მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპერაცია „შურისძიება“ - რა ხდება მთიან ყარაბაღში?

სომეხი სამხედრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია „შურისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა. სომხეთი აზერბაიჯანს „მცოცავი ოკუპაციის“ განხორციელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 2 წლის შემდეგ, რომელიც „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელით არის ცნობილი, კონფლიქტის ზონაში კვლავ საბრძოლო მოქმედებები განახლდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს მთიან ყარაბაღში რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ინფორმაციით, 3 აგვისტოს ლაჩინის რაიონში სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ოპერაცია „შურისძიება“ დაიწყეს, რომლის შედეგად მათ სიმაღლეები გირგხიზი, სარიბაბა და სხვა სტრატეგიული პოზიციები აიღეს მთიანი ყარაბაღის ქედის გასწვრივ.

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. ბაქომ ერევანი ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება, რომელსაც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ამ დრომდე არ გაუყვანია“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულმა უწყებამ ტერიტორიის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

„სომხური მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაშინების პოლიტიკას აგრძელებს და მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას და ოკუპაციას ახორციელებს“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მთიან ყარაბაღში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების დროს ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა და კიდევ 14 დაიჭრა. მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ევროკავშირმა დაპირისპირებულ მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბრიუსელი მშვიდობის უზრუნველსაყოფად დახმარების აღმოჩენის მზადყოფნას გამოთქვამს.

მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წელს დაიწყო და 1994 წელს სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა. 2020 წელს საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ის 44 დღეს გაგრძელდა და შეტევის შედეგად აზერბაიჯანმა ყარაბაღის გარშემო სომხების მიერ ოკუპირებული 6 რაიონი აიღო, ასევე, დაიკავა ქალაქი შუშა, ღადრუთი და კიდევ რამდენიმე ქალაქი მთიან ყარაბაღში. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ყარაბაღში 19 დაშავებული სამხედროდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა“ - სომხური მხარე

რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

⭕ „აზოველები“ მოკვლამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა - უკრაინის დაზვერვა

დასავლეთთან თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება“ - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?