პოლიტიკა

„სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს, კადრების გავრცელება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019
1637158947
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია და მას შესაბამისად უნდა მოეპყრონ. 

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება, ეს მას კარგად გააზრებული ჰქონდა და მიუხედავად ამისა, მაინც ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.

ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. 

მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს მისი ღირსება, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა გაეცეს პასუხი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ ახლანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას არ უნდა დაემსგავსოს.

ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად გადაწყვიტა შიმშილობა და თავად ცდილობს, მართოს ეს პროცესი, ეს არც ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მისი ჯანმრთელობის საკითხით დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და კიდევაც არის.

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ აქვს წარმოდგენა, თუ რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილ იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას, შიმშილობისას თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე ანუ, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ ამ მიმართულებითაც, ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებსა და პრეტენზიებს. რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითაც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობა.

ინფორმაციის ნაკლებობა კვებავს მღელვარებას, ინფორმაციის და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები იწვევს მეტ გაურკვევლობას და მღელვარებას საზოგადოებაში. თავის მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციისა და სპეკულაციის ნაცვლად ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას და არა ნაწილობრივ.

ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავიაზროთ ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირისპირების მცდელობები. ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს