მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიმდინარე გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმე სიმპტომებით ხასიათდება - ივანე ჩხაიძე

ექიმი

„კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტი საქართველოშიც ფიქსირდება, მაგრამ მიმდინარე გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმე სიმპტომებით ხასიათდება“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკს ჯგუფებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირაში აღწევს დამცველობით უნარს. 

„როდესაც საუბარია მწვავე რესპირაციულ ვირუსებზე, ეს არ არის ერთგვაროვანი ჯგუფი, ამ ვირუსების ქოლგის ქვეშ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის ვირუსია გაერთიანებული, დაწყებული კორონავირუსიდან, დამთავრებული გრიპის ვირუსით. 

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლებია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. გრიპის ვაქცინაცია იქნება, პირველ რიგში, გასათვალისწინებელი რისკის ჯგუფების მოსახლეობისთვის, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ყველაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ გარკვეულ რისკის ჯგუფებზე, რომელსაც მიეკუთვნება - 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, 65 წელს გადაცილებული ადამიანები, ქრონიკული დაავადებებით, ექიმები, სამართალდამცველები. მათთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა ამ დაავადების თავიდან აცილების. 

ვაქცინაციას გარკვეული ვადები აქვს. გრიპის ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირაში აღწევს  თავისი დამცველობითი უნარის მაქსიმუმს, ამიტომ რაც შეიძლება ადრე უნდა გაკეთდეს. გრიპის ვაქცინის გაკეთება იქნება პრიორიტეტული.

პირბადის ტარება, რომელიც გვიცავდა კორონავირუსისგან, ასეთივე წარმატებით გვიცავს სხვა ტიპის ვირუსებისგან. თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს მსუბუქი გაციება, სჯობს დარჩეთ სახლში, ვინაიდან ამ სიმპტომის უკან არავინ არ იცის რა დაავადება იმალება. ინფიცირების მცირე  სიმპტომების შემთხვევაშიც კი დარჩით სახლში, რათა საფრთხეს უქმნით გარშემომყოფებს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

ჩხაიძე ამბობს, რომ დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰონკონგის H3N2 ვირუსი. 

„ახლა ქვეყანაში ძირითადად 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს - რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი და, რა თქმა უნდა, კორონავირუსი. კორონავირუსი არსად არ გამქრალა. მისი შემთხვევები მცირეა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის ეს წელი, შეიძლება იყოს ამ პანდემიის ბოლო წელი. ასევე, ქვეყანაში ფიქსირდება გრიპის შემთხვევები, ადენოვირუსი.

ე.წ ჰონკონგის  H3N2 ვირუსი ახლა უპირატესია, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტი საქართველოშიც ფიქსირდება, მაგრამ მიმდინარე გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმე სიმპტომებით ხასიათდება:

✔️ მაღალი ტემპერატურა

✔️ ძლიერი საერთო სისუსტე

✔️ თავის და ყელის ტკივილი

✔️ სახსრებისა და კუნთების ტკივილი

✔️ ხველა

✔️ უმადობა

ყველაფერი ეს გრიპს შეესაბამება. ახლანდელი ზამთრის პერიოდში ჩვენი უპირატესი საზრუნავი და საფრთხე პრევენციის თუ მართვის თვალსაზრისით იქნება გრიპის ვირუსი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს კორონავირუსის არსებობა“, - დასძენს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია

👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

👉 „გრიპის ვირუსი პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწევს, კორონავირუსის ხვედრითი წილი დაახლოებით 10%-ია ამ ვირუსებში“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები