მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო „დიპფეიკი“? - დავით ძიძიშვილის განმარტება

დავით ძიძიშვილი

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელმა და ტელერეჟისურის სპეციალისტმა დავით ძიძიშვილმა PIA.GE-სთან მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს შესაძლო ნამდვილობასა და „დიპფეიკების“ მუშაობის პრინციპზე ისაუბრა.

მისი თქმით, „დიპფეიკით“ გაკეთებული ვიდეოს ამოცნობა ერთი შეხედვით, სპეციალური ტექნიკურ ფილტრებში გატარების გარეშე შეუძლებელია.

„ვიდეო ფაილი, რომელზეც ვამბობთ რომ „დიპფეიკია“, ცოტა რთულია ერთი შეხედვით ამოვიცნოთ მისი „დიპფეიკობა“. როგორც წესი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მიერ მოდელირებული და გენერირებული ვიდეო, რომლის მთელი არსი არის ის, რომ მისი ამოცნობა ერთი შეხედვით, სპეციალური ტექნიკურ ფილტრებში გატარების გარეშე წარმოუდგენელია. „დიპფეიკი“ არ არის მარტივი ტექნოლოგიები, მისი გაკეთება შეუძლებელია ჩვეულებრივ კომპიუტერულ პროგრამაში. საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, ხარისხიან „დიპფეიკის“ ვიდეოებზე, მას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება და ჰოლივუდურ სტუდიებსაც კი უჭირს ხშირ შემთხვევაში იმის თქმა, იყო ვიდეო „დიპფეიკი“ თუ არა“, - აცხადებს დავით ძიძიშვილი.

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელმა, დავით ძიძიშვილმა, ასევე, ვიდეო მონტაჟის ნაწილზეც ისაუბრა:

„რაც შეეხება ვიდეო მონტაჟის ნაწილს, ვიდეო მონტაჟი მარტივად დადასტურებადი ამბავია, მას სპეციალური ექსპერტიზა სჭირდება და მეტი არაფერი. ექსპერტიზის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეო არის მოდელირებული. რეალურად, ასეთი ვიდეოები არსებობს სამყაროში, არსებობს მათ შორის „დიპფეიკით“ გაკეთებული ვიდეოები, დაახლოებით 8 წელია ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებით დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნების სტუდიებით დამთავრებული იმაზე, რომ „დიპფეიკები“ იყოს გამართული“, - ამბობს სპეციალისტი.

დავით ძიძიშვილმა, ასევე, „დიპფეიკების“მუშაობის პრინციპზეც ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ მუშაობს მსგავსი პროგრამები:

„დიპფეიკების მუშაობის პრინციპი მარტივია. როგორც წესი, ასეთი პროგრამები შემდეგნაირად მუშაობს: ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ვიდეო ფაილებს, ფოტოებს და ხმას, რომელიც რეალურად არსებულ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის და მისი მეშვეობით იგი უბრალოდ აკეთებს გენერირებას კონკრეტული კომპიუტერული კოდისა, რომელიც მერე ვიდეოფაილი ხდება. ნებისმიერი ფაილი, რომელიც კომპიუტერში ინახება, ინახება ძალიან მარტივი ბანალური კოდების საშუალებით. შესაბამისად ვიდეოს გენერირება ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. თუმცა, ამ კონკრეტულ ვიდეოზე ამას ვერ ვიტყვით, ახლა და ვერ ვიტყვით, ვერც ხვალ, ზეგ, ამას საკმაოდ დიდი და მოცულობითი ანალიზი სჭირდება. რეალურად არც ის ვიცი, აქვს თუ არა საქართველოს სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში „დიპფეიკ“ ვიდეოებს ანალიზი გაუკეთოს. არსებობს დამონტაჟებული ვიდეოები, ამ ვიდეოების გამოყენება ყველას შეგვიძლია და ყველამ იცის, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ვისაც ოდნავ ხელი მიუწვდება ასეთ ტექნოლოგიებთან“, - განაცხადა დავით ძიძიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, მსოფლიო მედია ეხმაურება: „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

ამავე თემაზე:

ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ - ლევან ნიკოლეიშვილი

სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია - დიმიტრი პესკოვი

⭕„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

⭕„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ