მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 65 ბავშვია კორონავირუსით მოთავსებული“- დავით რეხვიაშვილი

დავით რეხვიაშვილი
1625836445
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ჩვილების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, 3 მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვიდან, როგორც აქამდე იყო ცნობილი, ერთ ჩვილს კორონავირუსის დელტა, ხოლო მეორეს ალფა შტამი აქვს. რაც შეეხება მესამე ჩვილს, კვლევის პასუხები ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მასთან ინდური შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ არის.

„არ არის მკვეთრად გამოხატული, რომ ეს არის ინდური შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომ-კომპლექსი, ჩვენი აზრით, ეს არის ტიპური კოვიდინფექცია, თუმცა სიმპტომები, რომელიც მკვეთრად განასხვავებს მით უმეტეს ახალშობილებში ამ 2 შტამს ერთმანეთისგან, ალბათ, არაა და ძნელია ამის მტკიცება.

მივაღწიეთ სტაბილურობას და არ მიდის გაუარესება. სამივეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სამივე ახალშობილის ანამნეზს თუ გადავხედავთ, არაა დატვირთული ანამნეზი და ვერ დავაბრალებთ, რომ თანმხლები ან ქრონიკული დაავადების გამოა მძიმე მდგომარეობა,“ - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, მის საავადმყოფოში მოთავსებულია 65 ბავშვი COVID 19-ის ვირუსით და მათგან 25-მდე არის 2 თვემდე ასაკის.

„ჩვენ კლინიკაში წევს 90-ზე მეტი პაციენტი, აქედან 65 არის ბავშვი და აქედან კიდევ შემიძლია დავაზუსტო 25-მდე არის 2 თვემდე ასაკის. დანარჩენ სულ ყველასთან დაავადება მიდის მსუბუქად.

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ მცირე ასაკი არ ნიშნავს, აუცილებლად იმას, რომ ყველასთან ასეთი მძიმე მიმდინარეობით წავა. რაც კოვიდინფექცია განვითარდა ქვეყანაში, სუნთქვით მხარდაჭერაზე არ გვყოლია პაციენტი ბავშვები და ეს პირველი შემთხვევებია.

ამ ეტაპზე ჰიბრიდული სისტემით 135 საწოლია გამოყოფილი კოვიდპაციენტებისთვის, თუმცა კლინიკაში მთლიანობაში 175 საწოლია, რომელიც შესაძლებელია, სრულად კოვიდპაციენტების მომსახურებაზე გადავიდეს. ამჟამად 50%-ია დატვირთული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეანიმაცია აქვს ჩვენს კლინიკას ბავშვთა მიმართულებით,“ - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1108 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, ხოლო 714 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 374836-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5421 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 357804 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,64%, ბოლო 14 დღის - 3,47%, ბოლო 7 დღის - 3,89%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅როდის ამოქმედდება კოვიდპასპორტი საქართველოში?

✅იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება? - გამყრელიძის განმარტება

✅Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზის დამტკიცებას გეგმავს