აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ პრესას საჭიროებს.

„სამწუხაროდ, 2020 წლის ომის შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ აქტიურობას, - ამბობს შირიევი, - და თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ გავხდებით  ახალი სამხედრო დანაშაულების მომსწრენი და ორივე ქვეყნის საზოგადოება გაამართლებს მათ“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი, დიდი ალბათობით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის გაფართოებას ვერ შეძლებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები ოკუპანტის ლოჯისტიკის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციის მცირე წარმატებები ბახმუტთან - საბრძოლო რუკები

👉 „ვაგნერის“ შტაბ-ბინაზე იერიში მივიტანეთ, იქ მყოფთა უმრავლესობა მოკვდა - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთი ლუკაშენკოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს - ISW

👉 უკრაინა დღეს მოლდოვას თავისუფლებასაც იცავს - მაია სანდუ