COVID-19

„ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი
1642144730
დაკოპირებულია

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შესახებ წერს. 

ექიმის ცნობით, „ომიკრონი“ უსწრაფესად ანაცვლებს კორონავირუსის ყველა წინამორბედ ვარიანტს. 

როგორც გეგეჭკორი წერს, „ომიკრონი“ გამოირჩევა უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით წინამორბედ ვარიანტებთან მიმართებით.

მისი თქმით, მედიცინა მთლიანად აგებულია რისკისა და სარგებლის წონასწორობაზე.

„ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, პრევენციის, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის საშუალებები, ასოცირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორედ ამიტომ, მათი გამოყენებისას ზედმიწევნით ფრთხილად ვეკიდებით ამ რისკების შეფარდებას სამედიცინო ჩარევით მიღებულ სარგებელთან.

კორონავირუსის ვარიანტების ცვლილებისას იცვლება ინფიცირების, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების და სიკვდილიანობის რისკები. ასევე, იცვლება ვაქცინებით მიღებული სარგებელი ყოველი კონკრეტული ვარიანტის მათზე მგრძნობელობის მიხედვით.

დღეისათვის არსებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ აქამდე ფართოდ გამოყენებული კოვიდ ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირებასთან მიმართებით მკვეთრად დაეცა. ასევე, საგრძნობლად დაქვეითდა „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი, თუმცა არა იმდენად, რომ რისკჯგუფებისთვის დაცვის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - აღნიშნავს გეგეჭკორი. 

ნანა გეგეჭკორი რამდენიმე მოსაზრებას უზიარებს საზოგადოებას „ომიკრონის“ შესახებ. 

„მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე პირადი მოსაზრება ახალი რეალობის გათვალისწინებით. ეს ჩემი პირადი მოსაზრება იქნება და ჭეშმარიტების პრეტენზია არ აქვს. ამ საკითხებზე ჩემზე ბევრად გონიერი პროფესიონალები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ახალი რეალობის გათვალისწინებით ალბათ გადაიხედება კოვიდ 19-ის ვაქცინაციის სტრატეგიაც.

ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვგულისხმობ მიოკარდიტის რისკებს სხვა და სხვა ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფებში), ყველაზე დიდი სარგებელი კოვიდ 19 საწინააღმდეგო აცრას აქვს მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფებში. განსაკუთრებით იმ კატეგორიაში, ვისაც თუნდაც ერთი თანდართული დაავადება ან კოვიდ 19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან ასოცირებული რომელიმე სხვა რისკფაქტორი აღენიშნება. უდავო და უპირობოა ამ კატეგორიაში ვაქცინაციის უალტერნატივობა.

ასევე, უდავო და უპირობოა ვაქცინაციის უალტერნატივობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კოვიდ 19-ით სიკვდილიანობასთან ასოცირებული მაღალი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ეხება საბავშვო ასაკსაც.

ჩემი აზრით, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია.

რისკის ფაქტორის არ მქონე ბავშვების ვაქცინაციისას პრევენციით მიღებული სარგებელი შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს დაავადების ფორმების შემსუბუქების და დღეს არსებული ვაქცინების „ომიკრონის“ მიმართ ეფექტურობის გათვალისწინებით. აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მიოკარდიტების რისკი საბავშვო ასაკში ზოგად პოპულაციურთან შედარებით არასასურველია, განსაკუთრებით ბიჭებში.

ხაზგასმით გავიმეორებ, საუბარია მიოკარდიტების ერთეულ შემთხვევებზე მილიონობით აცრილში. კოვიდ ვაქცინებთან ასოცირებულ მიკარდიტს ავთვისებიანი მიმდინარეობა არ ახასიათებს, ძალიან ადვილად იმართება მარტივი მედიკამენტური ჩარევით, მაგრამ რისკის და სარგებლის აწონვისას უდავოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია“, - აცხადებს ნანა გეგეჭკორი.

ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას და განსაკუთრებით მშობლებს, პრევენციის ზომების იდეალური დაცვისკენ მოუწოდებს.

„უფრო დეტალურად რომ განვმარტო... დღემდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა საიმედოდ გამოიყურება ბავშვებში კოვიდ ვაქცინების უსაფრთხოების პროფილის კუთხით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტურობა „ომიკრონის“ შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება, რისკის და სარგებლის თანაფარდობა ვფიქრობ, კონკრეტულად ბავშვების ასაკობრივ ჯგუფებში, გადასახედია.

დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათი დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი პრევენციის ზომების იდეალური დაცვაა. თუ დიდები ზედმიწევნით ზუსტად დავიცავთ წესებს აღარ დაგვჭირდება პატარების მასიური ვაქცინაცია. დღესდღეობით ჩვენი უგუნურების გამო გვიწევს მაქსიმალურად მასიურად მოვიცვათ ყველა ასაკი ვაქცინაციით. რისკჯგუფებისთვის და მაღალი ასაკის პოპულაციისთვის სარგებელი უდავოა, ბავშვებისთვის და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის კი ჩემი აზრით სადავო.

ჩვენი, მოზრდილების, პასუხისმგებლობაა ყოველი ბავშვის პრობლემა ვისაც შეიძლება სარისკო გვერდითი ეფექტი გამოუვლინდეს.

და ბოლოს, რა გახდა მართლა პრევენციის უმარტივესი წესების დაცვა, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტოთ ერთმანეთი?“ - წერს ნანა გეგეჭკორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

3 არასწორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას „ომიკრონის“ შესახებ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ტესტებს „ომიკრონ“ შტამის გამოვლენა უჭირს“ - თენგიზ ცერცვაძე

„დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა“ - ამირან გამყრელიძე

რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა - მაკა ბულეიშვილი