საზოგადოება

🎥 ვლადიკავკაზში საქართველოს საზღვართან გადაადგილება შეიზღუდა

გადაადგილების შეზღუდვა
1663938059
დაკოპირებულია

ვლადიკავკაზში ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო საქართველოს საზღვრის მიმართულებით საგუშაგოებზე გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ Ekhokavkaza ტელეგრამის რამდენიმე არხზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეგრამ არხის Koleso Balsaga-ს ცნობით, შეზღუდვები 23 სექტემბრის ღამეს ამოქმედდა. ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველები მძღოლებს არ უშვებენ, რადგან ზემო ლარსის წინ მრავალკილომეტრიანი საცობია.

ვიდეოში ნაჩვენებია ათობით გაჩერებული მანქანა. ვიდეოკადრების ავტორი ამბობს, რომ სანომრე ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ესენი არიან ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონების, ასევე, ვოლგის რეგიონის მცხოვრებლები.


მედიასაშუალება წერს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება არსებული ვითარების შესახებ ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს. 

ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ზემო ლარს-ყაზბეგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ქვეყნიდან გასვლის მსურველების გამო რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის თქმით, საცობის სიგრძე 15 კმ-ს აღწევდა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცობი შეიქმნა არა მხოლოდ წასვლის მსურველთა რაოდენობის, არამედ იმის გამო, რომ რუსი მესაზღვრეები მოქალაქეებს დიდი ხანი აყოვნებენ საზღვარზე. 

გარდა ამისა, BBC საქართველოში ჩამოსულ რუსებს ესაუბრა. მათ კონფიდენციალურად არჩიეს დარჩენა და  რუსეთიდან წასვლის მიზეზად იქ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დაასახელეს. 

„ჩვენ ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავით დასასვენებლად. ახლა კი ისევ დავბრუნდით“, - ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხზე, 22 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ  ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან შემოსულ და გასულთა რიცხვს შორის მკვეთრი განსხვავება და ზრდა არ ყოფილა.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის ქართული მხარე უწყვეტად მუშაობს. ისინი მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის რეგიონებში ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, ასევე, ურალისა და ციმბირის რეგიონების დიდ ქალაქებში. 

ამავე თემაზე: 

✔️ „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია - კახა ქემოკლიძე

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე

✔️ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

✔️ „არა მობილიზაციას“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაანონსდა