მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს 29 ოქტომბერს გააცნო.

„როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა, აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.

ჩამოვედი საქართველოში ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველების დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევანზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემოქმედებისკენ.

პირველ ტურში, ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიციური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ, მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და გამარჯვებული ხვალის იმედი.

გთხოვთ დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავ, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ასევე, მინდა გთხოვთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა ერთად დავიცვათ ხმები. ივანიშვილს უნდა რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს. თქვენ ხელშია ახლა საქართველოს ბედი და ჩემი ბედიც.

ღრმად მწამს გამარჯვების, გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - კელი დეგნანი

🔴 „მივმართავ ივანიშვილს“ - სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

🔴 გლდანის ციხეში არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ - უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე

🔴 „დღევანდელ შეკრებაზე პროვოკაციები იქნება, ეცდებიან დაძაბულობის ფონი შექმნან“ - მამუკა მდინარაძე

🔴„სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული“ - ლიზა იასკო