მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

უკრაინა - რუსეთი

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე საკმაოდ რეალურია. რამდენად გაბედავს პუტინი თავდასხმას და შეძლებს თუ არა ის ჩანაფიქრის განხორციელებას?

ომის დიდ ალბათობაზე თითქმის ყველაფერი მიუთითებს - რუსი ჩინოვნიკების რიტორიკა და საქციელი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მოქმედება, რომლებსაც უძლიერესი დაზვერვა და სამხედრო-ანალიტიკური ცენტრები გააჩნია. ზოგიერთმა ქვეყანამ კიევიდან საელჩოების ევაკუაცია დაიწყო. 

დაძაბულობის გრადუსს მაღლა მედიაც წევს, რომელიც მთავრობებში „საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით“ ომის გარდაუვალობაზე იუწყება. ასე, მაგალითად, გამოცემა The Sun რუსეთის თავდასხმის რუკას აქვეყნებს და ომის დაწყებას მომდევნო 10 დღის განმავლობაში პროგნოზირებს.

თავშეკავებულად მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები იქცევიან. პრეზიდენტი იუწყება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და აღელვებისთვის საფუძველი არ არსებობს, უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსული ჯარის კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან დიდი ხანია მიმდინარეობს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „ჩემოდნის ჩალაგება“ საჭირო არ არის.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ  უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმაზე მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ არ იცის უკრაინის ხელისუფლებამ. ვინ იქნება მართალი საბოლოოდ - დრო გვაჩვენებს.

ამის მიუხედავად, სჯობს ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, სწორედ ამიტომ, სამხედრო ექსპერტების ღია ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ მოვამზადეთ რუსული აგრესიის 4 შესაძლო სცენარი

1-ლი სცენარი: რუსეთი მთელი დონბასის ოკუპაციას შეეცდება

პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციის სცენარს არ განიხილავს. ამისთვის მას რესურსები არ ეყოფა. ამასთანავე, მას არ შეუძლია უკრაინას ეკონომიკური განვითარების საშუალება მისცეს, მით უმეტეს დაუშვას ევროკავშირში და ნატოში მისი გაწევრიანება. სწორედ ამიტომ რუსეთი უკვე მერვე წელია ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე დიდ რესურსებს ხარჯავს და თავის მიზანს ნაწილობრივ მიაღწია კიდეც. უკრაინა იძულებულია ეკონომიკის განვითარებაში ინვესტირების ნაცვლად ფინანსები შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე დახარჯოს. ნატოში კი უკრაინას სწორედ ამ კონფლიქტური ტერიტორიების არსებობის გამო არ იღებენ.

მაგრამ ეს ტერიტორია უკვე მთლიანად გაძარცულია და იქ რესურსები ამოიწურა, უკრაინა კი ნელ-ნელა მაინც ძლიერდება. ახალი სამხედრო კონფლიქტი და ახალი ტერიტორიის დაკავებას საოკუპაციო რეჟიმებს მარადიორობისთვის ახალ სივრცეს მისცემს, ჩამოიშლება უკრაინული გრივნა, რაც გამოიწვევს ინფლაციას და ჩამოშლის უკრაინის ეკონომიკას, რომელიც 2015 წლის დონეს დაუბრუნდება.  შედეგების აღმოსაფხვრელად 5-6 წელი იქნება საჭირო, ხოლო სანაცვლოდ დასავლეთი რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რომლებიც, როგორც ადრე, რიგით მოქალაქეებს შეეხება, ხოლო პუტინი და მმართველი ელიტა გააგრძელებს თავის სასახლეებში უდარდელ ცხოვრებას.

მთელი დონბასის ოკუპაციის შესახებ ამბიციების თაობაზე საოკუპაციო რეჟიმებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, ანუ მათ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილების ოკუპაცია სურთ, რომელსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს.

ამ სცენარის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ 2022 წლის იანვრიდან რუსეთმა დონბასში საწვავის და მძიმე შეიარაღების შეყვანა დაიწყო და იქ არსებული საოკუპაციო ძალები გააძლიერა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში 7 ათასი ტონა საწვავი, ტანკები, საარტილერიო დანადგარები, ასევე დიდი რაოდენობით ჭურვები და ტყვია-წამალი შეიტანეს.

დონბასში ოკუპანტების ჯარი 28 ათას ადამიანს შეადგენს, იქ რუსეთის შეიარაღებული ძალების 1000-მდე შტატიანი სამხედრო იმყოფება და მათი რაოდენობის გაზრდა რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მათ შეიარაღებაში 410 ტანკი, 545 ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, 99 ჯავშანტრანსპორტიორი და 140 თვითმავალი საარტილერიო დანადგარია. გარდა ამისა, იქ არის ათასობით ნაღმმტყორცნი, ყუმბარმტყორცნი და ავტომატური იარაღი. 

კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებულია უკრაინული შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე წარმომადგენელი, მათ შორის არის მექანიზებული და სატანკო ნაწილები, სარაკეტო ძალები, არტილერია, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. საუბარია Т-64 და Т-72-ის ტიპის ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე და სხვა შეიარაღებაზე.

ცოტა ხნის წინ უკრაინამ 48 ერთეული თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB2-ის გამოყენებაც დაიწყო. ასევე, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin და ანალოგიური უკრაინული სისტემები. 25 იანვარს მხოლოდ ერთი რეისით კიევში 300 Javelin-ი ჩაიტანეს.

ასევე, 2018 წელს შეიქმნა სპეციალური დივერსიული ქვედანაყოფები, რომელთა ამოცანაა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მოძიება და მისი განადგურება გადასატანი სარაკეტო საშუალებებით. ასე რომ 2014-2015 წლის სცენარის გამეორებას რუსეთს ძალიან გაუჭირდება.

მე-2 სცენარი: რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში კორიდორის გაჭრას შეეცდება

ეს ვარიანტი ჯერ კიდევ 2014 წლიდან განიხილებოდა, მაგრამ ქერჩის სრუტეზე ხიდის აშენების შემდეგ, რომლითაც რუსეთი ყირიმს დაუკავშირდა, საუბარი შეწყდა.

ამასთანავე, აქტუალური რჩება სასმელი წყლით ყირიმის უზრუნველყოფა. ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე არსებული მარაგი დასრულდა, ხოლო არტეზიული ჭაბურღილების პროექტი ვერ განხორციელდა. 

ამ ვერსიის სასარგებლოდ ის მიუთითებს, რომ რუსეთმა 25 იანვრიდან სამხრეთ სამხედრო ოლქში წვრთნები დაიწყო, მათ შორის ყირიმში. მასში ავიაცია და ფლოტიც მონაწილეობს. მათ შორის მრავალფუნქციური თვითმფრინავები „SU-34”, ასევე, ავიაგამანადგურებლები SU-27 და SU-30. წვრთნებში სატანკო და სარაკეტო ქვედანაყოფებიც მონაწილეობენ. მანევრებში 6 ათასი სამხედრო მონაწილეობს. 

ეს შეიძლება უბრალოდ იარაღის ჟღარუნი იყოს, შეიძლება შეტევისთვის მზადება. ბელარუსში რუსული ჯარის კონცენტრაცია კი შეიძლება იყოს მანევრი ყურადღების გადასატანად. ანუ უკრაინა ბელარუსის საზღვარზე მნიშვნელოვან ძალებს განათავსებს, რათა კიევზე შეტევის შესაძლებლობა არ მისცეს, რუსეთი კი მანამდე აგრესიას ყირიმიდან დაიწყებს. მსგავსი სცენარი პუტინმა 2014 წელს უკვე განახორციელა, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა.

უკრაინის მხარეს ამ რეგიონში სხვა ძალებთან ერთად თურქული Bayraktar TB2-ბიც არის განთავსებული, რომლებიც ამჟამად სადაზვერვო ფრენებს ახორციელებენ. 

მე-3 სცენარი: რუსეთი ხარკოვის ოლქის ოკუპაციას და ე.წ. ხარკოვის სახალხო რესპუბლიკის შექმნას შეეცდება

ამ ვერსიის შესახებ პირველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. The Washington Post-თვის მიცემულ ინტერვიუში მან ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთი ხარკოვის ოკუპაციას რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით განახორციელებს.

ხარკოვის აღება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ უკრაინის მიერ ამ ტერიტორიის დაკარგვა როგორც ეკონომიკაზე, ასევე თავდაცვის მრეწველობაზე უარყოფითად აისახება. ხარკოვში სატანკო ქარხნებია განთავსებული, სადაც დიდი რაოდენობით ტექნიკის წარმოება მიმდინარეობს.

სამხედრო თვალსაზრისით ხარკოვის აღება რთული იქნება. ქალაქის ფართობი საკმაოდ დიდია და იქ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუ 2014 წელს ხარკოვში „რუსული გაზაფხულის“ საკმაოდ ბევრი მოყვარული ცხოვრობდა, მას შემდეგ პრორუსულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იქ მნიშვნელოვნად შემცირდა.

სწორი ტაქტიკის შემთხვევაში ქალაქის დაცვა და რუსული ჯარისთვის დიდი ზარალის მიყენება სავსებით რეალურია.

უკრაინამ უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან 2000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები NLAW, ხოლო ერთ ასეთ კომპლექსს ერთი ტანკის განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებაში არის ტანკები, არტილერია, ქვემეხები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.

ხარკოვის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მყოფი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან.

მე-4 სცენარი: რუსეთი კიევის აღებას შეეცდება და უკრაინის ხელისუფლებაში მარიონეტულ რეჟიმს მოიყვანს

ეს სცენარი ყველაზე ფანტასტიკური ჩანს, მაგრამ ამასთანავე ის ყველაზე ტრაგიკულია, საქმე ისაა, რომ მის წარუმატებელ განხორციელებასაც კი შეიძლება არა მარტო რუსეთს და უკრაინას შორის ფართომასშტაბიან ომი, არამედ მესამე მსოფლიო ომიც გამოიწვიოს.

23 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელად დეპუტატ ევგენი მურაევის კანდიდატურას განიხილავს. ეს ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი ამ სცენარს მართლაც განიხილავს. პუტინს სჭირდება უკრაინის დედაქალაქის და სახელმწიფო ორგანოების აღება, რათა შემდეგ „სახალხო პრეზიდენტი“ გამოაცხადოს.

ამ ვერსიის სასარგებლოდ ის ფაქტი მიუთითებს, რომ რუსეთმა ბელარუსში შეიარაღებული ძალებით დატვირთული ეშელონები გადაისროლა. გარდა ამისა, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები თავად ბელარუსმაც განათავსა. ოფიციალურად ეს ერთობლივი წვრთნების ჩატარებით აიხსნება.

საერთო ჯამში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე სამხედრო განათავსა. შედარებისთვის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 200 ათასი სამხედროა. ასევე, არის სასაზღვრო ძალები, ეროვნული გვარდია და უშიშროების სამსახური (ჯამში 500 ათასი ადამიანი). რეზერვისტების გამოძახების  შემთხვევაში კი კიდევ 400 ათასი სამხედროს მობილიზებაა შესაძლებელი. მათ შორის არიან დონბასში ომის მონაწილეები, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ.

ამ ოთხი სცენარიდან (ეს ძირითადი სცენარებია, სინამდვილეში სხვა ვარიანტებიც არსებობს), შეიძლება ყველა ქაღალდზე დარჩეს, მაგრამ შეიძლება მართლაც განხორციელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული თავდასხმა მოულოდნელი არ იქნება“, - წერს რუსლან რუდომსკი.

ამავე თემაზე:

🔴 რუსეთი შეიარაღებული ძალების ნაწილს უკრაინის საზღვრიდან უკან აბრუნებს

🔴 სთხოვა თუ არა სი ძინპინმა პუტინს უკრაინასთან ომზე არ წასულიყო?

🔴 „თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობს ვეღარ მიიღებენ“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ