მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1673870732
COVID-19

რა მახასიათებლები და სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება - ამ საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ გავრცელების და გადადების მაღალი ტემპით გამოირჩევა და ის მოსახლეობაში სწრაფად ვრცელდება. 

ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა. 

„ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცირკულირებს მსოფლიოში, ერთ-ერთ ქვევარიანტს წარმოადგენს და არ არის სრულიად ახალი მუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს, ამის უკან უნდა იდგეს არამხოლოდ უფრო მეტად გადამდები, არამედ მეტად მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვარიანტი, რაც ნამდვილად არ არის „ომიკრონის“ ეს ვარიანტი. მას სამედიცინო ენაზე XBB.1.5 ჰქვია, სხვა ტერმინით ხშირად „კრაკენის“ სახელით მოიხსენიებენ.

როდესაც ახალ ქვევარიანტზე ვსაუბრობთ, ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით, იმისათვის, რომ ეს ქვევარიანტი გახდეს შეშფოთების ვარიანტის კატეგორიის მას უნდა ჰქონდეს 3 თვისება:

1️⃣ უნდა იყოს უფრო მეტად, იოლად გადამდები

2️⃣ უფრო მძიმე დაავადებას უნდა იწვევდეს

3️⃣ ვაქცინის მიმართ რეზისტენტული, მდგრადი უნდა იყოს

ამ 3 თვისებიდან „ომიკრონის“ ამ ახალ ქვევარიანტს მხოლოდ პირველი ახასიათებს. დადასტურებულია, რომ ის არის დღემდე არსებულ „ომიკრონის“ ყველა მუტაციას შორის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტი. შესაბამისად, სიმძიმე და საფრთხე, რაც მომდინარეობს ამ ქვევარიანტისგან ეხება მხოლოდ და მხოლოდ სწრაფ და იოლ გავრცელებას. დღეისთვის ის დაფიქსირებულია მსოფლიოს 38 ქვეყანაში. ასევე, დაფიქსირებული არის ევროპაშიც.  ჯერჯერობით „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ არ გვაძლევს ინფორმაციას, რომ საქართველოში ეს ქვევარიანტი დაფიქსირდა, თუმცა, ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობს.

ჯანმო აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს, რომ ეს ვარიანტი შეშფოთების ვარიანტად შეფასდეს, ვინაიდან არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და გარკვეულწილად ვაქცინები მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს განსაკუთრებით ბივალენტურ ვაქცინებს ეხება, რომელიც შეიცავს, როგორც „ომიკრონის“ ერთ-ერთ ვარიანტს, ასევე, ორიგინალ ჩინური ვირუსის ვარიანტსაც. 

თუ თქვენ კორონავირუსი გადატანილი გაქვთ 2022 წლის ივლისამდე, ამ ქვევარიანტის  მიმართ რეზისტენტობა  ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ, ახალი ბივალენტური ვაქცინით ან გაკეთებული გაქვთ ბუსტერ დოზა სექტემბრის შემდგომ პერიოდში, თქვენი დაცვა გარკვეულწილად ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. შესაბამისად, ერთი რეკომენდაცია, რასაც ჯანმო აღნიშნავს - თუ გვინდა ამ ქვევარიანტისგან თავი დავიცვათ, ეს არის ბუსტერ დოზით ვაქცინირება, მესამე, ან მეოთხე დამატებითი დოზით, გააჩნია რომელ ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნით და როგორია თქვენი აცრის სტატუსი, ან ბივალენტური ვაქცინა, რომელიც გარკვეულწილად ამ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პრესკონფერენციაზე დაავადების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადების მიმდინარეობა „ომიკრონის“ მსგავსია. 

„რაც შეეხება დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას, მისი  მიმდინარეობა მსგავსია „ომიკრონისა“. არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, არ მოქმედებს ფილტვებზე. ეს არის ის თვისებები, რომელიც ჰქონდა „ომიკრონამდე“ ყველაზე მძიმე „დელტა“ ვარიანტს. განსხვავებით „დელტასაგან“ „ომიკრონის“ ეს მუტაცია არ გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმით. მას არ შეუძლია ისეთივე დიდი ტალღის შექმნა, როგორც ეს დელტას შტამს მოჰყვა. 

საქართველოში თუ დაფიქსირდა და დიდი ალბათობით ამის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება გამოიწვიო, ინფიცირების შემთხვევების მატება, ოღონდ ეს ინფიცირების შემთხვევები  არ იქნება მძიმე  არ იქნება საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა. თუმცა,  განსაკუთრებულ ჯგუფებში - 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში, ქრონიკული დაავადებების  მქონე პირებში, ნებისმიერი ქვევარიანტი, მათ შორის „კრაკენიც“ გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

👉 „ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე

👉 „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები