ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას ეხმაურება. მისი თქმით, ამ შედეგით „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად გაიმარჯვა, ხოლო სტრატეგიულად დამარცხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
„როგორც ყოველთვის, „ნაცმოძრაობაში“ ჩატარებული „ტრიუკით“ ხელისუფალმა მიაღწია ტაქტიკურ გამარჯვებას, მაგრამ, ჩემი აზრით, სტრატეგიულად დამარცხდა.
ტაქტიკურ გამარჯვებას იმიტომ, რომ ისეთი „მტერი“, როგორიც ხაბეიშვილია უნდა ინატრო, პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციისა და „კეთილის ბოროტზე“ გამარჯვების დადგმისთვის.
კუნთების თამაშში ყოველთვის ის იგებს, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ კაცმა კი სხვა არაფერი იცის, და ყოველთვის „გაილახება“, თავი რომ დავანებოთ დასავლეთის მხრიდან მის მიმართ სრულიად აშკარა სკეპტიციზმს.
ხელისუფალი სტრატეგიულად დამარცხდა, რადგან „ნაცმოძრაობამ“ დაკარგა ორბიტალური მიზიდულობა და შესაბამისად, უაზრო გახადა „ოცნების“ მთავარი იარაღი - „შუას გაკრეფით“ მიღებულ ორპოლუსიანობა.
ახლა სხვა პარტიებისთვის ნაცების ძახება უკვე აბსურდია. არც არავინ ითანამშრომლებს ამ თავმჯდომარის პირობებში. შესაბამისად, ფრონტის ხაზი გაიშლება და მულტიპარტიულ ვითარებაში კარგად აპრობირებული პროპაგანდისტული მატრიცა გამოუსადეგარია“, - წერს ხუხაშვილი.
Pia.ge ხუხაშვილს დაუკავშირდა იმის შესაფასებლად, თუ როგორ იმოქმედებს ხაბეიშვილის როლი „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ წარმატებაში.
„ნაცმოძრაობა უკვე დაშლილია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხაბეიშვილი გაიმარჯვებდა თუ სხვა ვინმე, შედეგი მაინც ერთი იქნება“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 მელიტოპოლში „კადიროველებმა“ რუსი პროპაგანდისტი გააუპატიურეს
👉 ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობები დატოვეს