მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაუშვებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენა დაუშვებელია. 

👉 ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

„არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.
ამის დაშვება დაუშვებელია!

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებით.

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!
ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული“, - აცხადებს პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

20 იანვარს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.

აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. 

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან - კელი დეგნანი

აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი