მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას“ - გიორგი ფხაკაძე

„მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება“
1630415818
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი თქმით ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა.

„ქვეყანაში არის უმძიმესი ეპიდვითარება, ტრანსპორტი კი არა, პირველ ივლისს ქვეყანა ჩასაკეტი იყო. ეს ახლა, რაც ხდება, არის მოჩვენებითი ჩაკეტვა. ვხედავთ, რომ შედეგი არ მოგვიტანა დროებითმა ჩაკეტვამ, დრამატული სურათი არ შეიცვალა. სიკვდილიანობა არის მაღალი, შესაბამისად ეს შეზღუდვები არაეფექტიანია.

მიზეზი არის მარტივი, წინასაარჩევნო პერიოდია, მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა მიიღოს. პრაქტიკულად, პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და აქედან გამომდინარე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გამოსავალი არის ერთადერთი - ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტით. კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში კორონავირუსი ჩაცხრება, თუმცა, მისივე თქმით, იანვარში მოსალოდნელია კორონავირუსის მეხუთე ტალღა.

„15 ივნისს ვთქვი, რომ იქნებოდა მეოთხე ტალღა და ამისთვის მომზადებული უნდა ვყოფილიყავით. ასევე, ვიძახდი, 2021-2022 სასწავლო წელი კარგად უნდა დაგვეგეგმა. იანვარში იქნება მეხუთე ტალღა. არ შეიძლება სულ გავიხსნათ. ვიცით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში ვირუსი ჩაცხრება და გვექნება საკმაოდ წყნარი ნოემბერ-დეკემბერი. არასწორია, როდესაც ერთი დღით ადრე გვეუბნებიან - სკოლები იხსნება და ერთი დღით ადრე იკეტება, ეს არის სტრესის გამომწვევი“, - განმარტა ჯანდაცვის ექსპერტმა.

გიორგი ფხაკაძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებში ჯგუფები მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და სასწავლო პროცესი ისე დაგეგმონ, რომ მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში განათლების მიღება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

„პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, უნდა იყოს ვენტილაცია და დაცული იყოს სანიტარიული ნორმები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონდიცირება. სკოლაში, დაწესებულებაში არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი მოსწავლე. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და გავყოთ ჯგუფები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დალაგებულად და ჭკვიანურად, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ?! - გავიხსნებით, დავინფიცირდებით და ისევ დავიკეტებით. მთელი ეს წელი უნდა დავგეგმოთ ისე, რომ ბავშვებს მივცეთ საშუალება სკოლაში მივიდნენ და არა ისე, ბავშვები დაინფიცირდნენ და გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები.

საქართველოში სტატისტიკა გახდა პოლიტიკური იარაღი. პისიარ ტესტს 40% ცდომილება აქვს და ანტიგენ ტესტი კი 50/50 მუშაობს. ის ტესტებიც კი, რაც ტარდება ,40% ცრუ ინფორმაციას გვაძლევს. რეალობა არის ის, რომ გვაქვს მაღალი სიკვდილიანობა და ამას ვუყურებთ. გარდაცვლილთა ციფრი უნდა გამრავლდეს 2-ჯერ. გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით რამდენია? 2-ჯერ უფრო მეტია. დღეს, რომ ვინმე კიდევ ლაპარაკობს, „კოვიდი არ არსებობს“ და ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ეს ხალხი ქვეყნის მოღალატეები არიან“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე Pia.ge-სთან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

👉 მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

👉 „4 ოქტომბერს, ქალაქებში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა აუდიტორიებში განახლდება“

👉 საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებენ