„არ გამოვრიცხავ, გლდანის ციხეში არ იყოს, ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი საქართველოში არ არის. მისი მოთხოვნაა,სააკაშვილთან პირადი ექიმი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუშვან.
„საგანგებოდ ჩემი შვილიშვილი იყო ჩამოსული უტრეხტიდან, ღამე უკვე უნდა გაფრინდეს, მოგეხსენებათ, ორშაბათი მძიმე დღეა, მაგრამ ვფიქრობდი რომ ეს მარტივად მოხერხდებოდა, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა უნდა შევსულიყავი ციხეში. ჩვეულებრივ, ეს ხდებოდა ძალიან სწრაფად და ოპერატიულად. ამჯერად ძალიან სხვანაირად მოხდა ყველაფერი, მივედით და აღმოჩნდა, რომ ვიღაცები არიან ჩემს შვილთან და ამიტომ არ შეიძლება რომ ეგრევე შევიდეთ.
მერე მოვიდა ინფორმაცია, რომ კონსილიუმი მიმდინარეობს, ესეც გასაგები და მისაღები იყო. შემდეგ უკვე დავინახეთ, რომ მოვიდა აკო მინაშვილი და დავინახეთ, როგორ შევიდა და გვითხრეს, რომ რაღაც გაუგებრობაა და მას შემდეგ შევალთ ჩვენ. ეს გაგრძელდა დიდხანს. ბოლოს და ბოლოს გავიგეთ და დავინახეთ კიდევაც, რომ გამოვიდა ბატონი პარლამენტარი და ჩვენ მაინც არავინ გვეძახის.
გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, საათამდეა ლაპარაკი და ისევ არაფერი ჩვენთან და ვიღაცამ თქვა, რომ პირადი ექიმია შესული. ესეც მისაღები იყო, თუმცა გაგვიკვირდა, მთელი ოჯახი ქვემოთ ველოდებოდით. და ასე გაგრძელდა.
ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან, ღამე უკვე ჩემი შვილიშვილი უნდა გაფრენილიყო, სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ენახა მამამისი. და უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან. ისედაც გამიჩნდა ეჭვი, ვფიქრობდი, რომ არ იყო გამორიცხული და გაცხადდებოდა, რომ მართლაც მიჰყავდათ კერძო კლინიკაში და უცებ აღმოჩნდებოდა გლდანში. გაირკვა, რომ ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო ტერიტორიაზე, სად დაიკარგა პატიმარი.
სხვადასხვა ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე. საბოლოოდ ოფიციალური ვერსია არის, რომ თითქოს გლდანის ციხეში არის, თუმცა არ ვარ დარწმუნებული,არ ვიცი რა დავიჯერო და რა აღარ დავიჯერო.
ჩემი თხოვნაა ზუსტად ვიცოდე სად იმყოფება ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა მასთან იყოს დაშვებული მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია“, - აცხადებს გიული ალასანია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილი გაიყვანეს და ის აქ აღარ არის.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.
8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი
✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი