მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი

საერთაშორისო ექსპერტი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ამერიკელების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების, რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომისა და ამ თვალსაზრისით იმ რისკების შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც შესაძლებელია საქართველო დადგეს. 

„ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა - საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან“, - ბატონო კახა, პრეზიდენტ ბაიდენს ამ განცხადებით რისი თქმა სურდა?  რა კონტურები გამოიკვეთა ამ განცხადებით და რა დაინახეთ თქვენ? 

- ბაიდენს რეალურად იმის თქმა უნდოდა, რომ მართლა ელიან უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრას. წინასწარ იციან, რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქეების გამოყვანა ყოველთვის პრობლემა იქნება. გვახსოვს ავღანეთის მაგალითი. 

მათ ავღანეთის გამოცდილება აქვთ. ამერიკელმა მოქალაქეებმა ძალიან გვიან დატოვეს ავღანეთი. ახლაც ასეთი სიტუაციაა, ამერიკელი მოქალაქეები თუ დარჩებიან უკრაინაში და რუსეთის ცეცხლის ქვეშ თუ მოხვდებიან, აღმოჩნდებიან როგორც მძევლები.

პირველი ის არის, რომ თავისი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, მეორე - მოქალაქეების დაუცველობის შემთხვევაში ძალიან დიდი პოლიტიკური ზიანი მიადგებათ. 

მესამე - ასეთ სიტუაციაში მოწინააღმდეგეს გააჩნია გარკვეული უპირატესობები ანუ მას პრაქტიკულად მძევლებად ჰყავს შენი მოქალაქეები. უკრაინის ჯარსაც ექნება გარკვეული პრობლემები, მაგალითად თუ ისინი დარჩებიან სადღაც ზურგში და უკრაინის ჯარი დაიხევს უკან ამ დროს, უკრაინის ჯარს გარკვეული შეზღუდვები ექნება იმისთვის, რომ არ დაზიანდეს შემთხვევით ამერიკელი მოქალაქეები. მათ ალბათ ნაკლები ძალებით, ნაკლები ინტენსიური ცეცხლით მოუწევთ წინააღმდეგობის გაწევა. 

ამასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნიუანსია. გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც ავღანეთში გამოიარეს და მაშინაც აფრთხილებდნენ მოქალაქეებს „გამოვდივართ ავღანეთიდან და მერე თქვენი დამცველი აღარავინ იქნება“ და მაინც ამერიკელების დიდი ნაწილი დარჩა ავღანეთში. 

სწორედ ამ გამოცდილებიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ „ჩვენი ჯარი ვერ დაგიცავთ, ანუ ჩვენ რუსეთთან ომს ვერ დავიწყებთო“.  პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა მოქალაქეებს, რითაც შეაშინა. ეს არ იყო მიმართული არც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, არც უკრაინის დაცვის მიზნით, არამედ მოქალაქეებსა და ადმინისტრაციას შორის იყო ეს დიალოგი, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან პირდაპირი იყო. 

- ბაიდენის ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ... 

- ბაიდენს ზოგი აბრალებს, რომ შიში გამოავლინა, ამით უთხრა რუსეთს, რომ ომი არ უნდა და ა.შ. გააჩნია ვისთვის, ხომ? ძლიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის არ არის პრობლემა, რომ მათმა პრეზიდენტმა თქვას „ჩვენ ომი არ გვინდა და ჩვენ ბირთვული ომის დაწყება არ გვსურს რუსეთთან“. ეს არ არის არანაირი შიშის გამოვლენა. 

- ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს უკრაინა-რუსეთს შორის და ამ თვალსაზრისით ამ ორი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირება რეგიონისთვის რამდენად საფრთხის შემცველია? 

- ბევრი სცენარია წარმოდგენილი, თავისი რუკებით და ყველაფრით... ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს. საქმე იმაში არის და ყველა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციას ომი არ აწყობს, მათ შორის ყოფილ გენერალიტეტს, სამხედრო ექსპერტებს და ა.შ.

ომი როგორ შეიძლება გაწყობდეს, ხომ? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დანაკარგი, ეს არის ზიანი და თან ისეთი ომი, რომელიც დიდ გამარჯვებას არავის მოუტანს. რუსეთმა მთელი უკრაინა რომც აიღოს, რა გამარჯვებაა საინტერესოა. ეს იქნება რაღაც ტაქტიკური გამარჯვება, რომელიც არაფერ სარგებელს არ მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მოვაქციოთ, ეს არის ინერცია ანუ როდესაც რაღაც მანქანა იქოქება, რაღაც სიჩქარით მიდის, კედელს უნდა შეეჯახოს და წინ არის კედელი, არის რაღაც მანძილი, როდესაც შეგიძლია დამუხრუჭება. ისიც იმ შემთხვევაში, თუ კარგი მუხრუჭები გაქვს, მაგრამ იმ წერტილს თუ გასცდი, ვეღარ ამუხრუჭებ და კედელს მაინც შეეჯახები. 

ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე და არა ის, უნდათ თუ არ უნდათ ეს სინამდვილეში. საფრთხე არის ის, რომ ეს მანქანა დაქოქილია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მუხრუჭებიდან მოწყდეს. აი, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წინააღმდეგობას გაუწევს მას უკრაინა. 

- ბატონო კახა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, უკრაინა თუ რუსეთთან დამარცხდა, ქართველები სამშობლოს დაკარგავენ. არ გთხოვთ ხიდაშელის ამ განცხადების შეფასებას, მაგრამ ამ ორი ქვეყნის სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით რა სცენარის განვითარებას ელით? ან როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? 

- რამდენიმე სცენარია. როგორც უკრაინის შემთხვევაშია მინიმალური და მაქსიმალური სცენარი, რუსეთის მხრიდანაც და დასავლეთის წინააღმდეგობის კონტექსტშიც, ასევე, არის საქართველოს შემთხვევაშიც. 

მგონია, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, როგორც მინიმუმ რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ და ვთქვათ, ნატოს გემები მაინც დააპირებენ ამ ბლოკადის გარღვევას, დესანტირებას მოახდენენ და დაიკავებენ დარჩენილ სანაპირო ზოლს, რომელიც ჯერ ოკუპირებული არ არის. 

ჩემი აზრით ეს მინიმალური სცენარის შემთხვევაში, მაგრამ უფრო მეტიც შეიძლება იყოს. მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში თრუსის ხეობის ოკუპირებას მოახდენენ, ე.წ. საზღვრებს კიდევ უფრო გადმოწევენ აქეთ, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმოსვლა გაწყვიტონ, მაგალითად შეიძლება პირდაპირ ტანკები დააყენონ, როგორც აგვისტოს ომის დროს. 

ეს შეიძლება დროებითი ოკუპაცია იყოს, მაგრამ შეიძლება დიდ ხანსაც გაგრძელდეს. შეიძლება, უფრო შორსაც წავიდნენ, გააჩნია მოქმედებები როგორ განვითარდება. სტრატეგიულად, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ვართ. მათ ურჩევნიათ, მაგალითად ნავთობსადენი ბაქოდან საერთოდ გადაკეტონ. 

ესეც ხომ არის სტრატეგიული მიზანი, რომ ევროპა საერთო გაზის და ნავთობის გარეშე დარჩეს. სულ არ დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად შეუმცირდება, რუსეთიდან რომ აღარ შევა გაზი გასაგებია, მაგრამ აზერბაიჯანიდან ხომ გააგრძელებს შესვლას და ამის გადაკეტვაც მოუნდებათ. 

ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ოკუპირება მოახდინონ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის, მაგრამ ამავე დროს, ისიც არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ მარიონეტული მთავრობის დანიშვნა მოუნდეთ. იმიტომ რომ რაც უფრო შორს შედიხარ, მით უფრო სხვა რაღაცების შესაძლებლობა ჩნდება. 

თუ ახლანდელ სიტუაციაში მათ ასე იოლად შეუძლიათ ათასგვარი პროპაგანდისტული ტყუილი ღიად ილაპარაკონ, დაწყებული დუმიდან და მათი ტელევიზიებით დამთავრებული... წარმოიდგინეთ ომის ვითარებაში რა დონეზე ავა მათი პროპაგანდა. 

საქართველოს ყველაფერს დააბრალებენ, მაგალითად დააბრალებენ რომ ქართველები პირდაპირ ხოცავენ რუსებს „სამხრეთ ოსეთსა “ და ოკუპირებულ აფხაზეთში და ამიტომ აუცილებელია თბილისის აღება. ყველანაირი სცენარი მოსალოდნელია ომის ვითარებაში, იმიტომ რომ იქ უკვე სიმართლე როგორც ასეთი აღარ არსებობს და მხოლოდ ფანტაზია და სამხედრო ფანდი მუშაობს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

ამავე თემაზე: 

🔴 რუსეთში ქვედანაყოფების ნაწილი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო (ვიდეო)

🔴 ზელენსკი: უკრაინა ნებისმიერი სახის „სიურპრიზისთვის“ მზადაა

🔴 თუ ზუსტად იცით, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით - ზელენსკი

🔴 აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში SWIFT-გან რუსეთის გათიშვა გადაიფიქრეს - babel.ua

🔴 ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

🔴 „მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში თუ უკრაინა დამარცხდა, სამშობლოს ვკარგავთ“ - თინა ხიდაშელი