მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის გადაწყვეტილება ისაუბრა და დასძინა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება, იყოს ის საკითხი, რომლის გამოც შესაძლოა, საქართველოს სამომავლოდაც ეთქვას უარი.

რამაზ საყვარელიძე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 

მისი თქმით, გარკვეული თვალსაზრისით, ევროპა მართლაც გაცილებით სუსტია, ვიდრე აშშ.

„ევროპა მართლაც გაცილებით სუსტია, ვიდრე ამერიკა. ტყუილად კი არ არის, აშშ რომ კარნახობს ევროპას ბევრ რამეს? გაიხსენეთ, პომპეო ჩამოვიდა და საქართველოს ფაქტობრივად, ამერიკული პროექტი დაუდო, ანაკლია და ა.შ. ანუ, აშშ-ს საქართველოს ინტერესი რატომ აქვს, თქვა, მაგრამ არ ჩანს, ევროპას რატომ აქვს საქართველოს ინტერესი, რეალური და პრაქტიკული ინტერესი, თორემ დემოკრატიას ყველა ითხოვს.

ამიტომ იმ ქვეყნებში და რეგიონში, რომლებსაც ძალიან შორს წასვლა უჭირთ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, არ გამოვრიცხავ ისეთი ტიპის მოტივაციის ამოტივტივებას, რომ ასეთი გეოგრაფიული ფაქტორი გონებაში ჰქონდეთ. უბრალოდ, ვთვლი, რომ მაკრონის შეცდომა თქმა იყო ამისი, თორემ ისტორიის განმავლობაში, სულხან-საბადან მოყოლებული, ისედაც არაერთხელ გვინახავს ევროპის დამოკიდებულება ამ რეგიონის მიმართ, საქართველოს მიმართ კი არა, ზოგადად“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ამბობს, რომ მოლდოვას და უკრაინას სტატუსი იმიტომ მიეცა, რომ შუაგული ევროპაა და ენანებათ. 

„მოლდოვა არის დსთ-ში და უკრაინაა დსთ-ში, კარგით რა და სერიოზულად ვლაპარაკობთ ევროპულ დამოკიდებულებაზე და კრიტერიუმებზე?! ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი რაღაც ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი გადადგეს და უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი იმიტომ, რომ უკრაინა და მოლდოვა შუაგული ევროპაა და ეს ენანებათ.

სულ არის ხოლმე რიტორიკაში ასეთი ფორმულა, შუაგულ ევროპაში რა ქნა პუტინმა. რა ქნა პუტინმა ზოგადად კი არა, შუაგულ ევროპაში მისი ნაქნარი არის თურმე სალაპარაკო. აი, ამიტომ არის, რომ 2008 წელს ყური არ შეიბერტყა არავინ და 90-იან წლებში აფხაზეთი ისე დაგვამხვეს თავზე, ყური არავინ შეიბერტყა, ყარაბაღის კონფლიქტი ისე იყო, ყური არ შეიბერტყა არავინ. არ არის რა, მათთვის აქტუალური ეს და ადამიანები არიან. ჩვენთვისაც, ბევრი რამ, რაც ჩვენი მოქმედების არეალიდან გადის და სადამდეც ხელი არ მიგვიწვდება, ბევრი რამ არ არის აქტუალური და მათთვისაც, თუ ხელი არ მოუწვდებათ, არ არის აქტუალური“, - აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

👉„ეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა“ - ბადრი ჯაფარიძე

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 „ევროინტეგრაცია „ქართული ოცნების“ ხელით დაიბლოკა“ - სანდრო რაქვიაშვილი

👉 „არც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია!“ - დიმიტრი სამხარაძე