უცხოეთი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და პოლონეთი უპილოტო საფრენი სისტემების ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან. შესაბამის მემორანდუმს კიევში ხელი მოაწერა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინსკა-კამიშმა.სამუშაო ჯგუფის ერთობლივი სასწავლო პროგრამები იქნება: უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ოპერატიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა, დრონების გამოყენებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება და ტესტირება, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირება, უკრაინისა და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფა. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს ნატოს თავდაცვის მინისტრებისადმი მიმართვის წერილს, რომელშიც მოკავშირეებს მოუწოდებენ, გაგზავნონ ექსპერტები ერთობლივი ანალიზის, წვრთნებისა და განათლების ცენტრში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მის პროექტებში.
უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის ოლქში, დობროპილიასა და პოკროვსკის მახლობლად კონტრშეტევას ახორციელებენ. გათავისუფლებულია 160 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, ხოლო რუსეთის დანაკარგებმა ათას ჯარისკაცს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკი დონეცკის ფრონტზე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. იქ მან სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა და დონეცკის ოლქში კონტრშეტევის პირველადი შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინა.„ამჟამად ჩვენ ვატარებთ ერთ-ერთ კონტრშეტევით ოპერაციას დონეცკის მიმართულებით, პოკროვსკის და დობროპილიას რაიონებში. იყო ინტენსიური ბრძოლები, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ რუსებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენება“, - აღნიშნა მან.პრეზიდენტის თქმით, უკრაინულმა ჯარებმა, ფაქტობრივად, ჩაშალეს რუსების სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია, რომელიც მათ დაგეგმეს და იმედი ჰქონდათ, რომ განახორციელებდნენ მას შემდეგ, რაც სუმის ოლქში რუსული შეტევითი მცდელობა „ჩავარდა“.ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ 18 სექტემბერს კონტრშეტევითი ოპერაციის პირველადი შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინა.„ოპერაციის დაწყებიდან ჩვენმა ჯარისკაცებმა უკვე გაათავისუფლეს 160 კვადრატული კილომეტრი და კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი გაიწმინდა ოკუპანტისგან... ამ ტერიტორიაზე შვიდი დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია, ხოლო კიდევ ცხრა რუსებისგან გაიწმინდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საერთო ჯამში, კონტრშეტევის დროს 2500-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანეიტრალეს. მათგან 1300-ზე მეტი დაიღუპა, კიდევ ასი ტყვედ ჩავარდა, რითაც „გაცვლითი ფონდი“ გაიზარდა. დობროპილიასა და პოკროვსკის რაიონებში შესული რუსების ყველა ჯგუფი განადგურდა.„ვამაყობ ჩვენი ჯარისკაცებით, ვამაყობ ჩვენი ხალხით. ამ ომში უკრაინა პოულობს დაცვას ყოველგვარი რუსული სისასტიკისგან. ჩვენ ვაფერხებთ ყველა რუსულ გეგმას - ჩვენი სახელმწიფოს განადგურების გეგმებს. ჩვენი თავდაცვა ყოველთვის აქტიურია“, - დასძინა ზელენსკიმ.
ესტონეთის მთავრობამ მომავალი წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე სრული აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ რომელმაც მთავრობას სანქციების გახანგრძლივების წინადადება წარუდგინა, განაცხადა, რომ მიზანი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრული აკრძალვის დაწესებაა.„ამჟამად, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შეძენა და იმპორტი დაშვებულია, იმ პირობით, რომ ის არ გამოიყენება გამანაწილებელ ქსელში. ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, იმპორტის აკრძალვა გავრცელდება გამანაწილებელი ქსელის გარეთ იმპორტირებულ თხევად ბუნებრივ აირზეც“, - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეცვალა თავისი ამბიციები და ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.„ვეძებთ გზებს, რათა შევამციროთ შემოსავლები, რომლითაც რუსეთი თავის სამხედრო მანქანას კვებავს“, - აცხადებს მინისტრი. ფინეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ასევე შეზღუდეს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი.
უკრაინის ბლოკგარეშე და არაბირთვული სტატუსი ამ ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გარანტიაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.„შეგახსენებთ, რა არის უკრაინისთვის უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია – მისი დაბრუნება იმ ფუნდამენტურ დოკუმენტებთან, რომლებსაც მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა ეფუძნებოდა“, აღნიშნა ზახაროვამ.მისი თქმით, ამ დოკუმენტებში გაწერილი იყო უბირთვო, ნეიტრალური, ბლოკგარეშე სტატუსი, რაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს წარმოადგენს.„ეს არის ის, რაც მან თავად დაუდგინა საკუთარ თავს, როდესაც აიღო ვალდებულება, იცხოვროს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაატაროს მშვიდობიანი პოლიტიკა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას. ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ტერორიზმზე პასუხისმგებლები არიან ძალადობის დამფინანსებელი ორგანიზაციები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც აქეზებენ ძალადობას, არეულობას და ახდენენ ახალგაზრდების რადიკალიზებას. ვენსის თქმით, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს. „თუ ხალხს ამერიკის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ მემარცხენე ძალადობის და მემარცხენეთა რადიკალიზაციის ქსელის დამფინანსებელთა ორგანიზაციები გამოვავლინოთ. თუკი ხალხს აქეზებთ და აფინანსებთ, რომ პოლიტიკური ძალადობა ჩაიდინონ, მაშინ ისე მოეპყარით, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა გებრძოლოთ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი? უნდა დავადგინოთ, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზება, და ვინ აფინანსებს ამას. პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას“, - განაცხადა ვენსმა.
დონეცკის რეგიონული პოლიციის ცნობით, 18 სექტემბრის დილით რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.„დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, რუსეთის არმიამ ქალაქის საცხოვრებელ უბანზე 250 კილოგრამიანი ავიაბომბი ჩამოაგდო. რუსებმა ორი ქალი, 62 და 65 წლისები, და სამი მამაკაცი, 65, 67 და 74 წლისები, მოკლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოთხი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.დონეცკის სპეციალური ოპერაციების მეთაურმა ვადიმ ფილაშკინმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქში მცხოვრები ყველა მშვიდობიანი მოქალაქე რუსული დაბომბვის პოტენციური მსხვერპლია.
მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად კომპრომისებზე წავიდეს იმ პირობით, რომ რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.„ჩვენ გვესმის და პრეზიდენტმა პუტინმა ეს არაერთხელ თქვა, რომ, საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმებები - ეს არის კომპრომისი. მზად ვართ, ვეძებოთ ისინი იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში, უკრაინაში რუსი ხალხის ლეგიტიმური ინტერესები, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება ასეთი შეთანხმების სხვა მონაწილეების ლეგიტიმური ინტერესები“, - აღნიშნა ლავროვმა.გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციაში ესმით ნატოსთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.მისივე თქმით, „არის იმის გაგება, რომ ყირიმში და სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების უგულებელყოფა არ შეიძლება“.„ნებისმიერ შეთანხმებაში აუცილებელია ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება. კონკრეტულად როგორ – დაუყოვნებლივ, ეტაპობრივად – ეს სხვა საქმეა. მათ აღიარეს ჩვენი მიდგომების არსი და მუშაობენ ამ საფუძველზე“, - აღნიშნა ლავროვმა.
უკრაინამ რეპატრიაციული ღონისძიებების შედეგად კიდევ 1 000 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით. ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.„დღეს ჩატარდა რეპატრიაციული ღონისძიებები. უკრაინაში დაბრუნდა ათასი ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.საკოორდინაციო შტაბმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ასევე. უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალს დახმარებისთვის.
ინგლისის ესექსის საგრაფოში ორი კაცი და ერთი ქალი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ლონდონის პოლიცია იუწყება. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.დაკავებულები 35, 41 და 46 წლის არიან. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ესექსის ორ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით სამივე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.დიდი ბრიტანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილთა მოქალაქეობას შესახებ ის ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზ III-ს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას.როგორც X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ აღნიშნა, „უკრაინა დიდად აფასებს გაერთიანებული სამეფოს ურყევ და პრინციპულ პოზიციას“.„როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ყველანი მტკიცედ უნდა დავდგეთ და დიდი ბრიტანეთი კვლავაც ლიდერობს თავისუფლების დაცვაში მრავალ ფრონტზე. ერთად ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და თავისუფლების მოყვარული ერების - დიდი ბრიტანეთის, ჩვენი ევროპელი პარტნიორების და აშშ-ის - მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ ღირებულებების და სიცოცხლის დაცვას. ჩვენ გაერთიანებულები ვართ დიპლომატიის ეფექტურობისა და ევროპის კონტინენტზე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობებში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.ამ კონტექსტში, ზელენსკიმ ასევე ახსენა გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონის ხელმოწერა.„გუშინ უმაღლესმა რადამ დიდი თანხმობით დაუჭირა მხარი ამ ისტორიულ შეთანხმებას და დღეს მე მას ჩემი ხელმოწერით პარლამენტს ვუბრუნებ“, - დასძინა მან. I extend my deepest thanks to His Majesty King Charles III @RoyalFamily for his steadfast support. Ukraine greatly values the United Kingdom’s unwavering and principled stance.When tyranny threatens Europe once again, we must all hold firm, and Britain continues to lead in… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 18, 2025
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „საშინელ დიდ ტყუილს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელი აქტივისტი ჩარლი კირკი ისრაელმა მოკლა.„ნაცისტური პროპაგანდის მინისტრმა, ჯოზეფ გებელსმა თქვა, რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სწრაფად გავრცელდება. ვიღაცამ შეთხზა საშინელი, დიდი ტყუილი, თითქოს ისრაელს ჩარლი კირკის საშინელ მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა. ეს სიგიჟეა. ეს ტყუილია. ეს აღმაშფოთებელია. ახლა ზოგიერთი ამ ამაზრზენ ჭორებს ავრცელებს – შესაძლოა, აკვიატების გამო, შესაძლოა, კატარის დაფინანსებით“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ინდოეთის კერალას შტატში სასიკვდილო ამებით, Naegleria fowleri-ით დაინფიცირების ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.ამება მტკნარ თბილ წყალსაცავებში ცხოვრობს, მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ცხვირის გავლით შეღწევა. შემდეგ კი ამება ადამიანის ტვინში აღწევს.ტვინში მოხვედრის შემდეგ ამება მენინგოენცეფალიტს იწვევს და ნერვულ უჯრედებს სწრაფად ანადგურებს.ამ სიტუაციაში ადამიანის სიკვდილიანობის ალბათობა პრაქტიკულად 100%-ს აღწევს. მხოლოდ ერთეულებმა ამებური მენინგოენცეფალიტის დროს გადარჩენა შეძლეს.მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თბილ მტკნარ წყალსატევებში ბანაობისგან თავი შეიკავოს, რადგანაც ეს ინფექციის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობაა.