მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმუნური სისტემა ზოგჯერ ჩვენი მტერი ხდება - BBC

იმუნური უჯრედები
1643906203
COVID-19

ადამიანის იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით ბოლო დროს, ბევრი საუბარი მიმდინარეობს. მაგრამ ხშირად ადამიანები კარგად ვერ ხვდებიან, რაზეა სინამდვილეში საუბარი. მეცნიერი, მწერალი და ბლოგერი ფილიპ დეთმერი საუბრობს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტად გავრცელებული მცდარი აზრების შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

შეადარეთ ჩვენი ორგანიზმი ციხესიმაგრეს. მასში მილიონობით და მილიარდობით უცხო და მავნე ნაწილაკი შეღწევას ცდილობს - იქნება ეს ვირუსი, ბაქტერია თუ სოკო. იმუნურ სისტემას ძალზე რთული თავდაცვითი სისტემა აქვს შექმნილი და ის წამებში მილიონობით ან მილიარდობით „აგრესორს“ კლავს. თქვენ კი ამ დროს შხაპს იღებთ და იმას უჩივით, რომ ოდნავ გული გერევათ. 

როდესაც თქვენ ცხვირი გაქვთ გაჭედილი, ტემპერატურა იწევს, ყელი გტკივათ, თავს შეუძლოდ გრძნობთ, სინამდვილეში ორგანიზმის „ციხე-სიმაგრეში“ შეჭრილ მილიონობით აგრესორს თქვენი „ჯარისკაცები“ - იმუნური სისტემა ებრძვის. 

იმუნური სისტემა საკმაოდ რთულია. ეს ყველაზე რთული ბიოლოგიური სისტემაა ადამიანის ორგანიზმში, ნუ, ალბათ ტვინის გარდა.

ახლა კი, პანდემიის დროს, იმუნიტეტზე ბევრად მეტი საუბარი მიდის, ვიდრე ადრე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უკეთესად ვიცნობთ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი და შეცდომა ისაა, რომ ადამიანებმა ძლიერი, „სუპერდამუხტული“ იმუნური სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე დაიწყეს საუბარი.

ინტერნეტი სავსეა პროდუქტებით, რომელთა მეშვეობით ამის გაკეთებაა შესაძლებელი. ეს ჩამონათვალი ყავით იწყება და პროტეინის ფხვნილით მთავრდება, აქ არის ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ნაპოვნი მისტიკური მცენარეების ფესვები და ვიტამინის ტაბლეტები - სია ძალზე დიდია.

მაგრამ ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, რომ იმუნური სისტემა შეიძლება საშიში იყოს. მისი ამუშავება ყოველი შეზღუდვის გარეშე არასწორი იქნება.

დღევანდელი სამყარო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება დიდი ბიზნესია, თქვენი იმუნური სისტემის „დამუხტვის“ იდეა შეიძლება ზოგიერთს ძალიანაც მოეწონოს, მაგრამ იმუნური სისტემა ძლიერი კი არა, დაბალანსებული უნდა იყოს და სხვადასხვა სისტემებს აკონტროლებდეს. 

საუბარია თქვენს ორგანიზმში არსებულ ასობით სხვადასხვა ცენტრზე. ისინი ერთმანეთს „მაგისტრალების“, ანუ სპეციალური კაპილარების მეშვეობით უკავშირდებიან, რომელიც ისეთივე რთულია, როგორც თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

ამ ორგანოების გარდა, თქვენს ორგანიზმში ამ „მაგისტრალებზე“ მილიარდობით იმუნური უჯრედი „პატრულირებს“ და მზად არის, მტერს შეებრძოლოს. კიდევ მილიარდი „იმუნური ჯარისკაცი“ ქსოვილებში იმყოფება და მესაზღვრესავით იქ მტერს ელოდება. არსებობს კიდევ „ცილოვანი იარაღი“, რომელიც ნაღმების ფუნქციას ასრულებს. 

თქვენს იმუნურ სისტემაში სპეციალიზებული უნივერსიტეტებიც არსებობს, რომლებიც უჯრედებს ასწავლიან ვის ებრძოლონ, და ვის არ უნდა ებრძოლონ, ასევე, იქ არის სამყაროში ყველაზე დიდი ბიოლოგიური ბიბლიოთეკა, რომელსაც ნებისმიერი აგრესორის ამოცნობა და იდენტიფიცირება შეუძლია, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდებით.

იმუნური სისტემა არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით „უცხოს“ და „ჩემიანის“ ერთმანეთისგან გარჩევაა შესაძლებელი. არა აქვს მნიშვნელობა სურს თუ არა „უცხოს“ თქვენთვის ზიანის მიყენება, თუ ის სტუმრების ექსკლუზიურ ჩამონათვალში არ შედის, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ თქვენს ორგანიზმში გადაადგილება, აუცილებელია მასზე შეტევა და მისი განადგურება, რადგანაც სხვა „უცხოს“ შეუძლია ზიანი მოგაყენოთ. 

იმუნური სისტემის უჯრედები: 

✅ მაკოფაგები - ჭამენ მკვდარ უჯრედებს და ცოცხალ მტერს, დაცვის კოორდინირებას აწარმოებენ და იარების მოშუშებით არიან დაკავებულები

მასტის უჯრედები - ის უმცირესი ბომბებით არის სავსე, ისინი ძლიერმოქმედ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ, რომელიც ადგილობრივ ანთებას იწვევს

დენდრიტული უჯრედები - ის დაზვერვის ოფიცერივითაა, რომელიც მკვდარი მტრის სინჯებს აგროვებს

მონოციტები - ლეიკოციტების ნაირსახეობა, რომლებსაც მიკროფაგებად ან დენტრიტულ უჯრედებად გადაქცევა შეუძლიათ

მკვლელი უჯრედები - ისინი ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებს და კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.

ნეიტროფილები - იარაღის უნივერსალური სისტემა, რომელიც მტერთან, ძირითადად ბაქტერიებთან სწრაფი ბრძოლისთვის გამოიყენება 

ეოზინოფილები - იწვევს ანთებას, ანადგურებს პარაზიტებს, ახდენს სხვა უჯერედების აქტივაციას.

ბაზოფილები -  მასტის უჯრედების და ეოზინოფილების მსგავსად ალერგიულ რეაქციას აგრძელებს

T უჯრედები - ბევრ საქმეს აკეთებენ. მათ შორის სხვა უჯრედების მოქმედების კოორდინაციას ახორციელებენ და კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.

B უჯრედები - ანტისხეულებს გამოიმუშავებენ და სხვა უჯრედების აქტივირებას ახდენენ

ანუ ვინც სპეციალისტი არ არის, ისიც მიხვდება, რომ ეს ძალზე რთული სისტემაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. კარგად მომუშავე იმუნური სისტემა ნებისმიერ ინფექციასთან საბრძოლველად საჭირო რაოდენობის ძალას იყენებს. ასე რომ ამ სისტემების გაძლიერების და უფრო აგრესიული სისტემის ჩამოყალიბება, სასაცილოა. 

არსებობს ბერძნული სიტყვა „ჰომეოსტაზი“, რომელიც ყველაფერი არსებულის ბალანსს ნიშნავს, სწორედ ამისთვის უნდა მივისწრაფოდეთ.

რაგბის მოთამაშის ნაცვლად, რომელიც საკუთარ გზაზე ყველაფერს ანგრევს, თქვენ ბალეტის მოცეკვავეს იღებთ, ის კარგად არის გათვითცნობიერებული და ზუსტად აწარმოებს დარტყმებს, თანაც ამ დროს მუსიკის თანხლებით ცეკვავს.

ეს იმდენად რთული სისტემაა, რომ მისი გაძლიერების შემთხვევაში შეიძლება ბალანსი დაირღვეს და რაღაცა არასწორად წავიდეს. შეიძლება მოხდეს უმნიშვნელო ინფექციაზე ზედმეტად აქტიური რეაგირება. ადამიანებს ეს ხშირად არ ესმით, ისინი ფიქრობენ, რომ არის რაღაც მექანიზმი და მისი დამუხტვა არის შესაძლებელი, როგორც ენერგეტიკული ფარის, მაგრამ ეს არ არის ერთი ნივთი. ეს ბევრი ნივთისგან შემდგარი სისტემაა.  

არავინ იცის ზუსტად რამდენი უჯრედი, როგორი აქტივობის ფორმა არის საჭირო იმუნური სისტემის ოპტიმალური მუშაობისთვის. ყველა ვინც ამბობს, რომ მან ეს იცის, ალბათ უნდა, რომ რაღაც მოგყიდოთ. 

დღეისთვის თქვენი იმუნური სისტემის რაიმე აბების ან სუპერპროდუქტების მეშვეობით გაძლიერების მეცნიერულად დასაბუთებული საშუალება არ არსებობს. და ის რომც არსებობდეს, ექიმის კონტროლის გარეშე მათი გამოყენება ძალზე სახიფათოა.

ადამიანებს მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილებები სურთ. მაგრამ ჯანმრთელობა მოსაწყენ ამბებზეა დამოკიდებული, რომელთა მოსმენა ადამიანებს ხშირად არ სურთ. ეს არის ფიზიკური ვარჯიში, დაბალანსებული კვება და სტრესის დაკლება. თანაც ყველამ ვიცით, რომ ეს ჩვენთვის კარგია, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ბევრს სურს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი დიეტის დაცვა - ყველა აუცილებელი ვიტამინის და საკვები ნივთიერების მიღება, რაც ორგანიზმს სჭირდება, მაგალითად, ხილის და ბოსტნეულის.

თქვენი იმუნური სისტემა მუდმივად ქმნის მილიარდობით ახალ უჯრედს და მათ მუდმივი კვება სჭირდებათ. იმუნურ სისტემაზე და ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის სასარგებლო ზეგავლენა დიდი ხანია ცნობილია. ცირკულაციის ზრდის შედეგად თქვენი უჯრედები და იმუნური ცილები უფრო თავისუფლად და ეფექტიანად მოძრაობენ, რისი წყალობითაც ისინი თავის სამუშაოს უკეთესად ასრულებენ. მოხუც ასაკში ამ უჯრედების და ნივთიერებების კლება შენელდება.

სტრესის გარეშე ცხოვრება თქვენი ორგანიზმისთვის, კერძოდ კი იმუნური სისტემისთვის ძალზე სასარგებლოა. სტრესს ისეთი მოვლენების ჯაჭვის გამოწვევა შეუძლია, რომელიც ამ სისტემის მუშაობის ბალანსს არღვევს.

მაშ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი გრიპით და სხვა დაავადებებით უფრო ხშირად ავადდება, სხვები კი - იშვიათად. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1️⃣ ჩვენ ერთნაირები არ ვართ.  მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის არჩევა. შეიძლება თქვენ ეწევით, ან ისე კარგად არ იკვებებით, როგორც სხვები. შეიძლება ძალზე დაძაბული სამსახური გაქვთ ან ისეთი სამსახური, რომლის დროს ვირუსებს უფრო ხშირად ხვდებით, ან უბრალოდ დივნიდან არ დგებით

2️⃣ არსებობს გენეტიკა. მაგალითად ერთი ორგანიზმი უკეთესად ებრძვის ვირუსებს, მეორე - ბაქტერიებს

3️⃣ მესამეა ამა თუ იმ ამბის აღქმა. ყველა ამბობს, რომ იცნობენ ვიღაცას, ვინც არასოდეს ავადდება, მაგრამ ეს სიმართლე არ არის

ასე რომ სხვა დროს, როდესაც სურდოთი ან ოდნავ ოფლით გაიღვიძებთ, გაიხსენეთ იმ არმიის შესახებ, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებაში გეხმარებათ. და იმის ნაცვლად, რომ დაწყევლოთ თქვენი ბედი, შეიძლება მას მადლობას გადაუხადოთ. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 „არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 „აცრაზე უარის თქმა შეიძლება, ბავშვობის ტრავმებთან, მათ შორის ოჯახურ ძალადობასთან, კავშირში იყოს“ - ზაზა წერეთელი ბრიტანულ კვლევაზე

📢„სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმისაა, როგორც „ომიკრონი“ - WHO

📢 „უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია