საზოგადოება

„მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1653999109
დაკოპირებულია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ  პრესკონფერენციაზე, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მაიმუნის ვირუსი ახალი არ არის და მასზე ბევრი ინფორმაციაა ცნობილი. 

როგორც ალერგოლოგი აღნიშნავს, „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას მასშტაბური პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია.

„მაიმუნის ყვავილი ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი მსოფლიოსთვის ცნობილია. „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“. არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც 2019 და 2021 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ „მაიმუნის ყვავილზე“. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, რომელიც 85%-იანის ეფექტურობის არის, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. 2003 წელსაც ამერიკაში დაფიქსირდა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები, რომლის შესახებაც არცერთ ჩვენგანს არ გაგვიგია“,  - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის თქმით, „მაიმუნის ყვავილის“ 2 შტამი არსებობს და ევროპაში ნაკლებად სუსტი შტამია გავრცელებული. 

„მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული, ეს ენდემური დაავადებაა. მაგრამ ახლა ყურადღება მიიქცია იმან, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება კაცებში. არცერთ მათგანს აფრიკული მოგზაურობის ისტორია არ აქვს. „მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს.

ადამიანებთან, აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. თუმცა, მაინც საყურადღებოა ორსულებისთვის, 8 წლამდე ბავშვებისთვის და იმუნოკომპრომეტირებული ადამიანებისთვის.

ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი და ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. შეიძლება, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი არ დაფიქსირდეს, მაგრამ აუცილებელია ქვეყანას ვაქცინის და მედიკამენტების მარაგი ჰქონდეს. ვაქცინა არის სიმშვიდის გარანტია“, - დასძინა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

თუ ეს დაავადება ევროპისთვის ენდემური გახდება, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე - წერეთელი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ „მაიმუნის ვირუსი“ საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია - გიორგი ფხაკაძე

❗ როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები

❗ გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?