მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოროტება ბოლომდე უნდა დამარცხდეს, კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, ზელენსკი დღეს არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო - თენგიზ ფხალაძე

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარი

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ისტორიული ვიზიტი შეაფასა.

თენგიზ ფხალაძემ ზელენსკის ვიზიტს ისტორიულ ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო.

მისი თქმით, ზელენსკის მთავარი ამოცანა უკრაინის გამარჯვებაა. 

„ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება და ზელენსკის ვიზიტი არის სწორედ ამის გამოხატულება. ზელენსკი გარდამტეხ როლს თამაშობს 21-ე საუკუნეში. ბევრმა ანალიტიკოსმა შეადარა ეს ვიზიტი ჩერჩილის ისტორიულ ვიზიტს საუკუნის წინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა.

თავად ვიზიტის ფაქტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. იმ ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ყოველდღიურად იბომბება, ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხე უყურებს თვალებში, სადაც ბომბავენ ინფრასტრუქტურას სამოქალაქო ობიექტებს, აი, ამ დროს რამხელა რწმენას და თვითდაჯერებულობას აჩვენებს, როდესაც ის გადის ქვეყნიდან, თავისთავად, მისი ქვეყნიდან გასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი. 

ჩვეულებრივ, მშვიდობიან ვითარებაში სახელმწიფო მეთაურის ვიზიტის დროს წარმოიდგინეთ რა ზომები არის მიღებული და რა უნდა ხდებოდეს საომარ მდგომარეობაში? ეს ვიზიტი გვიჩვენებს, რომ  უკრაინაში ყველა ინსტიტუტი მოქმედებს გამართულად და მაღალი სტანდარტებით, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოება დაცულია უმაღლეს დონეზე. ზელენსკი ცარიელი ხელებით არ ბრუნდება. მსგავსი ტიპის ვიზიტებით ის უპრეცედენტო კონსოლიდაციას ახდენს საერთაშორისო მხარდაჭერის, რომ მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რუსეთმა სახე შეინარჩუნოს, არამედ მთავარი ამოცანა ის არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და უნდა გაიმარჯვოს და ბოროტება ბოლომდე უნდა დამარცხდეს, კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. 

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევრის განცხადებით,  რუსეთი ებრძვის ყველაფერს დასავლურს.

მისი თქმით, პუტინი ცდილობს უკრაინაში მარცხის გამო პასუხისმგებლობა სხვაზე გადაანაწილოს. 

ფხალაძე აცხადებს, რომ პუტინს გარდაუვალი კრახი ელოდება და ქვეყანას ცივილიზებულად დამარცხებაც არ შეუძლია, რის გამოც ის ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს.

„ზელენსკი დღეს არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. დღეს რუსეთი უკრაინაში მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის, რუსეთი ებრძვის ყველაფერს დასავლურს, ისევე, როგორც ის თავის დროზე საქართველოში არ ებრძოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ის ებრძოდა ყველაფერს რაც კი არის არარუსული და მიუღებელი, ამას ებრძოდა ბრუტალური ფორმებით. ზელენსკი დღეს არის არამხოლოდ უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო, არამედ თავისუფლებისათვის, უნივერსალური ღირებულებებისთვის ბრძოლის სიმბოლო და აქედან გამომდინარე იყო ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ კონგრესში. 

მას შემდეგ, რაც ლენდლიზი ამოქმედდა, ბევრ რამეს მწვანე შუქი მიეცა. ლენდლიზი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით კეთდება, ნიშნავს იმას, რომ პროცედურები მარტივდება. ზელენსკის ჩასვლის გარეშეც პატრიოტის სისტემების გადაცემის თემა მოგვარებული იყო. პატრიოტის სისტემების გადაცემა გადაწყვეტილი იყო ზელენსკის ჩასვლამდე. 

რუსეთს არამხოლოდ ბრძოლა არ შეუძლია ცივილიზებულად, წაგებაც არ შეუძლია ისევე, როგორც ჰიტლერს არ შეეძლო ცივილიზებულად წაგება, ანალოგიურია პუტინის რეჟიმი. ის {პუტინი} ამ წაგებას ხდის ყველაზე მტკივნეულს, ბრუტალურს, ხოცავს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს: ბავშვებს, ქალებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს ინფრასტრუქტურას, იქცევიან, როგორც ავაზაკები.

საპასუხო დღეს პუტინს არაფერი აქვს. თუ შევხედავთ იმ პროცესებს, რაც რუსეთში მიმდინარეობს, მათ შორის, ბოლო გამოსვლები, თათბირები, ძალიან კარგად იგრძნობა, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც მასზეა, გადაანაწილოს და გახადოს კოლექტიური. უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობს საერთო შეცდომებზე. კრემლის ანალიტიკოსები იძახიან, რომ პუტინი შეცდომაში შეიყვანეს, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ეს არის ნიშანი იმ გარდაუვალი კრახის, რომელიც მას ელოდება. რამდენიმე ელიტა რუსეთში ერთმანეთს ებრძვის გავლენებისთვის. რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს“, - დასძენს „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უკრაინა და აშშ აჩვენებენ, რომ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია“ - დავით არახამია

👉 პუტინის ბირთვული რიტორიკა დასავლეთის დასაშინებლად არის მიმართული - ISW

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები კრემინას უახლოვდება, ოკუპანტები კი ყირიმში სიმაგრეებს აშენებენ - ახალი საბრძოლო რუკები

👉 რუსეთში საყოველთაო მობილიზაციისა და საზღვრების ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - დანილოვი

👉 უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი