მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს.

აზარაშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. 

„ბატონ ამირანს მოგეხსენებათ, დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას.  შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი საუბარი გუშინ ნამდვილად გვქონდა. უახლოეს დღეებში ის შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და ქალბატონი თამარ გაბუნია იქნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამ ეტაპზე, ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან წასვლა კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან.

„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს ამ თანამდებობას და ასპარეზს უთმობს უკვე სხვა ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. გამყრელიძე აცხადებს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. 

„მომავალ კვირას გავაკეთებ განცხადებას, სადაც დეტალურად ვისაუბრებ თანამდებობიდან წასვლის შესახებ“, - გვითხრა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე 1997-2001 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობისა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში - მინისტრი.

2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

გამყრელიძეს ეკუთვნის შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლების, აქტუალური სამეცნიერო საკითხებისა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ.

2002 წელს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ამირან გამყრელიძეს თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

🔴 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია